მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მთავარი ეკონომიკური მოვლენები

62d41c5a49be6
ირაკლი მაკალათია
17.07.22 18:21
1968
გთავაზობთ გასული კვირის (11 – 16 ივლისი, 2022) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას

1. ილონ მასკის კომპანია SpaceX-ი საქართველოში შემოდის
2. რა გავლენას იქონიებს თურქეთში მედიკამენტების გაძვირება საქართველოს ადგილობრივ ბაზარზე
3. რუსული კომპანიები ბულგარეთის ბაზარს გათხევადებულ ბუნებრივ აირს (LPG) საქართველოს გავლით მიაწვდიან
4. რამდენი მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო საქართველომ ტურიზმიდან 2022 წლის პირველ ნახევარში
5. ეროვნული ბანკის მოთხოვნით, კომერციულ ბანკებში მომდევნო წლიდან სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არანაკლებ 33% ქალი უნდა იყოს
6. კლინიკების წერილი ჯანდაცვის მინისტრს და 520-ე დადგენილებით გამოწვეული კიდევ პრობლემა ჯანდაცვაში
7. 2022 წლის პირველ ნახევარში ბიზნესს 1.1 მილიარდი ლარის დღგ-ის ზედმეტობა დაუბრუნდა
8. მორატორიუმის გაუქმების მიუხედავად, ივნისში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი გაიზარდა
9. 2021 წელი “ბლექ სი არენა”-მ 5 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა
10. საქართველოში 16 მლრდ მეტრ კუბის გაზის საბადო დადასტურდა

1. ილონ მასკის კომპანია SpaceX-ი საქართველოში შემოდის

ილონ მასკის კომპანია Starlink Holdings Netherlands-მა საქართველოში შვილობილი „სტარლინკ ჯორჯია“ დააფუძნა, ავტორიზაციის მიზნით კი კომუნიკაციების კომისიას მიმართა. „SpaceX“ საქართველოში Starlink-ის თანამგზავრული სისტემებით მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების მიწოდებას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის SpaceX-ს 2700-ზე მეტი Starlink-ის დაბალ ორბიტალური (LEO) თანამგზავრი ჰყავს გაშვებული.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3o6LmZi ; https://bit.ly/3o72s9h 

2. რა გავლენას იქონიებს თურქეთში მედიკამენტების გაძვირება საქართველოს ადგილობრივ ბაზარზე

თურქული ლირის გაუფასურების გამო, ერდოღანმა ბრძანება გამოსცა, რაც ფარმაცევტული პროდუქტების ახალი ტარიფების განსაზღვრას გულისხმობს. ტარიფების ზრდა საწყობის მოგების მარჟისა და აფთიაქის მარჟის გათვალისწინებით მოხდება. საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის განცხადებით თურქეთში მედიკამენტების გაძვირება საქართველოს ბაზარზე ფასების 25-30%-იან ზრდას გამოიწვევს, თუმცა ევროპულთან შედარებით მაინც იაფიან სეგმენტში დარჩება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3Pk5sLB ; https://bit.ly/3ckNY2W ; https://bit.ly/3c9uf6i 

3. რუსული კომპანიები ბულგარეთის ბაზარს გათხევადებულ ბუნებრივ აირს (LPG) საქართველოს გავლით მიაწვდიან

Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინაზე გამავალი საექსპორტო მარშრუტების დახურვის გამო, რუსული კომპანიები ბულგარეთის ბაზარს გათხევადებულ ბუნებრივ აირს (LPG) საქართველოს გავლით, ფოთის პორტიდან მიაწვდიან. რაც შეეხება LPG-ის მიწოდებას, ის სანქცირებულ საქმიანობას არ წარმოადგენს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3aH3yWg 

4. რამდენი მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო საქართველომ ტურიზმიდან 2022 წლის პირველ ნახევარში

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივნისში, საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან 1.14 მილიარდი აშშ დოლარი შემოვიდა, თვეების მიხედვით ყველაზე მეტი შემოსავალი ივნისში დაფიქსირდა (302 მილიონი აშშ დოლარი). ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მეტი ვიზიტორიც (247,149 ვიზიტორი) და ტურისტულ შემოსავალიც (219 მილიონი აშშ დოლარი) რუსეთიდან დაფიქსირდა, თუმცა საშუალოდ ერთი ტურისტის მიერ გაწეული ხარჯით ლიდერობს ბელარუსი (2 922 აშშ დოლარი).

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3ILF8Y9 ; https://bit.ly/3IH05Um 

5. ეროვნული ბანკის მოთხოვნით, კომერციულ ბანკებში მომდევნო წლიდან სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არანაკლებ 33% ქალი უნდა იყოს

საქართველოს ეროვნული ბანკი მერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსში ცვლილების შეტანას გეგმავს, რომელიც გულისხმობს, რომ გენდერული მრავალფეროვნების გაუმჯობესების მიზნით, სამეთვალყურეო საბჭოს არანაკლებ 33% დაკომპლექტებული უნდა იყოს განსხვავებული სქესის მქონე წევრებისგან, 2025 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 40%-მდე უნდა გაიზარდოს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3PBfnfF 

6. 100 კლინიკის ერთობლივი წერილი ჯანდაცვის მინისტრს

100-მდე ჰოსპიტალის წარმომადგენლებმა ჯანდაცვის მინისტრს ერთობლივი წერილით მიმართეს, სადაც აცხადებენ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ტარიფების მოცულობა მათ ხარჯებს ვეღარ ფარავს, 520-ე დადგენილების გამო კი საერთოდ კონკრეტული მიმართულებებით სატარიფო პაკეტები შემცირებულია. წერილის მიხედვით, რეანიმაციული საწოლი დღეში 440 ლარით ფინანსდება, მაშინ როცა თვითღირებულება 730 ლარია. კლინიკები ტარიფების გადახედვასა და ე.წ. DRG პრინციპებზე მორგებული ტარიფების დანერგვას ითხოვენ.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3aKOAyA ; https://bit.ly/3PvptP5 

7. 2022 წლის პირველ ნახევარში ბიზნესს 1.1 მილიარდი ლარის დღგ-ის ზედმეტობა დაუბრუნდა

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით 2022 წლის 6 თვეში ბიზნესმა დღგ-ის ავტომატური დაბრუნების სისტემით 1.1 მილიარდი ლარის ზედმეტობა დაიბრუნა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ბიზნესს ანალოგიური სისტემით 1.93 მილიარდი ლარის ზედმეტობა დაუბრუნდა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3o7Qn3L 

8. მორატორიუმის გაუქმების მიუხედავად, ივნისში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი გაიზარდა

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმებაზე დაწესებული მორატორიუმის გაუქმების მიუხედავად, ივნისში სოციალური შემწეობის მიმღებთა რიცხვი 4 470-ით გაიზარდა და 661 061 ადამიანი შეადგინა, რაც მთლიანი მოსახლეობის 17.7%-ია.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3RIMRdY 

9. 2021 წელი “ბლექ სი არენა”-მ 5 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა

2021 წელი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა საკონცერტო დარბაზმა შპს “Black Sea Arena”-მ, 5 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. მიუხედავად იმისა, რომ საკონცერტო დარბაზში კონცერტი არ ჩატარებულა, კომპანიის 107 დასაქმებულზე 2.4 მილიონი ლარის ხელფასები გაიცა, დარბაზის გენერალურმა დირექტორმა კი წლის განმავლობაში 88,713 ლარის მოცულობის შრომის ანაზღაურება მიიღო.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3zc94JY ; https://bit.ly/3uTWw7n 

10. საქართველოში 16 მლრდ მეტრ კუბის გაზის საბადო დადასტურდა

საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის მახლობლად, კომპანია “შლუმბერჟეს” მიერ საძიებო მუშაობის შედეგად, ქვეყანაში 16 მილიარდი მეტრ კუბის მოცულობის ბუნებრივი აირის საბადოს არსებობა დადასტურდა, რაც დაახლოებით საქართველოს 8 წლის მოხმარების ტოლია.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3yIGPRL 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები