მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის TOP-10 ეკონომიკური მოვლენა

6249af5d240a1
ირაკლი მაკალათია
03.04.22 18:23
1215
გთავაზობთ გასული კვირის (28 მარტი – 2 აპრილი, 2022) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას

1. 2022 წლის თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 14.6%-ით გაიზარდა
2. ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11.0%-მდე გაზარდა
3. საწვავზე ფასების შესამცირებლად მთავრობა აქციზსა და დღგ-ზე საგადასახადო განაკვეთის კორექტირებას არ გეგმავს
4. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით - ანაკლიის პორტით რამდენიმე ინვესტორი დაინტერესდა
5. IMF-ის ახალი პროგრამა საქართველოში
6. თებერვალში საქართველოს სავალუტო რეზერვები 47 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი კი მშპ-ს 10%-მდე შემცირდა
7. საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 21.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა
8. CRRC-ის ეკონომიკური კვლევის შედეგები საქართველოში
9. 2017-2021 წლებში მთავრობამ საარბიტრაჟო დავებში 135 მლნ ლარზე მეტი დახარჯა
10. ყაზახეთი ტვირთებს საქართველოს გავლით გადაზიდავს


1. 2022 წლის თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 14.6%-ით გაიზარდა

2022 წლის თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ 14.6% შეადგინა. ექსპორტისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვან ზრდასთან ერთად დიდი წილი სწორედ 2021 წლის თებერვალში შემცირებულ ეკონომიკასთან (-5,1%) შედარებამ გამოიწვია. 2019 წელს თუ საბაზისოდ ავიღებთ, 2022 წლის თებერვალში 2019 წლის თებერვალთან შედარებით ეკონომიკა 8.8%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს, შემდეგია: საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2022 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3%-მდე შეამცირა, 2%-იან ეკონომიკურ ზრდამდე შეამცირა ,,EBRD’’-მა. თავის მხრივ, 3-4%-მდე შეამცირა პროგნოზი ეროვნულმა ბანკმა, Galt & Taggart-ის შეფასებით კი არ არის გამორიცხული საქართველოს ეკონომიკა 4.0-4.5%-ით გაიზარდოს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3K2QGX7; https://bit.ly/3LAFxwP; https://bit.ly/3LEyrHY; https://bit.ly/3K1jA9Z


2. ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11.0%-მდე გაზარდა

ინფლაციის მაღალი ტემპის მოთოკვისათვის, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაამკაცრა. შედეგად რეფინანსირების განაკვეთი 0,5%-ით, 11.0%-მდე გაზარდა. “საზოგადოება და ბანკების” ინფორმაციით, 2022 წლის 1 მარტის მდგომარეობით, საქართველოში ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 191 800 სესხია გაცემული, რომელთაც საპროცენტო განაკვეთი გაეზარდათ.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3jfFAlT; https://bit.ly/3tYT9MA; https://bit.ly/3DFDepB


3. საწვავზე ფასების შესამცირებლად მთავრობა აქციზსა და დღგ-ზე საგადასახადო განაკვეთის კორექტირებას არ გეგმავს

საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასების ზრდამ თავის მხრივ გამოიწვია საქართველოს ბაზარზე საწვავის ფასის ზრდა, რასაც ეროვნული ვალუტის გაუფასურების შედეგად გაძვირებული იმპორტის ხარჯები ემატება. ის ბერკეტები, რითაც სახელმწიფოს შეუძლია საერთაშორისო ფასების ზრდის ეფექტის შემცირება ქვეყანაში არის, ეროვნული ვალუტის კურსის გამყარება და მეორე - აქციზისა და დღგ-ის შემცირება. საწვავის ფასების ზრდას სოციალური პროტესტი მოყვა გასულ კვირას, სადაც მოქალაქეები მთავრობას საწვავზე ფასების შემცირებისათვის შესაბამის ქმედებებს სთხოვდნენ. თუმცა, ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით სახელმწიფოს მხრიდან საწვავის იმპორტზე დაწესებული გადასახადების გაუქმება ადეკვატურ ზომას არ წარმოადგენს, ამასთან დასძინა, რომ მთავრობა ფასების შენარჩუნებისთვის სადაზღვევო მექანიზმების შემუშავებაზე მუშაობს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ რა მექანიზმებს გულისხმობდა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3NJJbqk; https://bit.ly/3iX7B1e; https://bit.ly/3u2Qz8b


4. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით - ანაკლიის პორტით რამდენიმე ინვესტორი დაინტერესდა

მთავრობის ეკონომიკური გუნდის გამოწვევას კვლავაც წარმოდგენს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი. ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტით “რამდენიმე ინვესტორი დაინტერესდა”. თუმცა მინისტრი არ ასახელებს პროექტით დაინტერესებულ ინვესტორებს. მას შემდეგ, რაც მთავრობამ 2020 წლის იანვარში ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან არსებული ხელშეკრულება გაწყვიტა და საარბიტრაჟო დავა დაიწყო, პროექტის განვითარების მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3tXZpnH; https://bit.ly/3ubd5vX


5. IMF-ის ახალი პროგრამა საქართველოში

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოსთვის 3-წლიანი ,,მხარდამჭერი ეკონომიკური პროგრამა’’ დაამტკიცა, რისთვისაც სპეციალური ნასესხობის უფლებით 289 მლნ აშშ დოლარს გამოყოფს. პროგრამის მიზანი მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაა, თუმცა ოფიციალურ განცხადებაში არ არის მითითებული კონკრეტულად რა რეფორმების გატარება მოუწევს საქართველოს მთავრობას.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/38hjpJv; https://bit.ly/3j5kHJH


6. თებერვალში საქართველოს სავალუტო რეზერვები 47 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი კი მშპ-ს 10%-მდე შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით თებერვალში საქართველოს სავალუტო რეზერვები 47 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა და 3.99 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, აღნიშნული კლება კი შიდასამთავრობო კონვერტაციებს უკავშირდებოდა.
დეფიციტური იყო 2021 წელს საქართველოს საგადასახადო ბალანსი, დეფიციტმა 1.83 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის მშპ-ს 9.8% იყო.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/36JA0F; https://bit.ly/3u32lzn


7. საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 21.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 21.8 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც 2021 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 116,8%-ია. სახელმწიფო საგარეო ვალმა 10.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წარმოდგენილია შემდეგი ინსტიტუტების მიხედვით: სამთავრობო სექტორი ( 8.0 მლრდ აშშ დოლარი); ეროვნული ბანკის ვალდებულებები (954.1 მლნ აშშ დოლარი); სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები (503.0 მლნ აშშ დოლარი) და სახელმწიფო საწარმოების სესხები (1.2 მლრდ აშშ დოლარი). საგარეო ვალში სწორედ სახელმწიფო ვალი არის ყველაზე პრობლემატური, რადგან ამ ვალის გასტუმრება გადასახადების გადამხდელთა ფულით ხდება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3JYTJzr; https://bit.ly/3iWq9Pj


8. CRRC-ის ეკონომიკური კვლევის შედეგები საქართველოში

CRRC-ის კვლევის "კავკასიის ბარომეტრი 2021"-ის შედეგებით, რომელიც 2021 წლის 17 დეკემბრიდან 2022 წლის 31 იანვრის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მოსახლეობისთვის მთავარი ეკონომიკური პრობლემებია: უმუშევრობა (35%), სიღარიბე (20%) და ინფლაცია (12%). მძიმე სურათს წარმოადგენს ის, რომ გამოკითხულთა 33%-ს ფული საკვებზეც კი არ ყოფნის და მხოლოდ 3%-ს აქვს საშუალება შეიძინოს ყველაფერი, რაც სჭირდება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3uSfQkG


9. 2017-2021 წლებში მთავრობამ საარბიტრაჟო დავებში 135 მლნ ლარზე მეტი დახარჯა

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს (TI) გამოკვლევით საქართველოს მთავრობა 10-ზე მეტ საერთაშორისო საარბიტრაჟო დავაში არის ჩართული, სადაც დაქირავებული იურისტების ჰონორარების ჯამმა 2017-2021 წლებში 135 მლნ ლარი შეადგინა. შედარებისთვის, 2011-2016 წლებში დადებული კონტრაქტების ჯამური ღირებულება 5 მლნ ლარს არ აღემატებოდა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/38pz5dZ


10. ყაზახეთი ტვირთებს საქართველოს გავლით გადაზიდავს
დასავლეთის მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციების შემდეგ ყაზახეთის მთავრობამ საექსპორტო და სატრანზიტო ტვირთების გადასაზიდად ალტერნატიული გზების ძიება დაიწყო. შეთანხმება უკვე მიღწეულია აზერბაიჯანთან, საქართველოსა და თურქეთთან მარშრუტზე ერთობლივი საწარმოს შექმნაზე, ამავე დროს იგეგმება საზღვაო პორტის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაზე საკონტეინერო ჰაბის შექმნა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3wXJsjp

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები