გთავაზობთ გასული კვირის - 9-15 ივნისის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში
საქართველოში FDI შემცირდა
2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით 179 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.7%-ით ნაკლებია. მეტიც, ინვესტიციების ეს მოცულობა 2021 წლის პირველი კვარტლის შემდეგ ყველაზე მცირეა, რაც გასული 4 წლის განმავლობაში რომელიმე კვარტალის პერიოდში შემოსულა.
ინვესტიციების კლების ერთ-ერთი ფაქტორი გახდა საფინანსო სექტორში ნეგატიური FDI-ის ნაკადი, კერძოდ კი პირველ კვარტალში ამ სექტორში FDI მინუს 26 მილიონ დოლარს შეადგენდა.
საქსტატის თანახმად, 2025 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი თანხა 70.1 მილიონი დოლარი ენერგეტიკის სექტორში ჩაიდო, მეორე პოზიციაზეა კომუნიკაციებისა და IT სექტორი 52 მილიონი დოლარით, მესამეზე კი დამმუშავებელი მრეწველობა 27 მილიონი დოლარით.
მაისში ექსპორტი 15.8% გაიზარდა, იმპორტი 5%-ით შემცირდა
2025 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 13.3%-ით 9 მილიარდ 790 მლნ დოლარამდე გაიზარდა. საქსტატის გამოქვეყნებული ვაჭრობის ექსპრეს მონაცემებით, ექსპორტი 14.6%-ით 2 მილიარდ 595 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო იმპორტი 7 მილიარდ 195 მლნ დოლარი იყო, რაც წლიურად 12.8%-ითაა გაზრდილი. მხოლოდ მაისში ექსპორტი 15.8%-ით 580 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ მაისის თვეში იმპორტი წლიურად 5%-ით შემცირდა 1 მილიარდ 341 მილიონი დოლარი შეადგინა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-მაისში 4 მილიარდ 600 მლნ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47.0%-ია.
მსოფლიო ბანკის მიერ მსოფლიოსთვის და საქართველოსთვის ზრდის პროგნოზის გადახედვა
მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.5 პროცენტული პუნქტით შეამცირა. ახალი პროგნოზით წელს ზრდა აქამდე ნავარაუდევი 6%-ის ნაცვლად, 5.5% იქნება - ამის შესახებ აღნიშნულია გლობალურ ეკონომიკურ მიმოხილვაში, რომელიც მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა. საქართველოს შესახებ დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2024 წელთან შედარებით ზრდა უფრო ნაკლები იქნება და ამის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი რეექსპორტის და ადგილობრივი მოხმარების მოსალოდნელი შემცირება იქნება.
საქართველოს მსგავსად, მსოფლიო ბანკმა ქვეყნების 70%-ისთვის შეამცირა ზრდის პროგნოზი და ახლა WB მოელის, რომ 2025 წელს გლობალური ეკონომიკა 2.3%-ით გაიზრდება რაც 2008 წლის შემდეგ ყველაზე მცირე მაჩვენებელია. ამას WB გლობალურ სავაჭრო ომს და მკვეთრად გაზრდილ გაურკვევლობას უკავშირებს.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ მსოფლიო ბანკისგან მკვეთრად განსხვავებული პროგნოზი აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდს (IMF), რომელმაც რამდენიმე დღის წინ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-დან 7.2%-მდე გაზარდა. შესაბამისად, ამ ორ პროგნოზს შორის სხვაობა ამჟამად 1.7 პროცენტულ პუნქტს შეადგენს.
საპენსიო ფონდის ზომამ თითქმის შვიდ მილიარდ ლარს მიაღწია
საქართველოს საპენსიო ფონდი საინვესტიციო საქმიანობის შედეგებს აქვეყნებს. ფონდის აქტივების ზომამ 6.9 მილიარდ ლარს მიაღწია, საიდანაც 5.2 მილიარდი ლარი საპენსიო სისტემის მონაწილეთა შენატანებს, 1.7 მილიარდი ლარი კი ამ აქტივებზე დარიცხულ სარგებელს წარმოადგენს.
ამასთან, საპენსიო სააგენტოს თანახმად, სისტემის მონაწილეთა რაოდენობა მაისის ბოლოსთვის 1.4 მილიონამდე გაიზარდა. ამასთან, ფონდი კომპანიებს აფრთხილებს იმის შესახებ რომ მას უკვე აქვს საშემოსავლო გადასახადის დასაბეგრ ბაზასთან წვდომა, რის საფუძველზეც დამსაქმებლებს მოუწოდებს, პირნათლად გადაიხადონ დასაქმებულთა საპენსიო შენატანები, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმები და საურავები იქნება გამოყენებული.
6 თვიანი დახურვის შემდეგ, მაღალჩინოსნების ქონებრივი დეკლარაციები კვლავ გასაჯაროვდა
ქონებრივი დეკლარაციების სისტემა, რომელიც გასული წლის დეკემბერში დაიხურა, რის მიზეზადაც ტექნიკური ხარვეზი სახელდებოდა, კვლავ გაიხსნა. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ეს მოხდა მას შემდეგ, რაც BMG-იმ პრემიერ ირაკლი კობახიძეს მიმართა კითხვით, თუ რატომ იყო მონაცემთა ბაზა, რომელიც კანონის მიხედვით საჯარო უნდა იყოს დახურული, რაზეც კობახიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული ქონებრივი დეკლარაციები აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს.
"მე მგონია, რომ სასწრაფოდ უნდა გამოქვეყნდეს. მეც შემიძლია დავინტერესდე, გავესაუბრო შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელს. მე ვფიქრობ, რომ ეს დეკლარაციები სასწრაფოდ უნდა გამოქვეყნდეს", - განაცხადა კობახიძემ.
ფოთში $31-მილიონიანი ინვესტიციით მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
ფოთში მულტიმოდალური საკონტეინერო ტერმინალი ოფიციალურად გაიხსნა. მულტიმოდალური ტერმინალის პროექტი სს „ფოთის ტრანსტერმინალმა“ განახორციელა, რომელიც ყაზახური და ქართული მხარეების მიერ ერთობლივად დაფუძნებული კომპანიაა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 31.5 მილიონ აშშ დოლარია. ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, ტერმინალი ფოთის პორტთან ახლოს, 9 ჰექტარზე მეტ ფართობზეა განლაგებული, მისი წლიური გამტარუნარიანობა, პირველ ეტაპზე, 80 000 კონტეინერზე მეტი იქნება. ამასთან, როგორც „ფოთის ტრანსტერმინალში“ აცხადებენ, ტერმინალი ერთდროულად 120-მდე სარკინიგზო ვაგონს მოემსახურება და 100-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს. ტერმინალი მოემსახურება როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ გადაზიდვებს.
"რიყის დოქები" კიდევ ერთხელ გაიყიდა
რიყის დოქები კიდევ ერთხელ გაიყიდა - კომპანია "რიყე დომის" მესაკუთრე 2025 წლის აპრილში დაფუძნებული კომპანია "მაქრო ფროფერთი" გახდა, რომელიც "მაქრო ჰოლდინგის" ერთ-ერთი კომპანიის "მაქრო ქონსთრაქშენის" საკუთრებაშია. ჯგუფის მფლობელია თურქი ბიზნესმენი ემინ უჩარი. გარიგებამდე, "რიყე დომის" მფლობელი იყო კომპანია ნ.გ.ბ, რომლის 100%-იანი წილიც ბიზნესმენ თორნიკე კოპალიანს ეკუთვნოდა. ობიექტი დემონტაჟის შესაძლებლობით გაიყიდა, ადგილზე მთავრობის მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად, სასტუმროს მშენებლობა არის შესაძლებელი. თავის მხრივ, "რიყე დომმა" რიყის დოქები 2025 წლის აპრილში ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანია Global Victory Trust-ისგან შეიძინა. ახლა კი თავად ეს კომპანია მისმა მფლობელმა კომპანია ნ.გ.ბ-იმ "მაქრო ფროფერთის" მიჰყიდა. ხელშეკრულების თანახმად, გარიგების ღირებულება 2.84 მილიონი დოლარია. ამასთან, "მაქრო ფროფერთი" იღებს ვალდებულებას გადაუხადოს 10.8 მილიონი ლარი "როყის დოქების" ყოფილ მესაკუთრეს, ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანია Global Victory Trust-ს.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ გამყიდველი კომპანია "რიყე დომის" და მყიდველი "მაქრო ფროფერთის" დირექტორი "ქართული ოცნების" დეპუტატის, გიორგი ბარვენაშვილის 9 კომპანიის მმართველი მიხეილ ტყეშელაშვილია.
თბილისისა და ბათუმის აეროპორტებიდან ავიარეისები გაუქმდა
ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე დაპირისპირების ფონზე, 14 ივნისს, თბილისის და ბათუმის აეროპორტებიდან ჯამში 19 რეისი გაუქმდა. როგორც BM.GE-ს TAV Georgia-ში განუცხადეს, თბილისის აეროპორტიდან ამ დროისთვის 15 რეისია გაუქმებული, შემდეგი მიმართულებებით: აბუ-დაბი, შარჟა, ერბილი, დელი, დუბაი, თელ-ავივი. ხოლო ბათუმის აეროპორტიდან გაუქმებულია 4 რეისი: ორი ისრაელის, ერთი ირანის და ერთი საამიროების მიმართულებით. 13 ივნისს კი, საბოლოო ჯამში, 16 რეისი გაუქმდა ბათუმის და თბილისის აეროპორტებიდან.