მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში (27 მაისი - 2 ივნისი)

ლევან დავითაშვილი

გთავაზობთ გასული კვირის (27 მაისი - 2 ივნისი) მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში.

ანაკლიის პორტის ინვესტორი შერჩეულია

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმი China Communications Construction Company Limited-ი (CCCC) გამოვლინდება, რომელმაც სახელმწიფოს საბოლოო საინვესტიციო წინადადება წარუდგინა. კომპანია ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო კონგლომერატია.

2020 წელს აშშ-ის კომერციის დეპარტამენტმა CCCC და მისი რამდენიმე შვილობილი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის თავდაცვის ძალების სასარგებლოდ ხელოვნური კუნძულების მშენებლობის პროცესში ჩართულობის გამო, სპეციალურ სიაში შეიყვანა და ამერიკულ კომპანიებს ნებართვის მოპოვების გარეშე მასთან გარიგებებსა და ოპერაციებში შესვლა შეუზღუდა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გურამ გურამიშვილი აცხადებს, რომ ეს არ წარმოადგენს აქტივების მაბლოკირებელ სანქციას, რომელიც კომპანიას საქართველოში პროექტების განხორციელებას შეუზღუდავდა. მისი თქმით, CCCC-ის მიმართ არ მოქმედებს არავითარი სანქცია, რაც კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტის მშენებლობაში შეზღუდავდა.

პორტის პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა 600 მილიონ დოლარს შეადგენს. პროექტის პირველი ფაზის მიხედვით უნდა აშენდეს პორტი რომლის გამტარიანობაც წლიურად 7 მილიონი ტონა ტვირთების და 600,000 კონტეინერის მომსახურება იქნება.

რუსულ კანონზე ვეტოს დაძლევის პარალელურად, ლარი გაუფასურდა, სებ-მა კი ინტერვენცია განახორციელა

28 მაისს "ქართული ოცნების" 84-მა დეპუტატმა რუსულ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები დაძლია და კანონპროექტი არსებული რედაქციით მიიღო, შესაბამისად რუსული კანონი ძალაში პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერის შემდეგ შევა.

პარლამენტის მიერ რუსული კანონის მიღებას ლარის შემდგომი გაუფასურება მოჰყვა, თუკი ორშაბათს, 27 მაისს ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7246 ლარი იყო, პარასკევს კურსი 2.7949-მდე გაიზარდა. 28 მაისს კი სებ-მა სავალუტო აუქციონი განახორციელა და გასაყიდად 60 მილიონი დოლარი გამოიტანა, აღნიშნული თანხიდან ბაზარმა 48.7 მილიონი დოლარი აითვისა.

აპრილში საქართველოს ეკონომიკა 11.8%-ით გაიზარდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 11.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 9.0 პროცენტით განისაზღვრა. აპრილის განმავლობაში კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვა წლიურად 19%-ით გაიზარდა და მან 12.8 მილიარდ ლარს მიაღწია.

2024 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები. კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის სექტორში.

2024 წლის პირველ 4 თვეში ქართულმა ბანკებმა 936 მილიონი ლარის მოგება მიიღეს

საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2024 წლის პირველ 4 თვეში 936 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავეს - ამის შესახებ მათ მიერ ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური დოკუმენტაციიდან ხდება ცნობილი. 2023 წელთან შედარებით ბანკების ჯამური მოგება 168 მილიონი ლარით, ანუ 22%-ით არის გაზრდილი. სებ-ისთვის წარდგენილი ფინანსური დოკუმენტაციის თანახმად, საბანკო სექტორის მოგების 88% ქვეყნის ორ უმსხვილეს ბანკზე მოდის, ხოლო პირველი სამი ბანკის მოგება სექტორის მთლიანი მოგების 91%-ია. ამასთან, სტატისტიკის თანახმად, 17 კომერციული ბანკიდან 5 ზარალზეა.

კომუნიკაციების კომისია "მაგთისთვის" მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის ოპერატორის სტატუსის მინიჭებას განიხილავს

საქართველოს კომუნიკაციების კომისია “მაგთისთვის” მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის ოპერატორის სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავს. კომპანიისთვის ამ სტატუსის მინიჭების შემთხვევაში კომუნიკაციების კომისიას შეეძლება "მაგთის" განუსაზღვროს ახალი რეგულაციები, რაც კომისიის წევრის ეკატერინე იმედაძის განცხადებით, ბაზარზე კონკურენციის მხრივ არსებულ მდგომარეობას გააუმჯობესებს. საუბარია ვირტუალური ოპერატორის დაშვების მოთხოვნასა და სხვა რეგულაციებზე რომელიც მაგთის შეიძლება განესაზღვროს.

კომუნიკაციების კომისიამ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირების განსაზღვრის მეთოდოლოგია 2024 წლის 22 თებერვალს დაადგინა. მეთოდოლოგიის მიხედვით, კომპანიას შეიძლება აღნიშნული სტატუსი მიენიჭოს, თუკი მას 40%-ზე მაღალი საბაზრო წილი უჭირავს. არსებული მდგომარეობით კი მობილურ ბაზარზე მაგთის აბონენტთა წილი 41.5%-ია. ამასთან კომპანიის მიერ 2024 წლის პირველ კვარტალში მიღებული შემოსავალი მთლიანად ბაზრის შემოსავლის 48%-ს შეადგენდა.

კომპანიებსა და დასაქმებულებს საპენსიო შენატანების არაჯეროვნად განხორციელებაზე ჯარიმები დაუწესდათ

1 ივნისიდან საპენსიო შენატანის სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობისთვის დამსაქმებლები და დასაქმებულები 500 ლარით დაჯარიმდებიან. საპენსიო სააგენტომ „საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, წერილობითი ან/და ელექტრონული გაფრთხილების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის დაკისრებისა და აღსრულების წესი“ უკვე დაამტკიცა. პარალელურად 1 ივნისიდან ძალაში შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 165¹¹ მუხლი, რომლის მიხედვით, კომპანიის (დამსაქმებლის) მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს 500 ლარით დაჯარიმებას, განმეორებით შემთხვევაში ჯარიმა 1000 ლარია. დასაქმებულის შემთხვევაში, საპენსიო შენატანის ვალდებულების დარღვევის გამოვლენა პირველ ჯერზე გაფრთხილებას მოიცავს, ხოლო განმეორებით შემთხვევაში მას 500 -ლარიანი ჯარიმა დაეკისრება.

ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კანონმდებლობაში ოფშორების შესახებ ჩანაწერი მკაცრდება

საქართველოს პარლამენტი განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც მაღალი რისკის იურისდიქციებთან, მათ შორის ოფშორულ ზონებთან მიმართებით ფინანსური ოპერაციების მონიტორინგის ხარისხს ზრდის. საკანონმდებლო ცვლილებები მომზადებულია მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ და ის ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) და Moneyval-ის რეკომენდაციების შესაბამისად არის მომზადებული, რომელიც საქართველოს ამ მიმართულებით მონიტორინგის გაძლიერებისკენ მოუწოდებდა.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მაღალი რისკის იურისდიქციებში (ოფშორებში) დაფუძნებულ სატრასტო სტრუქტურებთან მიმართებით ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში უნდა მოხდეს სატრასტო სტრუქტურის სადამფუძნებლო შეთანხმების დოკუმენტაციის წარდგენა.

უძრავ ქონებაში საეჭვო გარიგებებს ფინანსური მონიტორინგის სამსახური შეაჩერებს - კანონპროექტი

საქართველოს საჯარო რეესტრს უძრავ ქონებაში საეჭვო ტრანზაქციების მონიტორინგი და მათი აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ტრანზაქციების ფინანსური მონიტორინგის სამსახურში წარდგენა დაევალება - ამას ითვალისწინებს პარლამენტში მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტი.

კანონპროექტის თანახმად, საჯარო რეესტრში შეიქმნება 9 დასაქმებულისგან შემდგარი მონიტორინგის დეპარტამენტი, რომელში დასაქმებულთა წლიური ანაზღაურების სახელფასო ფონდი მთლიანობაში 320 ათასი ლარი იქნება. კანონპროექტის თანახმად, რეესტრის მიერ გაგზავნილი შეტყობინების განხილვისთვის ფინანსური მონიტორინგის სამსახურს 24-საათიანი დრო ექნება, რა პერიოდის განმავლობაშიც ფინანსური მონიტორინგის სამსახურს გარიგების შეჩერების გადაწყვეტილების გამოცემის უფლება ექნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები