მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გასული კვირის მთავარი ეკონომიკური მოვლენები

63555cfcd56d4
ირაკლი მაკალათია
23.10.22 19:12
882
გთავაზობთ გასული კვირის (17 – 22 ოქტომბერი, 2022) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას

1. 2022 წლის იანვარ-სექტემბერის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა
2. უკრაინამ ივანიშვილის გარემოცვას სანქციები დაუწესა
3. სექტემბერში საქართველომ ტურიზმიდან 376 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო
4. რის ხარჯზე გავიდა მოგებაზე სახელმწიფო კომპანიები მოგებაზე 2021 წელს
5. საფინანსო სერვისების სექტორის 2021 წლის შედეგები
6. სექტემბერში ფულადი გზავნილები 85%-ით გაიზარდა
7. 2022 წლის 9 თვის საქართველოს ბიუჯეტის შესრულების ანგარიში
8. აუდიტის სამსახურისა და ეროვნული ბანკის დასკვნები 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე
9. საპენსიო სააგენტო 2021 წლის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
10. ქუთაისის პრესის სახლის ყოფილი შენობა გაიყიდა

1. 2022 წლის იანვარ-სექტემბერის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა

2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან გასული ექსპორტი 37.4%-ით გაიზარდა და 4 097.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 34.4%-ით გაიზარდა და 9 515.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ამ პერიოდში აღსანიშნავია, რომ საქართველომ რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა 50%-ით გაზარდა. ასევე, 2022 წლის ცხრა თვეში ექსპორტი 11%-ით, ხოლო იმპორტი 73%-ით გაიზარდა. რუსეთთან სავაჭრო ბრუნვის ზრდა განპირობებული იყო ნავთობპროდუქტების იმპორტის მატებით. რუსულ ნავთობზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდა მარტივი მიზეზითაა განპირობებული - ის ამჟამად საერთაშორისო ბირჟაზე ყველაზე იაფად ივაჭრება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3TuDleS; https://bit.ly/3TKYYHA; https://bit.ly/3gCqngg;

2. უკრაინამ ივანიშვილის გარემოცვას სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთისა და რუსული კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ ორ განკარგულებას მოაწერა ხელი. რითაც უკრაინამ ეკონომიკურ 256 პირს სანქციები დაუწესა. ე.წ. შავ სიაში მოხვდნენ ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი და მისი მეუღლე ქეთევან ხარაიძე; ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი ტიტე მამაცაშვილი; ბიზნესმენები დავით იაკობაშვილი, ალექსანდრე ჯაფარიძე და გიორგი ჯაფარიძე. ეკონომიკური სანქციები გულისხმობს: აქტივების დაბლოკვას, ეკონომიკურ აქტივობებში ჩართვის აკრძალვას, უკრაინის ტერიტორიაზე ოპერირების აკრძალვას, ლიცენზიების გაუქმებასა და სხვა ეკონომიკურ შეზღუდვებს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3MRniW1;https://bit.ly/3TqPhyc;
3. სექტემბერში საქართველომ ტურიზმიდან 376 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო

ეროვნული ბანკის სექტემბრის ტურიზმის ანგარიშის მიხედვით: სექტემბერში საქართველომ ტურიზმიდან 376 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რა წინა წელთან შედარებით 132%-ით არის გაზრდილი, ხოლო პირველ 9 თვეში ქვეყანაში ტურიზმიდან 2.5 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი შემოვიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 190%-ით აღემატება. რაც შეეხება აღდგენის დინამიკას, სექტემბერში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები 84%-ით, ხოლო 9 თვის მონაცემებით აღდგენის მაჩვენებელი 54%-ია.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3DgWD1v 

4. რის ხარჯზე გავიდნენ სახელმწიფო კომპანიები მოგებაზე 2021 წელს

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიში მიხედვით 2021 წელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიები ხუთწლიანი გადაბმული ზარალის შემდეგ, ჯამურად, მოგებაზე გავიდნენ, თუმცა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, მოგების მთავარი მიზეზი ლარის გაცვლითი კურსის გამყარება იყო. ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით კი, სახელმწიფო საწარმოების მოგება ქვეყანაში გაუმჯობესებულმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ განაპირობა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3ToigCx 

5. საფინანსო სერვისების სექტორის 2021 წლის შედეგები

საქსტატმა 2021 წლის საფინანსო საქმიანობით დაკავებული საწარმოების სტატისტიკური გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საწარმოების დეკლარირებულმა შემოსავლებმა 7.1 მილიარდი ლარი შეადგინა. საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენდა 38.5 ათას ადამიანს, რომელთაგან 60.3% ქალი იყო.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3SrhWSr 

6. სექტემბერში ფულადი გზავნილები 85%-ით გაიზარდა

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, სექტემბერში უცხოეთიდან საქართველოში 387 მილიონი აშშ დოლარის გზავნილი გადმოირიცხა, რაც წინა თვესთან შედარებით 85%-ით არის გაზრდილი. ქვეყნების მიხედვით პირველ ადგილზეა რუსეთი (174 მლნ აშშ დოლარი), ხოლო მეორე-მესამე ადგილებს იტალია (36 მლნ აშშ დოლარი) და აშშ (29 მლნ აშშ დოლარი) იკავებენ.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3VSBTEL 

7. 2022 წლის 9 თვის საქართველოს ბიუჯეტის შესრულების ანგარიში

ფინანსთა სამინისტროს 2022 წლის 9 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, მთავრობამ უკვე 10.3 მილიარდი ლარის გადასახადები აკრიფა, რაც გეგმით გათვალისწინებულის 104% იყო. ყველაზე მეტი თანხა ბიუჯეტში 4.4 მილიარდი ლარი დღგ-დან შევიდა, რაც შეეხება პრივატიზაციიდან მიღებულ შემოსავლებს, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 157 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 80%-ია. მთავრობა წელს პრივატიზაციის გეგმას არ ცვლის და კვლავაც 300 მილიონი ლარის მობილიზებას გეგმავს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3z742hu ; https://bit.ly/3TR1TOZ 

8. აუდიტის სამსახურისა და ეროვნული ბანკის დასკვნები 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე

2023 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ დასკვნები წარადგინეს აუდიტის სამსახურმა და ეროვნულმა ბანკმა. აუდიტის სამსახურის დასკვნაში წერია, რომ მომდევნო წელს ბიუჯეტის დეფიციტი 2.9% იქნება, ხოლო სახელმწიფო ვალის მშპ-სთან ფარდობა 39%-მდე მცირდება. რეკომენდაციის სახით კი სთავაზობს, რომ ბიუჯეტში წარმოდგენილი ეკონომიკური შოკების ანალიზი უფრო მეტად უნდა ეფუძნებოდეს რაოდენობრივ ინდიკატორებს, ასევე მთავრობას ფისკალური რისკების დოკუმენტის გაუმჯობესებისკენაც მოუწოდებს. რაც შეეხება ეროვნული ბანკის დასკვნას, სებ-ი ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების ტენდენციას მიესალმება. ამასთან, ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ მთავრობის მიერ უფრო მეტი აქცენტის გაკეთება შიდა ვალის აღებაზე, ვალის პორტფელის დედოლარიზაციას უწყობს ხელს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3VTKsPt ; https://bit.ly/3soLLsh 

9. საპენსიო სააგენტო 2021 წლის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

საპენსიო სააგენტოს საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში ჯამში გაწევრიანებული იყო 1,235,938 დასაქმებული. საპენსიო ფონდში შეტანილი თანხის მოცულობამ კი 1,782,134,866.25 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან 2022 წლამდე საპენსიო ფონდში შენატანების მოცულობა 1.1 მილიარდი ლარიდან თითქმის 2.7 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3VROgk6 

10. ქუთაისის პრესის სახლის ყოფილი შენობა გაიყიდა

„100 საინვესტიციო შეთავაზება შენი ბიზნესისთვის“ ფარგლებში, აუქციონზე ქუთაისის პრესის სახლის ყოფილი შენობა 3.14 მლნ ლარად მიხეილ ჩუბინიძემ შეიძინა. საინვესტიციო შეთავაზებაში შენობის პროფილად სასტუმროა მითითებული, თუმცა ახალ მფლობელს ქონების შეძენის პარალელურად რაიმე სახის ვალდებულება არ დაკისრებია.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3sk5Vn4 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები