მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

₾414 მლნ პრემია-დანამატებზე დაიხარჯა - რა გვიჯდება საჯარო მოხელეების შრომის ანაზღაურება?

სკამები

საჯარო სექტორში დასაქმებულების შრომის ანაზღაურების ხარჯი წლიდან წლამდე მზარდია. აუდიტის სამსახურისბიუჯეტის მონიტორისმიხედვით, გასულ წელს ბიუჯეტიდან გაწეული ჯამური შრომის ანაზღაურების ხარჯი რეკორდული იყო და 2.2 მილიარდი ლარი შეადგინა. თანხა 2022 წელთან შედარებით 22%-ითაა გაზრდილი.

აღნიშნული თანხა მოიცავს საჯარო სამსახურში შტატით გათვალისწინებული თანამშრომლების თანამდებობრივ/წოდებრივ სარგოს, პრემიას, დანამატს, ჰონორარსა და კომპენსაციას.

გასული წლის მონაცემებით, ხელფასების ნაწილში დანახარჯი წლიურად 25%-ით გაზრდის შემდეგ, რეკორდული 1.5 მილიარდი ლარი იყო. პრემია-დანამატებზე კი ჯამურად 414 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. კერძოდ, 2023 წელს საჯარო მოხელეებზე 362.2 მილიონი ლარი დანამატის, ხოლო 51.4 მილიონი ლარი პრემიის სახით გაიცა.

ამასთან, გასულ წელს შტატგარეშე თანამშრომლების შრომის ანაზღაურებაზე რეკორდული 529 მილიონი ლარი დაიხარჯა.

აღსანიშნავია, რომ ხელმისაწვდომი არაა ინფორმაცია, რამდენი ადამიანი მუშაობს სხვადასხვა სამინისტროში, სსიპ-სა თუ ააიპ-ში. „ბიუჯეტის მონიტორის“ პორტალზე, შესაბამის გრაფებში მითითებულია, რომ უწყებას ინფორმაცია არ მიაწოდეს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის ამ მონაცემების წყარო ფინანსთა სამინისტრო და მხარჯავი დაწესებულებებია.

2023 წლის იანვარში საჯარო მოხელისთვის ხელფასი 10%-ით გაიზარდა. 20% იყო ზრდა პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების შემთხვევაში. მთავრობა 2026 წლამდე საჯარო სამსახურში ხელფასების ყოველწლიურად 10%-ით ზრდას გეგმავს. ამ ზრდის მთავარ არგუმენტად კერძო სექტორთან შედარებით საჯარო სექტორში ხელფასების მნიშვნელოვანი ჩამორჩენა დაასახელა, რაც საფრთხეს უქმნიდა კვალიფიციური კადრების შენარჩუნებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები