"თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე ამბობს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესმენების შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ძირითად მიმართულებას - როგორ იხსნება ბიზნესები და რა სტრუქტურული რეფორმები გატარდება ეკონომიკის გაძლიერებისთვის.
ბუცხრიკიძემ განცხადება გააკეთა შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, შეხვედრაზე ითქვა, რომ ეკონომიკის გახსნაში პირველი რიგის პრიორიტეტი არის განათლება, სავაჭრო სფერო, რესტორნები და ა.შ.
„დღევანდელი საუბარი ორი საკითხისგან შედგებოდა - კოვიდ-გამოწვევები, მთავრობა რას ფიქრობს, როგორ იხსნება დღეს ბიზნესები და როგორია პერსპექტივა. პრემიერმა ისაუბრა როგორ შეიძლება გაზაფულის ბოლოსთვის, ზაფხულში მთლიანი ბიზნესი გაიხსნას - ეს ერთი. მეორე საკითხი ეხებოდა საშუალოვადიან განვითარებას, თუ რას სტრუქტურული რეფორმები გატარდება, რომ ბიზნესი უფრო ეფექტიანი და კონკურენტული გახდეს, რათა ეკონომიკა გაძლიერდეს. ასევე რა ფუნდამენტური ცვლილებებია ეკონომიკაში საჭირო. პრემიერი მზად არის 24 საათის რეჟიმში შეხვდეს ბიზნესმენებს. შეხვედრა ერთჯერადი არ იყო და ყოველთვიურად გაგრძელდება“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
მისივე თქმით, საუბარი არ შეხებია, სესხებს, ბანკებს და რაიმე საკითხს ამ მიმართილებით.
„ბანკებზე არ გვისაუბრია, აქ სხვადასხვა ინდუსტრიები იყვნენ, ისმებოდა კითხვები, მაგალითად რომელ საათამდე შეუძლიათ მუშაობა, შაბათ-კვირის საკითხი როდის გადაწყდება, და ამაზე პრემიერმა კითხვები ჩაინიშნა“, - განაცხადა ბუცხრიკიძემ.




























