პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, ჯანდაცვის სისტემაში სახელმწიფო კომპონენტი უნდა გაძლიერდეს.
მისივე თქმით, პროცესი უკვე დაწყებულია და მას მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ხელმძღვანელობს.
„უკვე შეიქმნა კლინიკა რუხში, ბათუმშიც, ასევე რესპუბლიკურში მიმდინარეობს განახლება. ეს უნდა იყოს ის სახელმწიფო ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს კი არ შეუშლის კერძო ინფრასტრუქტურას, არამედ მიეხმარება მას. ზოგ შემთხვევაში სერიოზული კაპიტალია საჭირო, რომ ზოგიერთი სამედიცინო კომპონენტი გაძლიერდეს ქვეყანაში. ასეთი ღონისძიებები აუცილებლად გასატარებელია, მით უმეტეს ისეთ სფეროებში, როგორიც არის ჯანდაცვა. ამიტომ სტანდარტის დადგენა ისეთ სფეროებში, როგორიც არის ჯანდაცვა და სახელმწიფოს ყოფნა ამ ბაზარზე არის აუცილებელი, მაგრამ ფრთხილად, ისე, რომ კერძო ინიცატივას ხელი არ შევუშალოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, პროგრამა უკვე არსებობს, რომელიც შექმნილია დონორებთან ერთად იმის შესახებ, თუ რა სახე უნდა მიიღოს სახელმწიფო კორპორაციამ ჯანდაცვაში. გარდა ამისა, გახარიას ინფორმაციით, ახალი კლინიკების შექმნისთვის და ზოგიერთის განახლებისთვის ფინანსების მოზიდვაზე ზრუნვა უკვე დაწყებულია.
ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე წლის თებერვალში შეიქმნა სახელმწიფო ჰოლდინგი, რომელსაც გიორგი ჩოგოვაძე ხელმძღვანელობს. ჰოლდინგში ამჟამაფდ სამი კლინიკაა გაერთიანებული : „რესპუბლიკური საავადმყოფო“, „ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“ და „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“.




























