გთავაზობთ გასული კვირის - 7-13 ივლისის მნიშვნელოვან მოვლნებს საქართველოს ეკონომიკაში.
ეროვნულმა ბანკმა "ბაზისბანკის" მიერ "ლიბერთი ბანკის" ყიდვის საკითხის შესწავლა დაიწყო
საქართველოს ეროვნულ ბანკს 25-დღიანი ვადა აქვს, რათა შეისწავლოს თუ რა გავლენა ექნება კონკურენტულ ბაზარზე “ბაზისბანკის” მიერ “ლიბერთი ბანკის” შესყიდვას - ამის შესახებ ეროვნულ ბანკში BMG-ის განუცხადეს. სებ-ის ინფორმაციით, შესაბამისი განაცხადით მათ “ბაზისბანკმა” 8 ივლისს მიმართა. სებ-ის განმარტებით, ისინი შეისწავლიან რა გავლენა ექნება დაგეგმილ კონცენტრაციას ქვეყნის საფინანსო ბაზარზე. ამასთან, სებ-ში განმარტავენ, რომ ეს შესწავლა შეეხება უშუალოდ კონკურენტულ გარემოზე ამ კონცენტრაციის ეფექტის შეფასებას, ხოლო “ბაზისბანკის” მიერ “ლიბერთის” შესყიდვის ნებართვის გაცემა სებ-ში დამოუკიდებელი წარმოების საგანი იქნება.
“ბაზისბანკის” მიერ “ლიბერთი ბანკის” შესყიდვის შემთხვევაში საქართველოს საბანკო სექტორში ჩამოყალიბდება ბანკი, რომლის ჯამური აქტივების მოცულობა მთლიანი სისტემის 10% იქნება. "ლიბერთი ბანკის" უკანასკნელი ფინანსური მონაცემებით, ბანკის მფლობელები არიან "ჰანიველ პარტნერსის" დამფუძნებლები, ირაკლი რუხაძე (31.4%); ბენჯამენ მარსონი (31.4%) და იგორ ალექსეევი (31.4%). "ბაზისბანკის" მფლობელი კი ჩინური "ჰუალინგ ჯგუფია".
საქართველოს სავალუტო რეზერვები $103 მილიონით, 4.7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა
2025 წლის ივნისის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 103 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. სებ-ის სტატისტიკის თანახმად, რეზერვების ეს მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 107 მილიონი დოლარით მეტია.
სავალუტო რეზერვების მატება სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვას უკავშირდება. გასული თვის დეტალური სტატისტიკა ჯერ ცნობილი არაა და ის 25 ივლისს გამოქვეყნდება, ხოლო 2025 წლის იანვარ-მაისში წმინდა შესყიდვებმა 613 მილიონი დოლარი შეადგინა, მათ შორის ყველაზე მსხვილი - 245-მილიონიანი შესყიდვები მაისში განხორციელდა.
მეორე კვარტალში საქართველოს 1.6 ვიზიტორი სტუმრობდა - წლიური ზრდა 7%-ია
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2025 წლის მე-2 კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები 7%-ით 1 638 188-მდე გაიზარდა. აქედან ტურისტული ვიზიტები 11%-ით 1 311 416 იყო გაზრდილი, შემცირებულია ერთდღიანი ვიზიტი 5.4%-ით. ამასთან, ტურიზმის პირველ ათეულში EU-ს არცერთი ქვეყანა არ შედის.
Top 15 ქვეყანა, საიდანაც II კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი შედგა:
- რუსეთი - 361 835 (ზრდა 16%);
- თურქეთი - 308 349 (კლება 16.5%);
- სომხეთი - 209 983 (ზრდა 7.2%);
- ისრაელი - 90 398 (ზრდა 13.8%);
- აზერბაიჯანი - 70 430 (ზრდა 46.7%);
- ინდოეთი - 49 521 (ზრდა 33.5%);
- ყაზახეთი - 41 088 (კლება 3.1%);
- ჩინეთი - 32 880 (ზრდა 43.3%);
- უკრაინა - 32 269 (ზრდა 20.2%);
- ირანი - 30 433 (კლება 8.2%);
- ბელარუსი - 28 871 (ზრდა 9.2%);
- პოლონეთი - 23 493 (ზრდა 47.9%);
- გერმანია - 22 180 (ზრდა 10.4%);
- საუდის არაბეთი - 20 410 (ზრდა 25.4%);
- უზბეკეთი - 19 225 (ზრდა 21.7%);
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
9 ივლისს ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო, რომელშიც მათ შორის არის მოწოდება შემდგომი შემზღუდავი ზომების განხილვის შესახებ, როგორებიცაა SWIFT-იდან ჩახსნა ან სექტორული სანქციები, რომლებიც მიზნად ისახავს „ქართული ოცნების“ რეჟიმის ფინანსური ნაკადებისა და შემოსავლის წყაროების შეწყვეტას. შესაბამისი რეზოლუცია 490 ხმით დამტკიცდა 147-ის წინააღმდეგ.
დოკუმენტი მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, ორმხრივად და კოორდინირებულად დააწესონ პერსონალური სანქციები „ქართული ოცნების“ ძირითადი პოლიტიკური ლიდერების, თანამდებობის პირებისა და რეჟიმის ხელშემწყობი პირების მიმართ ბიზნესში, მედიაში, სასამართლო სისტემაში, სამართალდამცავ ორგანოებსა და საარჩევნო კომისიაში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევებსა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე; ასევე მოუწოდებს, რომ სანქციები გავრცელდეს საშუალო და დაბალი დონის საჯარო მოხელეებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რეჟიმის ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიული ზომების განხორციელებაზე და შენარჩუნდეს ისინი მანამ, სანამ ქართული დემოკრატია სათანადოდ არ აღდგება.
თბილისის მერიამ "ჯი-თი ჯგუფთან" 111 ახალი მეტროს ვაგონის შესასყიდად 150 მილიონი ევროს კონტრაქტი გააფორმა
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროს 111 ვაგონის შესყიდვის ტენდერში კომპანია "ჯი-თი ჯგუფისგან" გაიმარჯვა, რომელიც მერიას ჩინეთის უმსხვილესი სარკინიგზო მწარმოებლის, CRRC-ის ვაგონებს მიაწვდის. მხარეებს შორის 150 მილიონი ევროს ხელშეკრულება დღეს გაფორმდება. პროექტი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის AIIB-ის მიერ ფინანსდება.
მეტროს ვაგონების ტენდერში კომპანიამ საკუთარი წინადადება ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს წარადგინა და მას თბილისის მერია 2025 წლის თებერვლიდან სწავლობდა. ტენდერის თანახმად მერია 97 ერთეული ვაგონის შესყიდვას გეგმავდა და მასში "ჯი-თი ჯგუფის" მიერ წარდგენილი ფასი 130 მილიონი ევრო იყო. თუმცა როგორც ირკვევა ტენდერის პირობები შეიცვალა და მერია 111 ვაგონს შეიძენს და კონტრაქტის ღირებულება 150 მილიონი ევრო იქნება. შესაბამისად, ერთი ვაგონის ფასი 1.35 მილიონი ევრო, ანუ 4.3 მილიონი ლარი იქნება.
ახალ შემადგენლობებს შორის 14 ერთეული იქნება 4-ვაგონიანი 11 ერთეული კი 5-ვაგონიანი.
"მაგთი" ინტერნეტის ტარიფს ზრდის - ComCom-ი კომპანიის გადაწყვეტილებას დაუსაბუთებელს უწოდებს
კომპანია "მაგთიკომი" ნახევარ მილიონამდე ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტისთვის, რომლებიც 50 მბ/წმ-იანი ფიქსირებული ინტერნეტით ან ინტერნეტი + IPTV მომსახურებით სარგებლობენ, 2025 წლის 1 აგვისტოდან ტარიფის 3 ლარით ზრდას გეგმავს. კომპანიამ ეს გადაწყვეტილება კომუნიკაციების კომისიას წარუდგინა, სადაც მას დაუსაბუთებლად აფასებენ. ComCom-ის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ტარიფის ზრდა 496,168 აბონენტს შეეხება.
ComCom-ის შეფასებით, ტარიფის მატება "მაგთის" შემოსავალს ყოველთვიურად 1,159,874 ლარით გაზრდის, რითაც მისი წლიური შემოსავალი საშუალოდ 13,918,485 ლარით გაიზრდება. კომუნიკაციების კომისიის თანახმად, იმის გამო, რომ "მაგთი" ამჟამად აბონენტებს 50 მეგაბაიტზე დაბალი სიჩქარის და საფასო კატეგორიის ინტერნეტს არ სთავაზობს, მომხმარებლებს არ ექნებათ იმის შესაძლებლობა რომ უფრო დაბალი სიჩქარის პაკეტი აირჩიონ და შესაბამისად უფრო ნაკლები თანხა გადაიხადონ ინტერნეტში.
ეკონომიკის მინისტრმა ალექსი ახვლედიანი თანამდებობიდან გადააყენა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს, რომლის სახლშიც თორნიკე რიჟვაძემ ოფიციალური ვერსიით თვითმკვლელობა სცადა უფლებამოსილება შეუწყდა - შესაბამის ბრძანებას ხელი 2025 წლის 9 ივლისს მოეწერა. ალექსი ახვლედიანი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორად 2023 წლის მაისიდან მუშაობდა.
გამოძიების ინფორმაციით, 6 ივლისს, საღამოს საათებიდან თორნიკე რიჟვაძე სტუმრად იმყოფებოდა საგარეჯოში, თავისი მეგობრის ალექსი ახვლედიანის სახლში. 7 ივლისს, დაახლოებით 01:10 საათიდან 01:30 საათამდე პერიოდში, რიჟვაძემ მალულად აიღო ახვლედიანის კუთვნილი „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ახვლედიანს დაუდევრად ჰქონდა დატოვებული თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში, შემდეგ ასევე მალულად გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და მარტო დარჩენილმა, თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში, რამაც მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. ახვლედიანი, 8 ივლისს სასამართლომ 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.




























