მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები

64b3dbcb6c754
შოთა ტყეშელაშვილი
16.07.23 15:58
1581
გთავაზობთ გასული კვირის (10-16 ივლისის) მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოვლენებს

1. გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ “მტკვარი ჰესთან” დაკავშირებითაც აქვს ბიძინა ივანიშვილს კითხვები

გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ, შესაძლოა, ბრალი დამძიმდეს, საქმე “თანაინვესტირების ფონდის” პროექტ “მტკვარი ჰესს” შეეხება. ბიძინა ივანიშვილის იურისტის, თემო წიქვაძის განცხადებით, საქმე პროექტის გაჭიანურებას და მისი ბიუჯეტის $100 მილიონით გაზრდას შეეხება, რის გამოც ბიძინა ივანიშვილი ვარაუდობს, რომ გიორგი ბაჩიაშვილის მხრიდან მოხდა დიდძალი ოდენობით თანხების არამიზნობრივად გახარჯვა და გაფლანგვა. ექსპრემიერის ადვოკატის განცხადებას დღესვე გამოეხმაურა თავად თანაინვესტირების ფონდიც, სადაც აცხადებენ, რომ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებული მასალები უკვე პროკურატურას მიაწოდეს და გამოძიებასთან თანამშრომლობენ. უფრო ვრცლად წაიკითხეთ.

2. 40-წლიან პრაქტიკაში არ მახსენდება ასეთი დაუსაბუთებელი სარჩელი - ბაჩიაშვილის ადვოკატის განცხადება

“საერთაშორისო სამართალში ჩემი 40 წელზე ხანგრძლივი პრაქტიკის განმავლობაში, მე არ მახსენდება ასეთი არარსებული და დაუსაბუთებელი სარჩელი წაეყენებინოთ,”- წერს გიორგი ბაჩიაშვილის უფლებადამცველი რობერტ ამსტერდამი. ის აღნიშნავს რომ, განცხადება რომელიც ივანიშვილის ადვოკატმა თეიმურაზ წიქვაძემ გაავრცელა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. უფრო ვრცლად იხილეთ ბმულზე.

3. საქართველოსა და სომხეთს შორის პირადობის მოწმობით მიმოსვლა უკვე შესაძლებელია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძალაში შევიდა შეთანხმება „საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქალაქეთა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ“, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მიერ, ხელი მოეწერა ქ. ერევანში, 2023 წლის 12 იანვარს.

4. “საქართველოს კაპიტალი” ადგილობრივ საფონდო ბაზარზე $150-მილიონიან ობლიგაციებს განათავსებს

საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო პლატფორმა, სს „საქართველოს კაპიტალი“ ადგილობრივ ბაზარზე 150 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის მდგრადობასთან დაკავშირებული, 5 წლიანი ობლიგაციების საჯარო გამოშვებას იწყებს. ობლიგაციების მეშვეობით მოზიდული სახსრების ძირითადი ნაწილი, კომპანიის მიერ უკვე მობილიზებულ ლიკვიდურ სახსრებთან ერთად, მოხმარდება არსებული ევროობლიგაციების რეფინანსირებას. აღნიშნულის შემდეგ, კომპანიის მთლიანი ვალი შემცირდება მიმდინარე 300 მილიონი აშშ დოლარიდან 150 მილიონ აშშ დოლარამდე.

5. საქართველოს ავიაციის სექტორის შედეგები - 6 თვეში აეროპორტებმა 2.48 მლნ მგზავრი მიიღეს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში ქვეყნის აეროპორტები ჯამში 2 485 263 მგზავრს მოემსახურნენ, რაც 45%-ით აღემატება 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას. ამასთან, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში აეროპორტებში დაფიქსირებული მგზავრთნაკადი, 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს ფაქტობრივად გაუტოლდა. უფრო დეტალურად, კონკრეტული აეროპორტების შედეგები იხილეთ ბმულზე.

6. საქართველოს ეკონომიკის ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი IT-ია - პირველ კვარტალში შემოსავალი $231 მლნ-ია

დღეს საქართველოს ეკონომიკის ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი კომპიუტერული მომსახურების გაწევაა. ეროვნული ბანკის თანახმად, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველომ პროგრამული უზრუნველყოფების შექმნით და კომპიუტერული სერვისების მიწოდებით $231 მილიონის შემოსავალი მიიღო. ეს წინა წლის ანალოგიური პერიოდის შედეგს 322%-ით აღემატება. უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.

7. დავით სერგეენკო დეპუტატის მანდატს ტოვებს

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით სერგეენკო პარლამენტს ტოვებს.

შეგახსენებთ, დავით სერგეენკო საპარლამენტო საქმიანობაში მას შემდეგ აღარ არის ჩართული აქტიურად, რაც პარლამენტმა "გავლენის აგენტების შესახებ" კანონპროექტი მიიღო, ხოლო მოგვიანებით ჩააგდო.

8. ინტერვიუ გიორგი ბაჩიაშვილის იურისტ რობერტ ამსტერდამთან

BMG-იმ გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატთან, Amsterdam & Partners-ის მმართველ პარტნიორთან რობერტ ამსტერდამთან ინტერვიუ ჩაწერა.

„ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონი ლარის გირაო აქვს შეფარდებული.

რობერტ ამსტერდამი ამბობს, რომ ამ დავას შინაარსი არ გააჩნია, რადგან ის მთლიანად მართულია ბიძინა ივანიშვილის ‘სატელეფონო სამართლით’ და კონსპირაციების თეორიებში რწმენით.

ინტერვიუში ამსტერდამი დეტალურად ხსნის თუ რატომ მიაჩნია დაცვის მხარეს, რომ გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალი პოლიტიკური მოტივებით არის განპირობებული. სრულად ინტერვიუ იხილეთ ბმულზე.

9. თბილისიდან ჩრდილოეთით მიმავალ გზაზე ავტობანი აშენდება

საქართველოს მთავრობა ჩრდილოეთი-სამხრეთის მაგისტრალის განვითარებას აქტიური ნაბიჯებით გეგმავს - საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა 12-მილიონიანი ტენდერი, რომლითაც თბილისი-ნატახტარის გზის მოდერნიზაცია იგეგმება.

გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად, ამჟამად არსებული ორზოლიანი გზა ვერ პასუხობს საერთაშორისო და ადგილობრივ მოთხოვნას, რის გამოც საჭიროა მომზადდეს ამ მონაკვეთის სრული რეაბილიტაციის ტექნიკურ-ეკონომიკური და საინჟინრო კვლევები.

სატენდერო აღწერაში ნათქვამია, რომ ამ მაგისტრალზე ნაკადების მატება მთავრობის “წარმატებული შიდა და საგარეო პოლიტიკის შედეგია” და რომ აქ ავტობანის მშენებლობა აუცილებელია. ამავე განაცხადის თანახმად, ამ გზას ტექნიკური პარამეტრებიდან გამომდინარე დღე-ღამეში 40,000 ავტომობილის გატარება შეუძლია, მაშინ როდესაც მას ფაქტობრივად უკვე 72 ათას მანქანას ატარებს. უფრო ვრცლად წაიკითხეთ.

10. საქართველოში ნავთობის მომპოვებელი Block Energy მოპოვების ზრდაზე აცხადებს

კომპანია Block Energy-მ, რომელიც საქართველოში რამდენიმე სალიცენზიო ბლოკზე, ნავთობისა და გაზის ძებნა/მოპოვებას ახორციელებს, წარმოების გაზრდაზე აცხადებს. კომპანიამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტორებისთვის მეორე კვარტლის ანგარიში წარადგინა, რომლის მიხედვითაც, აპრილ-ივნისში 60 400 ეკვივალენტი ბარელი ნავთობისა და გაზის მოპოვება მოხდა, მათ შორის, 48 500 ბარელი ნავთობი და 11 900 ბარელი ნავთობის ეკვივალენტი გაზი იყო. აღსანიშნია, რომ მოპოვება პირველ კვარტალთან შედარებით, 1.6-ჯერ არის გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები