მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები - 1-7 დეკემბერი

ბათუმის ნავთობტერმინალი

გთავაზობთ გასული კვირის (1-7 დეკემბრის) მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში.

ბათუმის ნავთობტერმინალის სამი მენეჯერი განუბაჟებელი ნავთობის საქმეზე დააკავეს

3 დეკემბერს, საგამოძიებო სამსახურმა, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნავთობის საბაჟო წესების გვერდის ავლით განკარგვის ფაქტზე ყაზახეთის 3 მოქალაქე დააკავა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ხელმძღვანელმა პირებმა ტერმინალის რეზერვუარებში არსებული 10 000 ტონაზე მეტი განუბაჟებელი ნედლი ნავთობი, რომლის ღირებულება 15 მილიონ ლარს აღემატება, საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით და მისგან მალულად განკარგეს. საქმეს სამართლებრივი კვალიფიკაცია ეძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ნავთობტერმინალი ოპერირებას განაგრძობს.

ნოემბერში ინფლაციამ 4.8% შეადგინა

ნოემბერში საქართველოში წლიური ინფლაცია 4.8%-ს შეადგენდა. საქსტატის თანახმად, ფასების ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის ჯგუფმა იქონია, სადაც ფასები წლიურად 10.3%-ით არის გაზრდილი. ასევე, 8%-ით გაიზარდა ფასები ჯანდაცვის სექტორში. ნოემბერში ინფლაცია წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა, თუმცა ის კვლავ სებ-ის სამიზნე 3%-ს აღემატება. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.48 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (16.9 პროცენტი), თევზეული (15.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (14.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (13.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (12.0 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (11.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (8.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (8.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (6.5 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (5.1 პროცენტი).

უმაღლეს სასწავლებლებში საგრანტო დაფინანსება უქმდება, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სტუდენტებისთვის უფასო იქნება

2026-2027 წლიდან უმაღლესი განათლების დაფინანსების წესი იცვლება. "ქართული ოცნების" მთავრობის მიერ წარდგენილი ცვლილებების მიხედვით, ახალი მოდელი ასე ჩამოყალიბდება:

  • სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სტუდენტებისთვის იქნება უფასო, უნივერსიტეტები ბიუჯეტიდან მიიღებენ დაფინანსებას.
  • კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სტუდენტებს სახელმწიფო გრანტი აღარ მიეცემათ.

დღევანდელი სისტემა აბიტურიენტებს საშუალებას აძლევს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით მიღებული გრანტი გამოიყენონ როგორც საჯარო, ისე კერძო უნივერსიტეტში. მაქსიმალური გრანტი ბაკალავრიატზე 2250 ლარია, ანუ 100%-იანი დაფინანსების შემთხვევაში. ამას გარდა, გაიცემა 70%-ის და 50%-ის გრანტებიც.

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით 31,700 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, საიდანაც სახელმწიფო გრანტი 7,300-მა პირველკურსელმა მიიღო, საგრანტო ბიუჯეტი კი 11 მილიონი ლარი იყო. აქედან 2,584 სტუდენტი კერძო სასწავლებელში ჩაირიცხა, რომელთა ჯამური საგრანტო დაფინანსებაც 3.7 მილიონი ლარი იყო.

"Eagle Hills საქართველოს" 33.33%-იანი წილი სახელმწიფოს ოფიციალურად გადაეცა, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში მთავრობამ წევრები დანიშნა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ასევე ეკონომიკის სამინისტროს სსიპ "აწარმოე საქართველოში" დირექტორის მოადგილე თორნიკე ზირაქიშვილი "იგლ ჰილს საქართველოს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად დაინიშნენ. შესაბამისი გადაწყვეტილება კომპანიის დამფუძნებელმა აქციონერმა, მოჰამედ ალაბარმა მიიღო. აღნიშნული შესაძლებელი გახადა მეწარმეთა კანონში გასულ კვირაში შეტანილი ცვლილებით, რომლითაც საჯარო მოხელეებს უფლება მიეცათ დაიკავონ ისეთი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობა, სადაც სახელმწიფო აქციათა 50%-ზე ნაკლებს ფლობს. ასევე, განახლდა Eagle Hills საქართველოს წესდება, სადაც ასახულია კომპანიის სააქციო კაპიტალის ცვლილება და მისი 33.33%-ის სახელმწიფოსთვის გადაცემა. გარდა ირაკლი ნადარეიშვილისა და თორნიკე ზირაქიშვილისა, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში არიან: მოჰამედ ალი რაშედ ალაბბარი; რაშიდ მოჰამედ ალი რაშედ ალაბბარი; ჰიშამ მოჰამედ იბრაჰიმ სოლიმანი.

ევროკომისიამ შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტი ორმხრივი ინტერესების პროექტების სიაში შეიყვანა

2025 წლის 1 დეკემბერს, ევროკომისიამ მიიღო დელეგირებული მარეგულირებელი აქტი და შესაბამისად გამოაქვეყნა საერთო და ორმხრივი ინტერესების პროექტების ჩამონათვალი, რომელშიც შეიყვანა შავი ზღვის კაბელის პროექტი.

"ამ გადაწყვეტილებით პროექტს გაუჩნდება წვდომა ევროკავშირის სპეციალურ საგრანტო დაფინანსების ინსტრუმენტებთან, რომელიც დაკავშირებადობის ხელშესაწყობად საერთო და ორმხრივი მნიშვნელობის პროექტებს აფინანსებს. აღნიშნულის გარდა, ორმხრივი მნიშვნელობის პროექტის სტატუსი უაღრესად მნიშვნელოვანი რეპუტაციული ბენეფიტი იქნება პროექტისთვის ბიზნესს და საინვესტიციო მოდელის ჩამოყალიბების კუთხით", - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ითვალისწინებს ციფრული და წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები. პროექტის ფარგლებში აშენდება დაახლოებით 1155 კმ სიგრძის (1115 კმ წყალქვეშა კაბელი და 40 კმ სახმელეთო), 1300 მეგავატი სიმძლავრის წყალქვეშა კაბელი.

საქართველომ აზერბაიჯანისგან ბუნებრივი აირის მიღების ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები უნდა გამართოს

"ქართული ოცნების" მთავრობაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამხრეთის გაზის დერეფნის შესახებ BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან არსებული ხელშეკრულება დამატებითი გაზის (წლიურად 0.5 მლრდ კუბური მეტრის) მოწოდებაზე 2026 წლის ბოლომდე არის ძალაში, ხოლო განახლებული პირობების შესახებ მთავრობა მოლაპარაკებებს გამართავს.

„მომავალი წლის ბოლომდე ძალაშია ეს ხელშეკრულება. ბუნებრივია, გვექნება მოლაპარაკებები აზერბაიჯანულ მხარესთან და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მეგობრობიდან გამომდინარე, ეს მოლაპარაკებები ძალიან კონსტრუქციულ და მეგობრულ რეჟიმში წარიმართება. დაველოდოთ მოლაპარაკებების შედეგებს. არასწორი იქნება ჩვენი მხრიდან შედეგებზე წინასწარ საუბარი. ჩვენ მეგობრულ რეჟიმში გვექნება კონსულტაციები და იმედი გვაქვს, რომ სათანადო გარიგება შედგება ორ ქვეყანას შორის“, - განაცხადა პრემიერმა.

BP ბაქო-სუფსისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენების ოპერატორი აღარ იქნება

BP (British Petroleum Company) ბაქო-სუფსა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ოპერატორის როლის გადაცემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს. აღნიშნულის შესახებ BMG-ის კომპანიის საქართველოს წარმომადგენლობაში განუცხადეს. შესაბამისად, BP ბაქო-სუფსისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენების ოპერატორი აღარ იქნება. კომპანიაში აცხადებენ, BP-ის არსებული კონტრაქტების ფარგლებში, შესაბამის მხარეებთან მილსადენების სისტემის ოპერატორის როლის გადაცემასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები მოიცავს: ბაქო-სუფსის საქართველოში მდებარე მოწყობილობების დაბრუნებას საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისთვის ან მის მიერ დასახელებული ოპერატორისთვის; ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მენეჯერისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ასევე SCP-ის (სამხრეთ კავკასიური მილსადენი) ზოგადი ოპერატორის როლების გადაცემა SOCAR Midstream-ისთვის.

საქართველოში Starbucks-ი შემოდის

საქართველოს ბაზარზე Starbucks შემოდის. როგორც BMG-ისთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. საქართველოში მისი ოპერატორი ახლო აღმოსავლეთისა და თურქეთის რეგიონში Starbucks-ის ფრენჩიზის მფლობელს, ქუვეითურ კონგლომერატ Alshaya group-ს შემოჰყავს, უშუალოდ საქართველოს ბაზარზე კი მის ოპერირებაზე თურქეთის ოფისი იქნება პასუხისმგებელი. თავად თურქეთში Alshaya Group-ი Starbucks-ის 685 ობიექტს მართავს. BMG-ის ინფორმაციით, კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლობა თბილისში რამდენჯერმე იმყოფებოდა, მიმდინარე კვირის განმავლობაში საბოლოო დეტალების დასაზუსტებლად ბრენდის ოფიციალურ წარმომადგენლებს ელოდებიან. პირველ ეტაპზე ბრენდი ობიექტებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გახსნის, 7-8 წლიან პერსპექტივაში საუბარია მთელი საქართველოს მასშტაბით 50-მდე ფილიალის გახსნაზე. BMG-ის ინფორმაციით, პირველი ფილიალი თბილისში, ვაკეში 2026 წლის მარტში გაიხსნება. Starbucks ქსელური რესტორნის გახსნა იგეგმება „თბილისი აუთლეტ ვილიჯშიც.“ კომპანია „ჯორჯიან აუთლეტს ენდ რიზორთს გრუპის“ მეწილე და მმართველი პარტნიორი გუგა ცანავა BMG-თან ადასტურებს, რომ ბრენდთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები