მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„გაზპრომის დოკუმენტთან“ და ფასების ზრდასთან დაკავშირებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს - სუს

სუსი

ორივე საკითხთან [სურსათის ფასებთან და გაზპრომის დოკუმენტთან] დაკავშირებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

უწყების თქმით, პასუხობს მედიის კითხვებს „გაზპრომის“ დოკუმენტთან, ფასების მატებასა და სურსათის ფასების სფეროში სავარაუდო კორუფციულ ფაქტებთან დაკავშირებით.

მედიის მიერ დასმულ კითხვებში ინტერესის საგანი იყო, რა ეტაპზეა გამოძიება „გაზპრომის დოკუმენტთან“ დაკავშირებით და გამოიკითხნენ თუ არა მთავრობის ადმინისტრაციიდან ინფორმაციის გამოქვეყნებაზე და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები, მათ შორის ლევან ჟორჟოლიანი და აიტი უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები. ასევე, ფასების ზრდასთან დაკავშირებული მოკვლევის ფარგლებში, გამოიკითხა თუ არა ეროვნული ბანკის წარმომადგენელი, მათ შორის ნათია თურნავა, და ხომ არ გამოკითხულა იგი ენერგეტიკის სფეროში არსებული შესაძლო კორუფციული ფაქტების გამოძიების ფარგლებში, როგორც ეკონომიკის ყოფილი მინისტრი.

სუს-ის პასუხის თანახმად, ორივე საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

„რაც შეეხება გამოძიების დეტალებსა და ტაქტიკას ვინ, რა დროს და რომელი საგამოძიებო მოქმედების შემდეგ დაიკითხება ან რა შემდგომი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება ამ ინფორმაციის გასაჯაროების საჭიროებას გამოძიება თავად განსაზღვრავს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე,“ - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მედიის წარმომადგენლებს მოუწოდებს, მომავალშიც გაითვალისწინონ, რომ საგამოძიებო ტაქტიკასთან, მათ შორის დაკითხვების თანმიმდევრობასთან დაკავშირებული დეტალების გასაჯაროება ყოველთვის ვერ იქნება შესაძლებელი.

ცნობისთვის, "ოცნების" პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძემ გასული წლის ბოლოს სადისტრიბუციო კომპანიებთან და მარკეტებთან აქტიური მუშაობა დააანონსა. მისი განცხადებით, საქართველოში სურსათის ფასები ევროპის ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია, რაც სადისტრიბუციო კომპანიებისა და საცალო ქსელების მაღალი ფასნამატით არის გამოწვეული. ამასთან, კობახიძემ სამართალდამცავ უწყებებს ბაზრის მოთამაშეების მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების აღმოფხვრის მიზნით, საკითხის სიღრმისეული შესწავლა დაავალა. მანვე აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოიყენებენ. პარლამენტს კი საკითხის შესაფასებლად შესაბამისი საპარლამენტო ბერკეტების გამოყენების მიზნით საპარლამენტო კომისიის შექმნის თხოვნით მიმართა.

პარალელურად, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე 30 დეკემბრით დათარიღებული განკარგულების მიხედვით, კომისია ძირითადად მინისტრებისგანაა დაკომპლექტდება, მასში მონაწილეობას ასევე მიიღებს სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე და კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.

რაც შეეხება "გაზპრომის" დოკუმენტის საკითხს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რუსულ „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების გასაიდუმლოებული დანართის მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებისა და მედიაში გავრცელების მიზეზის გამოსაძიებლად სისხლის სამართლის საქმე 15 იანვარს აღძრა საბოტაჟისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის კვალიფიკაციით.

გასული წლის 25 დეკემბერს მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა Gazprom-თან დადებული ხელშეკრულების შესახებ განკარგულება, რომელსაც თან ერთოდა ფასის შესახებ ინფორმაცია. იმის მიუხედავად, რომ შეთანხმება კომერციული საიდუმლოება იყო, ეს ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდის საშუალებით გასაჯაროვდა.

დოკუმენტის გასაჯაროებაზე ცნობილი გახდა „ფორმულის“ გადაცემის, „ნამდვილი ამბავი ელისო ჯარიაშვილთან ერთად“, ანონსიდან, შემდეგ კი ამის შესახებ BM.GE-მაც დაწერა.

რამდენიმე საათში მთავრობის ვებგვერდიდან წაიშალა განკარგულება #2212, ხოლო მედიასაშუალებებმა გამოქვეყნებულ ახალ ამბებში შესწორება შეიტანეს. BM.GE-მ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე განკარგულების აღების გადაწყვეტილება მიიღო.

თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიისა და "გაზპრომის" ანგარიშებით BM.GE-მ ჯერ კიდევ 2024 წელს გამოთვალა, რომ საქართველო რუსულ ბუნებრივ აირში 1000 კუბურ მეტრში 185 დოლარს იხდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები