ტექნოლოგიურმა კომპანია Accenture-მა ინვესტორების მოლოდინებს მკვეთრად გადააჭარბა, რის გამოც მისი აქციების შეფასება ერთ დღეში 17%-ით გაიზარდა.
თუ უოლ-სტრიტის ექსპერტების მოლოდინი $18.03 მილიარდს შეადგენდა, ამჯერად Accenture-ის შემოსავალმა $18.7 მილიარდი შეადგინა. რაც შეეხება მოგებას ერთ აქციაზე, მაჩვენებელი 46%-ით გაიზარდა და $3.29-ს გაუტოლდა. შედეგად, ანალიტიკოსების $3.18-იან პროგნოზზე გაცილებით მაღალი ნიშნული დაფიქსირდა.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კომპანიის შეკვეთების მოცულობა 4%-ით გაიზარდა. საბოლოოდ, ამ მაჩვენებელმა $22.2 მილიარდი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დასახელებული რიცხვი $21.31 მილიარდს უტოლდებოდა. ექსპერტები კი ამჯერად მხოლოდ $19.9 მილიარდს ვარაუდობდნენ. პარალელურად, Jefferies-ის ანალიტიკოსის, სურინდერ თინდის განმარტებით, ეს ზრდა როგორც საკონსულტაციო, ისე მართული სერვისების მიმართულებით დაფიქსირდა.
როგორც ირკვევა, Accenture-ი, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებით სოლიდურ ფინანსურ სარგებელს იღებს, რადგან 400-ზე მეტმა მისმა კლიენტმა მოწინავე სისტემების დანერგვა უკვე დაიწყო.
ცნობისთვის, ამჟამად Accenture-ის შეფასება $130 მილიარდს შეადგენს და ის ერთ-ერთ უმსხვილეს ირლანდიურ-ამერიკულ IT კომპანიას წარმოადგენს.
























