მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

₾123 მლნ თბილისის წყალმომარაგების სისტემაში - რა საინვესტიციო ვალდებულებები აქვს GWP-ის?

gwo
21.06.24 00:00
584

16 ივნისს სოფელ წიწამურთან მაგისტრალურ ქსელზე მომხდარმა დაზიანებამ 100 000-ზე მეტი აბონენტი წყალმომარაგების გარეშე დატოვა. GWP-ის სამუშაოებისთვის 1-კვირიანი ვადა სჭირდება. შესაბამისად, 25 ივნისამდე 63 351 აბონენტს წყალი გრაფიკით და ცისტერნებით მიეწოდება.

საგულისხმოა, რომ მაგისტრალური მილსადენების რეაბილიტაცია კომპანიის სამოქმედო გეგმაშია ასახული. ამასთან, GWP-ის მიერ ქსელში ინვესტიციების საჭიროება გაითვალისწინა სემეკმა გასული წლის ბოლოს, როდესაც წყალმომარაგების ახალი ტარიფები დაადგინა. მარეგულირებლის გადაწყვეტილებით, GWP-ის საყოფაცხოვრებო ტარიფი უცვლელი დარჩა, ხოლო არასაყოფაცხოვრებო წყლის ტარიფები გაიზარდა.

მოკლევადიანი საინვესტიციო გეგმა

GWP-ის მიერ სემეკთან შეთანხმებული გეგმით, კომპანიამ 2024-2026 წლებში 363.4 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს, რაც თბილისში, მცხეთასა და რუსთავში წყალმომარაგების ამორტიზებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და ჩანაცვლების აუცილებლობას უკავშირდება.

უფრო დეტალურად, თბილისსა და მცხეთაში - 318 მლნ ლარის, ხოლო რუსთავში 46 მლნ ლარის ინვესტიციაა გათვალისწინებული.

გეგმის მიხედვით, უშუალოდ 2024 წელს, მხოლოდ თბილისის წყალმომარაგების სისტემაში 123 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდება.

მიმდინარე საინვესტიციო პროექტები

7 ივნისს GWP-იმ წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა, რაც ევროპული სტანდარტების დანერგვის გულისხმობს. კომპანიის გენერალური დირექტორის, ხოსე მიგელ სანტოს გონსალესის განცხადებით, 2024 წელს 96%-ით შემცირდა წყალმომარაგების ქსელზე გარდამავალი ავარიების რაოდენობა.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზების 2024 წელს დასრულებული და მიმდინარე საინვესტიციო პროექტები შემდეგია:

  • ჟინვალის ჰიდროკომპლექსის მოდერნიზაციისა და სტაბილური ოპერირებისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ერთეულების რეაბილიტაციაში 7.2 მილიონი ლარიან ინვესტიციას ახორციელებს;
  • წყალმომარაგების სათავე ნაგებობების სტაბილური და გამართული ფუნქციონირებისთვის ახლით იცვლება დანადგარები და ინფრასტრუქტურა, სატუმბო სადგურებზე კი მონტაჟდება ახალი ტუმბოაგრეგატები.
  • მიმდინარეობს წყალმომარაგებისა და წყალარინების 84 კილომეტრი სიგრძის მოძველებული ქსელის რეაბილიტაცია, რაშიც კომპანია 51 მილიონ ლარის ინვესტიციას ახორციელებს;
  • 13 მილიონ ლარამდე ინვესტიციით სრულად აღიჭურვება და განახლდება ავტოპარკი და სპეცტექნიკა;
  • ქსელში წყლის ხარისხის უწყვეტი კონტროლისთვის დამატებით ინერგება ევროპული სტანდარტის შესაბამისი თანამედროვე მოწყობილობები.

GWP-იმ 2023 წელს 99.8 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, რაც წლიურ ჭრილში გასამმაგებული მაჩვენებელია. ამასთან, კომპანია ლიდერობდა გასულ წელს სემეკში შესული მომხმარებლების საჩივრების რაოდენობით.

GWP-ის საკონტროლო პაკეტს 2022 წლიდან ესპანურ კომპანია Aqualia ფლობს, რომელმაც GGU ჯგუფში შემავალი კომპანიების, მათ შორის GWP-ისა და რუსთავის წყლის 80%-იანი წილი 180 მილიონ დოლარად შეიძინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები