მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

GCCA-მ 10 თვეში მოვაჭრეები ₾117 283-ით დააჯარიმა - რომელ სექტორებში არღვევდნენ მომხმარებლის უფლებებს ყველაზე ხშირად?

ონლაინ-ვაჭრობა

მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 10 თვეში GCCA-ში 1 123 განაცხადი შევიდა, ხოლო სააგენტოში შესული ზარების რაოდენობამ 3 560 შეადგინა. უწყების ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განაცხადების რაოდენობა 57%-ით არის გაზრდილი.

საანგარიშო პერიოდში GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა უფლების დარღვევის 145 ფაქტი დადასტურდა 222 საქმეზე. მოვაჭრეების მხრიდან დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 68 მოვაჭრეს 111 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში 117 283 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, მომხმარებლის სასარგებლოდ პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 147 საქმეზე 132 შეთანხმება გაფორმდა. მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება, შეცვალონ საქმიანობის შიდა პოლიტიკა და აღადგინონ იმ მომხმარებელთა უფლებები, რომელთაც წარსულში სავაჭრო პრაქტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.

სააგენტოს ცნობით, განაცხადების 65% ონლაინ ვაჭრობას უკავშირდებოდა, ხოლო 35% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევებს. ადგილმდებარეობის მიხედვით, ყველაზე მეტი მიმართვიანობა თბილისიდან მოდის 79%, შემდეგ კი რეგიონები: აჭარა და იმერეთი 5-5%, კახეთი და ქვემო ქართლი 2-2%.

მოთხოვნების კატეგორიების მიხედვით, მიმდინარე წლის 10 თვეში დაფიქსირდა:

  • თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა - 370 განცხადება;
  • ნაკლოვანი ნივთის შეკეთება ან დაბრუნება - 364;
  • ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენა - 198;
  • დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდება - 74;
  • შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვა - 36;
  • სხვა შემთხვევები - 81.

სექტორული განაწილებით, მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ყველაზე დიდი წილი მოდის საბითუმო და საცალო ვაჭრობაზე (73%), ტრანსპორტსა და დასაწყობებაზე - 10%, ხელოვნებაზე, გართობასა და დასვენებაზე - 5%, ხოლო სხვა საქმიანობებზე — 12%.

GCCA აღნიშნავს, რომ უწყება აქტიურად აგრძელებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის სისტემის გაუმჯობესებასა და ბაზარზე სამართლიანი ვაჭრობის პრინციპების დანერგვას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები