„საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარიას განცხადებით, საჯარო სამსახურიდან თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება საჯარო მოსამსახურეთა საჩვენებელი-სადამსჯელო ღონისძიებებია. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც საჯარო მოხელეების წინააღმდეგ წარმოებულ რეპრესიებზე ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, არასამთავარობო ორგანიზაციები საჯარო სამსახურში მიმდინარე რეპრესიების დოკუმენტირებას ახდენენ და მიმდინარე სახელმწიფო ტერორის შესახებ მტკიცებულებების საერთაშორისო საზოგადოებას მიაწვდიან.
„3 დეკემბრის ბრიფინგზე ირაკლი კობახიძე „სათანადო რეაგირებით” დაემუქრა იმ საჯარო მოხელეებს, რომლებმაც ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების თაობაზე საპროტესტო განცხადებას მოაწერეს ხელი. ანალოგიურად, თბილისის მერმა, კახა კალაძემ, მერიის თანამშრომლების მიერ გავრცელებულ კრიტიკულ პეტიციას „სახელმწიფო გადატრიალების და უწყებების ჩამოშლის მცდელობა” უწოდა და დაიმუქრა, რომ საბოტაჟის მცდელობა არ დარჩებოდა პასუხგაუცემელი.
გაჟღერებული მუქარა რამდენიმე დღეში იქნა რეალიზებული და „ქართულმა ოცნებამ” 13 დეკემბერს, 5-დღიანი განხილვის შედეგად, დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილები „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში, რითაც პროფესიონალიზმზე და ნეიტრალიტეტის პრინციპებზე დაფუძნებული საჯარო სამსახური პარტიული მორჩილების ინსტრუმენტად აქცია.
დეკემბრის ბოლო რიცხვებიდან საჯარო სამსახურში დასაქმებულმა პირებმა მათი მოსაზრებების გამო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების, მიზანმიმართულად დაბალი შეფასების მიღების ან სხვაგვარი შევიწროვების ფაქტების შესახებ დაიწყეს საჯაროდ საუბარი. გათავისუფლებების ფორმა, მასშტაბი, დაუსაბუთებლობა, შერჩეული დრო და სხვა გარემოებები მიუთითებს, რომ ეს საჯარო მოსამსახურეთა საჩვენებელი-სადამსჯელო ღონისძიებებია.
- პოლიტიკური მოტივით გათავისუფლებები
გათავისუფლების ფორმალურ საფუძვლად როგორც წესი მითითებულია ხელშეკრულებების ვადის გასვლა. ფაქტობრივად კი, სამსახურებიდან დაითხოვეს ის საჯარო მოსამსახურეები რომლებმაც:
- ხელი მოაწერეს შესაბამისი სამსახურის სახელით საპროტესტო განცხადებებს და მოითხოვეს კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვა;
- მონაწილეობენ საპროტესტო აქციებში;
- საჯაროდ, მათ შორის სოციალურ მედიაში აკრიტიკებენ სახელმწიფოს მიერ ჩადენილ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგებბის მიმართ.
დისკრიმინაციული მოტივით საჯარო მოხელეები გაათავისუფლეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, თბილისის მერიის ააიპ საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტოდან, თბილისის მერიის სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოდან; სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან, საქართველოს პარლამენტიდან, საგარეო საქმეთა სამინისტროდან, იუსტიციის სახლიდან, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-დან, რუსთავის მუნიციპალიტეტიდან, ადიგენის მუნიციპალიტეტიდან, სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოდან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან,
შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან, სსიპ იურიდიული დახმარების ბიუროდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან, მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობიდან;
- რეორგანიზაცია, როგორც რეპრესიული იარაღი
რეპრესიის იარაღად, ტრადიციულად, აქტიურად გამოიყენება რეორგანიზაცია. აღსანიშნავია, რომ უკანონო რეორგანიზაციათა მხარდაჭერისთვის კანონში სპეციალური ცვლილებებიც შევიდა, მათ შორის ისიც, რომ ამ მექანიზმით უკანონოდ გათავისუფლებული პირები, სასამართლო საქმის მოგების შემდეგაც კი, ვერ შეძლებენ სამსახურში აღდგენას.
- საჯარო მოხელის შეფასების სისტემა, როგორც რეპრესიის ინსტრუმენტი
გათავისუფლებების გარდა, რეპრესიის იარაღად გამოიყენება საჯარო მოხელის დაბალი შეფასების ქულების დაწერა. ვრცელდება ცნობები, რომ ბათუმის მერიის 26 თანამშრომელი, ვინც ხელი მოაწერა საპროტესტო განცხადებას, დადის აქციებზე და ღიად აფიქსირებს პოზიციას - შეფასებისას დასაბუთების გარეშე დაბალი ქულებით შეაფასეს და ე წ. “მეცამეტე ხელფასი” გაუნახევრეს.
ამ დროისთვის “საჯარო მოხელეთა დამოუკიდებელი პროფკავშირის - “კონსტიტუციის 78-ე მუხლის” ინფორმაციით, გათავისუფლებულია 16 საჯარო უწყების 70 თანამშრომელი. ათობით დასაქმებული საუბრობს დისკრიმინაციული მოპყრობაზე, რაც გამოიხატა დაუსაბუთებლად ნეგატიურ შეფასებებში, ჯილდოსა და დანამატის შეზღუდვაში.
საჯარო სექტორში დაწყებული რეპრესიები „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებთან ერთად მიზნად ისახავს საჯარო სამსახურის პარტიული ვერტიკალისთვის უფრო მეტად დაქვემდებარებას. ამგვარი პოლიტიკური რეპრესიების მიზანია საჯარო სამსახურში დასაქმებულებმა - მოხელეებმა და ხელშეკრულებებით დასაქმებულმა პირებმა, სამსახურის დაკარგვის შიშით უარი თქვან პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვაზე, ან აქტიურ სამოქალაქო მონაწილეობაზე.
აღნიშნული ქმედებების ერთობლიობა შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, რომელიც გულისხმობს დევნას, ჩადენილს სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით.
ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციები მხარდაჭერას ვუცხადებს თითოეულ საჯარო მოსამსახურეს, რომლებიც წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებიან საზოგადოებას და მხარს უჭერენ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვას. ჩვენ ვახორციელებთ საჯარო სამსახურში მიმდინარე რეპრესიების დოკუმენტირებას და მიმდინარე სახელმწიფო ტერორის შესახებ მტკიცებულებების საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიწოდებას.
ასევე, პოლიტიკური ნიშნით საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულ, ან შევიწროებულ მოხელეებს ვთავაზობთ იურიდიულ დახმარებას და სასამართლო წარმომადგენლობას. ამისთვის, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: 599 948 671", - აცხადებს ნინო ლომჯარია.