გთავაზობთ გასული კვირის (12-18 ივნისი) მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოვლენებს.
1) ეროვნული ბანკის კანონზე პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
ეროვნული ბანკის შესახებ პრეზიდენტმა ვეტო 23 თებერვალს დაადო. სალომე ზურაბიშვილი განმარტავდა, რომ "ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებები არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებული არ იყო. ვეტოს დაძლევით კი პარლამენტმა მხარი დაუჭირა ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანას. ამ ცვლილებით, სებ-ში გაჩნდება პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, რომელიც სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობას შეასრულებს. ამასთან, იქამდე სანამ ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს არ გაუვა უფლებამოსილების ვადა, დროებით შემოდის დათქმა, რომ ვიცე-პრეზიდენტების რაოდენობა სამის ნაცვლად, იქნება ოთხი და მათ შორის ერთი პირველი ვიცე-პრეზიდენტი იქნება. უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.
2) უნდა გადავდგათ ყველა ნაბიჯი, რათა IMF-ის პროგრამის მიმდინარეობა შევინარჩუნოთ - არჩილ მესტვირიშვილის განცხადება
“მე თუ მკითხავთ, ჩვენ უნდა გადავდგათ ყველა ნაბიჯი, რათა სავალუტო ფონდის პროგრამის მიმდინარეობა შევინარჩუნოთ,”- ასე უპასუხა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მესტვირიშვილმა BMG-ის კითხვას სავალუტო ფონდის პროგრამის შესახებ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი პარლამენტს მოუწოდებდა არ დაძლეულიყო ეროვნული ბანკის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტო. რამდენიმე დღის წინ IMF-ის მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა BMG-სთვის მოწოდებულ პასუხში აღნიშნა, რომ სავალუტო ფონდი პარლამენტის გადაწყვეტილებით გაოგნებული იყო. უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.
3) ვენეციის კომისია აცხადებს, რომ საქართველომ დეოლიგარქიზაციის კანონი არ უნდა მიიღოს
ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა. ორგანიზაციის საბოლოო დასკვნა "ქართული ოცნების" მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ნეგატიურია. ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ საქართველომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი არ უნდა მიიღოს. ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მსგავსი კანონმდებლობა, შესაძლოა, ხელისუფლების მხრიდან ოპონენტების შეზღუდვისთვის იყოს გამოყენებული. უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.
4) დარჩება თუ არა დეოლიგარქიზაციის რეკომენდაცია 12 პუნქტში - ევროკომისიის პასუხი
ევროკომისიის განცხადებით, დეოლიგარქიზაცია საქართველოს 12-პუნქტიან რეკომენდაციებში დარჩება. თუმცა "ნეტგაზეთისთვის" ევროკომისიიდან გამოგზავნილ წერილობით პასუხში ნათქვამია, რომ დეოლიგარქიზაციის მისაღწევად პერსონალურის ნაცვლად საქართველომ სისტემური მიდგომა უნდა გამოიყენოს. ევროკომისია კიდევ ერთხელ აზუსტებს, რომ საქართველოს მოეთხოვება დეოლიგარქიზაცია განახორციელოს: ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში გადაჭარბებული პირადი ინტერესების და გავლენის აღმოფხვრის გზით. ამასთან, ევროკომისია ხაზს უსვამს, რომ ყველა ნაბიჯი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულ შესრულებას საჭიროებს. უფრო ვრცლად წაიკიხეთ ბმულზე.
5) მაისში ფულადი გზავნილების სახით 385 მილიონი დოლარი შემოვიდა, კლება 24%-ია
2023 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 384.9 მლნ აშშ დოლარი (975.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 23.9%-ით (120.8 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. გზავნილების კლება პირველ რიგში რუსეთის ფედერაციიდან გადმორიცხვების შემცირებას უკავშირდება. მაისში რუსეთიდან სულ 155 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წელთან შედარებით 51%-ით ნაკლებია. მეორე ადგილზეა იტალია, საიდანაც წინა თვეში 44 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, საიდანაც გზავნილები წლიურად 20%-ით არის მომატებული. მესამე ადგილს 38 მილიონის გზავნილებით ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს. უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.
6) ეროვნული ბანკის საბჭოში კანდიდატებად პრეზიდენტმა გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე წარადგინა
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის 2 ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად შემდეგი კანდიდატურები წარუდგინა: ეროვნული ბანკის საბჭოს მრჩეველი, გიორგი ბაქრაძე ილიაუნის ეკონომიკის პროფესორი, დიმიტრი ჯაფარიძე შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრებები 10 აპრილს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა, თუმცა მას შემდეგ საკითხი შეჩერდა და რამდენიმეკვირიანი სიჩუმის შემდეგ მოულოდნელად, „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა განცხადება, რომ პარტია „ეროვნული ბანკის“ შესახებ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს დაძლევდა. უფრო ვრცალდ წაიკითხეთ ბმულზე.
7) მსოფლიო ბანკის შეფასება ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესახებ ცვლილებებთან დაკავშირებით:
“არ ვიცით, საჭირო იყო თუ არა ეს საკანონმდებლო ცვლილებები, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ ეროვნული ბანკი ეფექტიან და დამოუკიდებელ უწყებად დარჩება”, - ასე პასუხობს საქართველოში მსოფლიო ბანკის პროგრამის ლიდერი, მიგელ ედუარდო სანჩეს მარტინი bm.ge-ს მიერ ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შესული ცვლილებების თემაზე დასმულ შეკითხვას. უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.
8) Wizz Air-ი საქართველოში ბაზირებულ თითოეულ თვითმფრინავზე აეროპორტების გაერთიანებისგან 4 მილიონ ევროს მიიღებს
მთავრობამ აეროპორტების გაერთიანებისთვის საქონლისა და მომსახურების შესყიდვის წესში ცვლილება დაამტკიცა. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული ცვლილებით, განისაზღვრა Wizz air-ისთვის გადასახდელი თანხა, რაც თითოეული ბაზირებული ხომალდისთვის სამი წლის განმავლობაში, არაუმეტეს 4 მლნ ევროს გადახდას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე უნგრულ ბიუჯეტურ ავიაკომპანიას ქუთაისის აეროპორტში 3 ბაზირებული ხომალდი ჰყავს და მეოთხე ხომალდის დამატება წლის ბოლოსთვის აქვს დააანონსებული. შესაბამისად, ამ დათქმებით, სამი წლის განმავლობაში კომპანია აეროპორტების გაერთიანებისგან არაუმეტეს 4 მლნ ევროს მიიღებს, დღგ-ის გარეშე, გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის შესაბამისად. უფრო ვრცლად წაიკითხეთ.
9) გარემოს ეროვნულმა სააგენტომ „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ კუნძულის მოწყობის პროცედურა შეუჩერა
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ ხელოვნური კუნძულის მოწყობის სამუშაოების ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული. სააგენტოში განმარტავენ, რომ სკოპინგის დასკვნის მიღების მიზნით სააგენტოში წარდგენილი იქნა - შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ, ქ.ბათუმში, ხელოვნური კუნძულის მოწყობის სკოპინგის ანგარიში. „გაცნობებთ, რომ 2023 წლის 15 ივნისის N 21/4603 წერილის საფუძველზე ზემოაღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში. უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.
10) საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, შესრულებული ვალდებულებები შედეგს მოიტანს - ევროკომისარი
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ბელგიაში, კულტურის საერთაშორისო ფესტივალის - "ევროპალიისა" და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას ირაკლი ღარიბაშვილის პრესსამსახური ავრცელებს. მისივე თქმით, საქართველოს მიერ შესრულებული ვალდებულებები ობიექტურად იქნება შეფასებული და შედეგებს მოიტანს. უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.