მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში - 12-18 იანვარი

ქვრივიშვილი

გთავაზობთ 12-18 იანვრის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში.

$150-მილიონიანი ინვესტიციით თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გაფართოვდება

TAV Airports-მა საქართველოს მთავრობასთან გააფორმა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც თბილისის აეროპორტის ტერმინალის წლიური გამტარუნარიანობა გაიზრდება 10 მილიონ მგზავრამდე. კომპანია 150 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, კონცესიის, ანუ აეროპორტის მართვის უფლების ვადა კი 2031 წლის ბოლომდე გახანგრძლივდება.

ფრანგული საავიაციო ჯგუფის, Groupe ADP-ის წევრმა TAV Airports-მა სახელმწიფო კომპანია საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან (UAG) შეთანხმება გააფორმა, რომელშიც აღნიშნულია, რომ თბილისის აეროპორტის განვითარების მომდევნო ეტაპის განხორციელებისთვის კომპანია 150 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს. შეთანხმება მოიცავს კონცესიის ვადის გაგრძელებას და ყოვლისმომცველ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობის ზრდას და ოპერაციული ეფექტიანობისა და მგზავრთა საერთო გამოცდილების გაუმჯობესებას. ეკონომიკის მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, განახლებული პირობებით საქართველოს აეროპორტების გაერთიანება თბილისის აეროპორტიდან სამჯერ გაზრდილ შემოსავალს მიიღებს.

2025 წელს საქართველომ 7.8 მილიონი ვიზიტორი მიიღო, აქედან ტურისტი 5.5 მილიონი იყო - ზრდა 8.4%-ია

2025 წლის განმავლობაში საქართველოს 7.8 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2024 წელთან შედარებით 5.9%-ით არის გაზრდილი, საიდანაც 5.5 მილიონი ვიზიტი უშუალოდ ტურისტულ ვიზიტს წარმოადგენდა, რაც წლიურად 8.4%-ით არის გაზრდილი. ქვეყნების ტოპ ხუთეული ასე ნაწილდება:

# ქვეყანა ვიზიტების რაოდენობა წლიური ცვლილება
1 რუსეთი 1,579,764 ვიზიტი; 11.1%
2 თურქეთი 1,248,881 ვიზიტი; -6.6%
3 სომხეთი 948,242 ვიზიტი; 0.0%
4 ისრაელი 402,426 ვიზიტი; 29.4%
5 აზერბაიჯანი 292,149 ვიზიტი; 33.2%

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკის მიხედვით, ტურისტული ქვეყნების ათეულში ევროკავშირის არცერთი წვერი ქვეყანა არაა.

Galt & Taggart-ის შეფასებით, 2025 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.6 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც წლიურად 4.9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2025 წელს საქართველოს ექსპორტი 7.3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა - ზრდა 11%-ია

საქსტატმა 2025 წლის საგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ წელს საქართველოს ექსპორტი 11.2%-ით, 7.3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. უშუალოდ დეკემბერში კი ექსპორტი 22.5%-ით, 673 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ჯერჯერობით აღნიშნული მონაცემები დეტალიზებული სახით წარმოდგენილი არაა და მას საქსტატი 20 იანვარს გამოაქვეყნებს, შესაბამისად ცნობილი გახდება თუ რა საქონლის ექსპორტი გაიზარდა.

რაც შეეხება იმპორტს, ის 18.5 მილიარდი დოლარი იყო, რაც წლიურად 9.7%-ით არის გაზრდილი. დეკემბერში კი იმპორტი 1.84 მილიარდი დოლარი იყო, რაც 8.5%-ით არის გაზრდილი. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წელს 11.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.5%-ია. შედარებისთვის, 2024 წელს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ბრუნვის 44% იყო.

დეკემბერში საქართველოში 337.9 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილები შემოვიდა

2025 წლის დეკემბერში ქვეყანაში ფულადი გზავნილების სახით 337,9 მლნ დოლარი (912.1 მლნ ლარი) გადმოირიცხა. წლიური ზრდა 18.4% ანუ 52.6 მლნ დოლარია.

დეკემბერში ყველაზე მეტი გზავნილი შემდეგი ქვეყნებიდან შემოვიდა:

  1. აშშ - $63.7 მლნ, წილი - 18.8%, ზრდა - 15.1%;
  2. იტალია - $58.6 მლნ, წილი - 17.3%, ზრდა - 15.2%;
  3. რუსეთი - $43.4 მლნ, წილი - 12.8%, ზრდა - 39.1%;
  4. გერმანია - $30.2 მლნ, წილი - 8.8%; ზრდა - 27.9%;
  5. საბერძნეთი -$27.5 მლნ, წილი - 8.1%; ზრდა - 15.3%.

2025 წელს სახელმწიფო ვალი 703 მილიონი დოლარით, 9.3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა

ფინანსთა სამინისტრომ 2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით სახელმწიფო საგარეო ვალის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის საგარეო ვალი 9.3 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც წლიურ ჭრილში 703 მილიონი დოლარით არის გაზრდილი. ვალის ზრდა დაკავშირებულია ახალი სესხების აღებასთან, რომელთა შორისაც უმსხვილესი აზიის განვითარების ბათუმი-სარფის $360 მლნ დოლარის შეთანხმებაა. ასევე ვალის ზრდაზე გავლენა მოახდინა აშშ დოლარისა და ევროს კურსის ცვლილებამ. საქმე ისაა, რომ საქართველოს საგარეო ვალის 2/3 ევროში არის ნომინირებული, ხოლო 2025 წელს ევრო მკვეთრად გამყარდა, თუკი წინა წელს ერთი ევრო 1.04 დოლარი ღირდა, წელს ის 1.18 დოლარს შეადგენს, რაც დოლარში საქართველოს ვალის ნაშთის მოცულობასაც ცვლის.

კრედიტორთა შორის პირველ ადგილს აზიის განვითარების ბანკი იკავებს 2.56 მილიარდი დოლარით, მეორე პოზიციაზეა მსოფლიო ბანკი 2.3 მილიარდი დოლარით, მესამეზე კი ევროპის საინვესტიციო ბანკი 1.2 მილიარდი დოლარით.

მსოფლიო ბანკი 2026 წელს საქართველოში 5.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის, „გლობალური ეკონომიკური პერსპექტივები 2026“ თანახმად, საქართველოს ეკონომიკა კავკასიისა და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებთან ერთად ინარჩუნებს მყარ ეკონომიკურ დინამიკას, თუმცა რეგიონული და გლობალური ფაქტორების გავლენით 2025 წელთან შედარებით ზრდის ტემპის გარკვეული შემცირებაა მოსალოდნელი. 2025 წელს მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველოს ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა, 2026 წელს კი 5.5%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი. ზრდის ეს პროგნოზი 0.5 პროცენტული პუნქტით უფრო მაღალია ვიდრე საქართველოს მთავრობის პროგნოზი, რადგან 2026 წლის ბიუჯეტი 5%-იან ზრდაზე არის დაგეგმილი.

2026 წელს მსოფლიო ბანკის პროგნოზები რეგიონის ქვეყნებისთვის ასე ნაწილდება:

  • საქართველო - 5.5%-ის ზრდა;
  • სომხეთი - 4.9%-ის ზრდა;
  • აზერბაიჯანი - 1.8%-ის ზრდა;
  • თურქეთი - 3.7%-ის ზრდა;
  • უკრაინა - 2%-ის ზრდა;
  • რუსეთი - 0.8%-ის ზრდა;
  • ყაზახეთი - 4.5%-ის ზრდა.

აშშ-მა საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერა

2025 წლის 14 იანვარს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 75 ქვეყნის მოქალაქისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერა. სიაშია საქართველო; სომხეთი და აზერბაიჯანიც. შესაბამისად, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან საიმიგრაციო ვიზების გაცემა დროებით შეჩერებულია. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შეჩერება არასაიმიგრაციო (ტურისტულ; სასწავლო; საქმიანი ვიზიტის და სხვა) ვიზებს არ შეეხება. სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულო ბიუროს სტატისტიკის თანახმად, 2024 წელს აშშ-მა საქართველოს მოქალაქეებზე სულ 1,817 საიმიგრაციო ვიზა გასცა. შედარებისთვის, 2023 წელს საიმიგრაციო ვიზების რიცხვი 1,397 იყო; 2022 წელს 1,958; 2021 წელს კი 652 საიმიგრაციო ვიზა. აღნიშნული ვიზები ძირითადად მწვანე ბარათის გათამაშების გამარჯვებულებზე გაიცემოდა.

მთავრობამ უძრავი ქონების ტოკენიზაციის პროექტზე მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს მთავრობამ 12 დეკემბერს მემორანდუმი გააფორმა დუბაიში დაფუძნებულ კომპანია PRYPCO-სთან უძრავი ქონების ტოკენიზაციის პროექტთან დაკავშირებით. მემორანდუმს ხელი იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და PRYPCO-ს დირექტორმა ამირა საჯვანმა მოაწერეს. მთავრობის ინფორმაციით, ტოკენიზაციის პროექტი ქვეყანაში უძრავ ქონებაში ინვესტიციებს შეუწყობს ხელს, თუმცა გავრცელებულ ინფორმაციაში არაა ნათქვამი უშუალოდ რა სახის ტოკენიზაციის პროექტზე არის საუბარი.

ირაკლი კობახიძე დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს წელსაც არ დაესწრება - ის მიწვეული არაა

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. როგორც BMG-ის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, პრემიერი დავოსის ფორუმზე წელსაც არ მიუწვევიათ.

უკვე მეორე წელია, როცა საქართველო დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მიწვეული არ არის, რაც პირველად 2025 წელს მოხდა და ბოლო ოცწლეულში პირველი შემთხვევა იყო. ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობისთვის დავოსში მონაწილეობა პრიორიტეტული არ იყო.

ფორუმი 19-23 იანვარს იმართება.

ირაკლი ღარიბაშვილს საპროცესო გარიგების შედეგად 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 12 იანვარს რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, ექსპრემიერმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. მას 5 წლით პატიმრობა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით დაეკისრა. ამასთან, მას ჩამოერთვა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა და 2 ავტომობილი.

2025 წლის 22 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ გამოძიების ფარგლებში „ქართული ოცნების“ გუნდის ორგზის პრემიერ-მინისტრმა, ყოფილმა შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკანონო შემოსავლები აღიარა. სუს-ის ინფორმაციით, მანამდე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად მისი კუთვნილი უძრავი ქონებიდან ამოღებული იქნა 6 500 000 აშშ დოლარი და ძვირფასი ნივთები.

SOCAR-მა საქართველოზე გამავალი მილსადენით ბუნებრივი აირის მიწოდება გერმანიისა და ავსტრიაში დაიწყო

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა ავსტრიასა და გერმანიაში აზერბაიჯანული ბუნებრივი გაზის მიწოდება დაიწყო.

კომპანიის ინფორმაციით, 2026 წლის იანვრიდან SOCAR სამხრეთის გაზის დერეფნის ევროპული სეგმენტის — ტრანსადრიატიკული მილსადენის (TAP) — მეშვეობით აზერბაიჯანულ გაზს ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად უკვე ავსტრიისა და გერმანიის მომხმარებლებსაც აწვდის.

ქართული ბანკების მიერ გაცემული "მწვანე დაკრედიტება" 1.7 მილიარდ ლარს აღწევს

ქართული კომერციული ბანკების მიერ გაცემული მწვანე კრედიტების მოცულობა 2025 წლის ნოემბრის მდგომარეობით 1.7 მილიარდ ლარს აღწევს და ის წლიურად 56%-ით არის გაზრდილი - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მწვანე დაკრედიტების სტატისტიკიდან ხდება ცნობილი.

ეროვნულმა ბანკმა მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია, სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო მხარეების ჩართულობით, 2022 წელს გამოაქვეყნა, ხოლო ტაქსონომიის მიხედვით გაცემული კრედიტების სტატისტიკა საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა. მწვანე დაფინანსებაში პირველ ადგილს იკავებს განახლებადი ენერგიის სექტორი, რომელზეც 940 მილიონი ლარის კრედიტები არის გაცემული, მეორე ადგილზეა მწვანე (ენერგოეფექტური) შენობები და მშენებლობა 491 მილიონი ლარით, მესამეზე კი მდგრადი სოფლის მეურნეობა 116 მილიონი ლარით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები