პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
ამ კანონმა ადგილობრივი წარმოება დემპინგური იმპორტისგან უნდა დაიცვას, ანუ თუ რომელიმე პროდუქტი საბაზრო ღირებულებაზე იაფად იყიდება, კონკურენციის სააგენტოს ამ კონკრეტული ინდუსტრიის წარმომადგენლების 50%-ზე მეტმა უნდა მიმართოს, რომ შემდეგ უწყებამ მოკვლევა დაიწყოს, მართლაც აქვს თუ არა ადგილი დემპინგს. სააგენტოს ამ ყველაფრის დასადგენად 12 თვე ექნება, თუმცა ჯერ შესაბამისი კადრები უნდა მოიძიოს, რასაც, დაახლოებით, ერთი წელი დასჭირდება.
ერთი წლის თავზე კანონი თუ ამოქმედდა და კონკურენციის სააგენტომ რომელიმე იმპორტიორი დემპინგურ პოლიტიკაში ამხილა, იმ უცხოურ კომპანიას უწყება სპეციალურ ტარიფს დაუწესებს, რაც იმპორტიორს საქართველოს ბიუჯეტის სასარგებლოდ ექნება გადასახდელი. სწორედ ამ ფაქტორის გამო, ორგანიზაციის „დემოკრატიის ინდექსი-საქართველოს“ წარმომადგენელმა გიორგი მელიქიძემ საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ თუ ვინმე კანონის კონკრეტულ მუხლს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს, შეიძლება რეფორმას საფრთხე შეექმნას, რადგან ახალი გადასახადის შემოღების უფლება პარლამენტს არ აქვს.
„თქვენ ამ კანონპროექტით გინდათ, რომ შემოიტანოთ ანტიდემპინგური ტარიფი იმპორტიორი კომპანიებისთვის. თუ ეს კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა, მიუხედავად იმისა, რომ ტარიფი აწერია ამ ღონისძიებას, შინაარსობრივად, ბიუჯეტში გადარიცხვის შემდგომ, ეს გახდება ფულადი უპირობო შენატანი, რაც საბოლოოდ შეიძლება გახდეს მისი გაუქმების საფუძველი, რადგან საქართველოს კონსტიტუცია სპეციფიკურ ნორმას შეიცავს, რომლითაც პარლამენტს არ აქვს უფლება გადასახადი შემოიღოს რეფერენდუმის გარეშე, თან დავამატებ, რომ ეს საერთაშორისო ხელშეკრულებებშიც როგორც გადასახადი, ისეა მოხსენიებული და ეს ნორმა ამ კანონპროექტში არ არის რიგითი ნორმა, მთლიანად ტარიფზეა ეს კანონი დაფუძნებული და თუ ის გაუქმდა, მთლიანად რეფორმას ჩააგდებს და საკომიტეტო განხილვებიც არაეფექტურად იქნება გამოყენებული“, - განაცხადა გიორგი მელიქიძემ.
სხდომაზე მას ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ უპასუხა.
„ჩვენ აქ არ შემოგვაქვს ახალი გადასახადი. ეს არის დროებითი ზომა და გადასახადი იმისთვის, რომ ის დარღვევით ვაჭრობა, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება, გასწორდეს. აქედან გამომდინარე, ხდება შესაბამისი ტარიფის დადგენა. გადასახადი არის, როცა მუდმივი არის და მუდმივად შემოდის, ამ შემთხვევაში კი ეს დროებითი ზომაა, მაქსიმუმ 5 წლის ვადით და შემდეგ უქმდება, ამიტომ როგორც ახალ გადასახადად არ უნდა კვალიფიცირდეს“, - განმარტა გენადი არველაძემ.
მისივე განცხადებით, ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ კანონი ძალაში 2021 წლის პირველი იანვრიდან შევა, თუმცა პრაქტიკაში ქვეყანა მას მომავალი წლის ივნისიდან გამოიყენებს.