მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მდიდრებს პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენის მოხდენის საშუალება არ უნდა მიეცეთ" - ელჩი დეოლიგარქიზაციის კანონზე

648ad8f2b32fc
თამთა ჯიჯავაძე
15.06.23 13:56
548
უნდა შეიქმნას გარემო იმისთვის, რომ მდიდარ ადამიანებს არ მიეცეთ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენის მოხდენის საშუალება, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ დეოლიგარქიზაციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც დიპლომატმა აღნიშნა, ევროპა ელოდება, რომ საქართველო პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის საკითხს გადაწყვეტს.

ამასთან, ჰერჩინსკი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ვენეციის კომისიის დასკვნას, რომლის შეფასებითაც "ქართული ოცნების" მიერ მომზადებული კანონპროექტი "დეოლიგარქიზაციის შესახებ" ადამიანის უფლებების შემზღუდველია და მისი მეშვეობით დეოლიგარქიზაციის მიზნის მიღწევა არ ხდება.

„დეოლიგარქიზაცია არის 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთი. ეს არის პრიორიტეტი ნომერი 5. ეს პრიორიტეტი ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ გასულ წელს უმაღლეს დონეზე შეათანხმა, სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების დონეზე, შარშან. ველოდებით, რომ საქართველო გადაწყვეტს პოლიტიკურ ცხოვრებაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის საკითხს. ეს არა მარტო საქართველოს, არამედ მრავალი სხვა ქვეყნის, განსაკუთრებით ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების პრობლემაა. ვენეციის კომისიამ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ მმართველი უმრავლესობის მიერ არჩეული მიდგომა, კერძოდ, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი არ არის სწორი მიდგომა, რომ უამრავ რისკს შეიცავს. სწორედ ამიტომ, ჩვენ მოველით სისტემურ მიდგომას, როგორც ეს ვენეციის კომისიამ განაცხადა. სისტემური მიდგომა ნიშნავს ბევრ სხვადასხვა რამეს, რაც უნდა გაკეთდეს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების გასაძლიერებლად. ეს არის ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა, პოლიტიკური კამპანიების დაფინანსება, არჩევნების დაფინანსება, მედიის თავისუფლება, მართლმსაჯულების რეფორმა, მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. ასე რომ, უნდა შეიქმნას გარემო იმისთვის, რომ მდიდარ ადამიანებს არ მიეცეთ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენის საშუალება და ჩვენ, ევროკავშირი, აქ ვართ, რათა დავეხმაროთ საქართველოს ჩვენი გამოცდილებით და ექსპერტებით, როგორიც არ უნდა იყოს პოლიტიკური ელიტების მიერ არჩეული გზა“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

შეგახსენებთ, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ოლიგარქების გავლენის შემცირებისთვის საუკეთესო თავად ძლიერი და დამოუკიდებელი ინსტიტუტების ქონაა.

"ნაცვლად იმისა, რომ ოლიგარქიულ გავლენას ეფექტურად ებრძოლოს, დეოლიგარქიზაციის ამ ტიპის კანონმდებლობა წარმოშობს რისკს, რომ ის ხელისუფლებაში მყოფთა ხელში პოლიტიკური ოპონენტების შევიწროების მიზნით სახიფათო იარაღად იქცეს,"- აღნიშნულია ვენეციის კომისიის მოსაზრებაში.

თუმცა, არსებულ კანონპროექტს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ პარლამენტმა მეორე მოსმენით ორი დღის წინ დაუჭირა მხარი, მაშინ როცა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა პარლამენტს მოუწოდებს, გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის შეფასება და დეოლიგარქიზაციის კანონპროეტს მხარი არ დაუჭიროს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები