"ბათუმის ნავთობტერმინალის" სამი ხელმძღვანელი პირი, რომლებსაც გამოძიება 10 000 ტონაზე მეტი განუბაჟებელი ნედლი ნავთობის განკარგვას ედავება გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
bm.ge-ს ფაქტი პროკურატურაში დაუდასტურეს. ვცდილობთ, უწყებასთან გავარკვიოთ, რა გადაიხადეს ყაზახეთის მოქალაქეებმა აღკვეთი ღონისძიებისთვის. მასალა პასუხის მიღების შემთხვევაში განახლდება.
შეგახსენებთ, 3 დეკემბერს, საგამოძიებო სამსახურმა, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნავთობის საბაჟო წესების გვერდის ავლით განკარგვის ფაქტზე ყაზახეთის 3 მოქალაქე დააკავა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ხელმძღვანელმა პირებმა ტერმინალის რეზერვუარებში არსებული 10 000 ტონაზე მეტი განუბაჟებელი ნედლი ნავთობი, რომლის ღირებულება 15 მილიონ ლარს აღემატება, საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით და მისგან მალულად განკარგეს. საქმეს სამართლებრივი კვალიფიკაცია ეძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ნავთობტერმინალი ოპერირებას განაგრძობს.
"ბათუმის პორტი" არის "ბათუმის ნავთობტერმინალის" საკუთრებაში, რომელიც თავის მხრივ 2006 წლიდან მოყოლებული ყაზახეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიის KazTransOil-ის მართვის ქვეშაა. კომპანიას პორტის და ნავთობტერმინალის მართვის 49-წლიანი ლიცენზია ეკუთვნის. კომპანიას ყაზახური მენეჯმენტი მართავს.




























