მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის TOP-10 ეკონომიკური მოვლენა

62b7f2f0b8730
ირაკლი მაკალათია
26.06.22 17:00
2304
გთავაზობთ გასული კვირის (20 – 25 ივნისი, 2022) TOP-10 ეკონომიკურ მოვლენას:

1. რა პერსპექტივები დაკარგა საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ვერ მიღებით და რამდენად არის მზად მთავრობა ევროკავშირის 12 ვალდებულების შესრულებაზე
2. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლის ფაქტჩეკი
3. 2022 წლის I კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 14.9%-ით გაიზარდა
4. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დატოვა
5. საქსტატმა 2022 წლის იანვარ-მაისის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა გამოაქვეყნა
6. რა ფორმით გულისხმობს IMF-ის პროგრამა საპარტნიორო ფონდის საქმიანობის შეზღუდვას და ახალი კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მთავრობას “საინვესტიციო ფონდებში” წილების ფლობის უფლება მიენიჭება
7. რა შედეგით დასრულდა "IDS ბორჯომი საქართველოს" მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის შეთანხმება
8. მთავრობამ ახალი სსიპ - კურორტების განვითარების სააგენტო შექმნა
9. PMC კვლევითი ცენტრის კვლევა - დასაქმების, შრომის ანაზღაურებისა და ვაკანსიების მაჩვენებლები
10. მშენებლობის ღირებულების ინდექსი 13.0%-ით გაიზარდა


1. რა პერსპექტივები დაკარგა საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ვერ მიღებით და რამდენად არის მზად მთავრობა ევროკავშირის 12 ვალდებულების შესრულებაზე
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების სტატუსის მინიჭებას, ხოლო საქართველომ ევროპული პერსპექტივა მიიღო, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად კი 12 მოთხოვნა უნდა შეასრულოს. რაც შეეხება საქართველოს შესახებ პროგრესის შეფასებას, ევროკავშირი მას 2022 წლის დეკემბერში წარადგენს. რაც შეეხება ეკონომიკურ ნაწილს, საქართველომ კანდიდატის სტატუსის ვერ მიღებით დაკარგა წვდომა ფინანსურ ინსტრუმენტ IPA III-ზე, რომლის ბიუჯეტიც 14 მილიარდი ევროა და რომელიც 5 თემატურ მიმართულებას მოიცავს. ასევე ევროკავშირის სხვადასხვა მიმართულების 11 პროგრამაზე. ევროკავშირი საქართველოს დონორი და მხარდამჭერი1992 წლიდან არის, რომელიც საქართველოს სხვადასხვა მიმართულების პროგრამებით, გრანტებით, შეღავათიანი სესხებითა და ფინანსური ინსტრუმენტებით ეხმარება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/39WSwfm ; https://bit.ly/3yuy7YB ; https://bit.ly/3nixWsF 


2. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლის ფაქტჩეკი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება უსამართლოდ შეაფასა, ხოლო "ევროპული პერსპექტივის’’ მიღება ხელისუფლების მკაფიო პოზიციის დამსახურებულად მიიჩნია. პრემიერის განცხადებით, ევროკომისიის რეკომენდაციებში ნახსენები პირობების შესასრულებლად მზად არიან. რაც შეეხება ევროკომისიის 12-დან ერთ-ერთ რეკომენდაცია - დეოლიგარქიზაციას, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მთავრობა ამ საკითხზე ბრიუსელიდან დამატებით განმარტებას მოითხოვს. ინდექსების შესახებ პრემიერის შეფასებაზე BMG-მ განცხადების ფაქტჩეკი წარმოადგინა და მოყვანილი მონაცემების სიზუსტე შეამოწმა, რასაც შეგიძლიათ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: https://bit.ly/3QHrRDP 

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3Nmdjqh ; https://bit.ly/3u1dW1q ; https://bit.ly/3u1T7D0 

3. 2022 წლის I კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 14.9%-ით გაიზარდა
2022 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.9%-ით გაიზარდა. მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურაში პირველია ვაჭრობა, რომელსაც მშპ-ში 14.8% უჭირავს, მეორე-მესამე ადგილებზეა დამამუშავებელი მრეწველობა (12.0%) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.1%).

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3nfcZie 

4. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დატოვა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა. ეროვნული ბანკის განცხადების თანახმად, მიუხედავად ქვეყანაში ორნიშნა ინფლაციის მაჩვენებლებისა, რეფინანსირების განაკვეთის შეცვლის აუცილებლობას არ დგას. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 3 აგვისტოს გაიმართება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3QG0AS2 


5. საქსტატმა 2022 წლის იანვარ-მაისის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა გამოაქვეყნა
2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 37.4%-ით გაიზარდა და 6 933.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში 37.4%-ით გაიზარდა ექსპორტის მაჩვენებელი და 2 112.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 37.3%-ით გაიზარდა და 4 821.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებული პროდუქციის წილი მთლიან ექსპორტში 16.4%-დან 22.3%-მდე გაიზარდა. ძირითად ექსპორტირებული პროდუქტები კი არის: სპილენძის მადნები და კონცენტრატები, თხილი და კაკალი, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები და მინერალური სასუქები. ომის მიუხედავად საქართველოდან რუსეთში ექსპორტის მოცულობა 3.7%-ით გაიზარდა და 210.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, იმპორტი კი 40,5%-ით გაიზარდა. მთავარი იმპორტირებული პროდუქტი კი ნავთობი და ნავთობპროდუქტებია, რომელთა იმპორტი წინა წელთან შედარებით 148%-ით გაიზარდა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3QKmyn5 ; https://bit.ly/3btsbWD ; https://bit.ly/39Pl5uY ; https://bit.ly/3u3uYvX 

6. რა ფორმით გულისხმობს IMF-ის პროგრამა საპარტნიორო ფონდის საქმიანობის შეზღუდვას და ახალი კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მთავრობას “საინვესტიციო ფონდებში” წილების ფლობის უფლება მიენიჭება
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) საქართველოს 280 მლნ აშშ დოლარის დაფინანსებით სამწლიანი პროგრამა დაუმტკიცა, რომლის ერთ-ერთი მუხლი საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო საქმიანობის შეზღუდვას გულისხმობს, რაც ნიშნავს, რომ ფონდი ახალ პროექტებში ინვესტიციებს ვერ ჩადებს და ვერც ახალ ფინანსურ ვალდებულებებს ვერ აიღებს. თუმცა რამდენად ფუნდამენტურად შეიცვლება აქტივების მართვა, მაშინ როდესა მთავრობა ფონდის ბალანსზე არსებული საქართველოს რკინიგზისა და ნავთობისა და გაზის კორპორაციის სახელმწიფოსთვის გადაცემას გეგმავს. მეტიც, მთავრობის წევრების მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფოს “საინვესტიციო ფონდებში” წილების ფლობის უფლება მიენიჭება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3u0YToq ; https://bit.ly/3HT67Rl ; https://bit.ly/3HTggxj ; https://bit.ly/3HTWemd 

7. რა შედეგით დასრულდა "IDS ბორჯომი საქართველოს" მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის შეთანხმება
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წარმატებით დასრულდა "IDS ბორჯომი საქართველოს" მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის მოლაპარაკება, შედეგად, დასაქმებულები ქარხანაში მუშაობას განაგრძობენ, ხოლო "IDS ბორჯომი საქართველო" სრულფასოვნად ფუნქციონირებას უახლოეს პერიოდში აღადგენს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3xX35H4 

8. მთავრობამ ახალი სსიპ - კურორტების განვითარების სააგენტო შექმნა
329-ე დადგენილებით, მთავრობამ 20 ივნისს ახალი სსიპ - კურორტების განვითარების სააგენტო შექმნა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება. დადგენილება ძალაში 15 ივლისიდან შევა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3Olu06A 

9. PMC კვლევითი ცენტრის კვლევა - დასაქმების, შრომის ანაზღაურებისა და ვაკანსიების მაჩვენებლები
PMC კვლევითი ცენტრის მონაცემებით, 2022 წლის მაისში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5%-ით გაიზარდა. 600-ლარამდე ხელფასი 231 ათას დასაქმებულს ჰქონდა, რომლებიც დაქირავებით დასაქმებულთა 24.3%-ს შეადგენდა. რაც შეეხება ვაკანსიებს, 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მაისის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო თვიური ზრდის ტემპი 9.6% იყო.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3u1ClEh 

10. მშენებლობის ღირებულების ინდექსი 13.0%-ით გაიზარდა
საქსტატის კვლევის მიხედვით, 2022 წლის I კვარტალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.8%-ით გაიზარდა, რისი მთავარი გამომწვევი მიზეზი იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 13.6%-იანი ზრდა, რაც 8.12%-ული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3QS5yvk 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები