მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GEDF: ნამახვანზე იუსტიციის სამინისტროს ყველა სავალდებულო შენიშვნა გათვალისწინებულია

60ad23ae8cbaa
შოთა ტყეშელაშვილი
25.05.21 20:11
825
საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი (GEDF) დღეს მედიაში გამოქვეყნებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს. ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი კომპანია აცხადებს, რომ ENKA-სთან ხელშეკრულების პროექტზე იუსტიციის სამინისტროს მერ მომზადებული ყველა სავალდებულო შენიშვნის გათვალისწინება მოხდა და ეს შენიშვნები ENKA-სთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში უკვე ასახულია. 

"საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ეხმაურება მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ეხება ნამახვანჰესის შესახებ დადებულ ხელშეკრულებას. ვინაიდან ფონდი წარმოადგენს ხელშეკრულების მხარეს და ჩართული იყო კონტრაქტის მომზადებასა და შეჯერებაში, გვსურთ განვმარტოთ შემდეგი:

ისეთი კონტრაქტის მომზადება და გაფორმება, როგორიცაა BOO (მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის) ხელშეკრულების პროექტი არაერთ ეტაპს მოიცავს. არამართებულია დღეს გავრცელებული დოკუმენტების სპეკულატიურად, სათანადო კონტექსტის გარეშე აღქმა.

იუსტიციის სამინისტრომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართვის საფუძველზე მოამზადა ხელშეკრულების იურიდიულ ასპექტთან დაკავშირებული შენიშვნები, რომელიც არ ეხებოდა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ ნაწილს. შენიშვნებთან დაკავშირებით მომზადდა მეორე დოკუმენტი - “შეთანხმების ფურცელი”, რომელიც განიხილა მთავრობამ და რომელსაც დაეთანხმა იუსტიციის სამინისტროც. იუსტიციის სამინისტროს საბოლოო თანხმობის და ვიზირების გარეშე მთავრობა ვერ გააფორმებდა საბოლოო ხელშეკრულებას.

დღეს მედიაში გავრცელდა როგორც იუსტიციის სამინისტროს შენიშვნები, აგრეთვე მთავრობის სხდომაზე განხილული შენიშვნების ფურცელი. დაინტერესებულ საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ მსგავსი დოკუმენტები დგება ყველა იდენტური შემთხვევისაც, როდესაც ამგვარი ხელშეკრულების დადების აუცილებლობა დგება.

ნამახვანჰესის ხელშეკრულება პასუხობს ყველა აუცილებელ სტანდარტს და კანონის მოთხოვნას და ნამახვანჰესის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩართულ მხარეებს მოვუწოდებთ გავრცელებული დოკუმენტების გამოყენებით და სპეკულაციით ნუ გააჩენენ საზოგადოებაში მცდარ განცდებს, თითქოსდა რაიმე საიდუმლოსთან ან მხილებასთან გვაქვს საქმე.

იუსტიციის სამინისტროს დოკუმენტში შემავალი ყველა სავალდებულო შენიშვნა დადებული ხელშეკრულების საბოლოო ვერსიაში გათვალისწინებულ იქნა, ხოლო არასავალდებულო შენიშვნებთან დაკავშირებით სხვადასხვა დასაბუთებაზე მიღებული გადაწყვეტილება დადგა, რაც ასახულია შენიშვნების ფურცელში,"- ნათქვამია განცხადებაში. 

რა შენიშვნები ჰქონდა იუსტიციის სამინისტროს ნამახვანჰესის ხელშეკრულების პროექტზე?

გამოცემა “მთის ამბებმა” გამოაქვეყნა იუსტიციის სამინისტროს, კერძოდ კი, მინისტრის პირველი მოადგილის მიხეილ სარჯველაძის მიერ ეკონომიკის სამინისტროსთვის ნამახვანჰესის ხელშეკრულების პროექტის შესახებ 2019 წლის 30 მარტს გაგზავნილი შენიშვნები. ხელშეკრულების პროექტის იურიდიული შეფასება იუსტიციის სამინისტრომ ეკონომიკის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე მოამზადა. იურიდიული შეფასების მომზადების მიზანს კი, პროექტის მთავრობის სხდომაზე გატანამდე მისი სრული იურიდიული შეფასების მომზადება წარმოადგენდა.

იუსტიციის სამინისტრომ ეკონომიკის სამინისტროს 22 პუნქტად ჩამოწერილი 26 სხვადასხვა სახის შენიშვნა გაუგზავნა, რომელთა ნაწილიც ფორს-მაჟორის მუხლს, ნაწილი - ტერმინების დაზუსტებას და ნაწილი გარკვეული ბუნდოვანებების შესწორებას ისახავდა მიზნად. ეკონომიკის სამინისტრომ განიხილა იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწერილი შენიშვნები, რომელთა ნახევარიც გაითვალისწინა და ასახა კომპანიასთან გასაფორმებელ ხელშეკრულებაში, ნაწილს კი  ინვესტორ კომპანიასთან შეჯერების შედეგად არ დაეთანხმა.

ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადა შენიშვნების ფურცელი, სადაც თავი მოუყარა მხარეების მიერ წარმოდგენილ პოზიციებს და მთლიანი დოკუმენტი განსახილველად წარუდგინა საქართველოს მთავრობას. დოკუმენტი განიხილეს მთავრობის სხდომაზე, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კომპანიასთან ხელშეკრულების გათვალისწინებული შენიშვნებით გაფორმების შესახებ. გამოცემა “ნიუპოსტმა” მოიპოვა ეს დოკუმენტი, რომელიც ასახვს უშუალოდ რომელი შენიშვნების გათვალისწინება მოხდა.






გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები