მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

₾6 მილიონის ინვესტიცია და 55 ჰა-ზე მოცვის ბაღები ჩხორიაში - Keystone Agro-ს გეგმები

Keystone Agro

მოცვის მწარმოებელი კომპანია Keystone Agro, რომლის 70%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი თემურ ანჩაბაძეა, 30%-იანი მესაკუთრე კი - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია,  სამეგრელოში, სოფელ ჩხორიაში 55 ჰექტარ მოცვის  ბაღებს ფლობს.

Keystone Agro-ს მუდმივად 15-მდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული, მოსავლის აღების სეზონზე კი, მათი რიცხვი 100-მდე ადის.

BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში Keystone Agro-ს გეგმებზე კომპანიის დირექტორმა თორნიკე ფანჯავიძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე დასაქმებულთა რიცხვის 20-25-მდე გაზრდას გეგმავენ.

„ჩვენი ბაღების  ადგილას ადრე ჩაის პლანტაციები იყო გაშენებული, რაც აგრონომიული თვალსაზრისით, მოცვის კულტურისთვის კარგია. წელს პირველი მოსავალი ავიღეთ - სულ 15 ტონა; აქედან 11 ტონა ევროპაში - გერმანიის და პოლონეთის ბაზრებზე გავიტანეთ ექსპორტზე, 4 ტონა კი, დუბაიში და ძალიან მცირე ნაწილი - ადგილობრივ ბაზარზე გავყიდეთ“, - გვიყვება თორნიკე ფანჯავიძე.

მართალია, წელს, საქართველოდან ექსპორტირებული მოცვის მოსავლის ღირებულების ($18 მლნ)  90%-ზე მეტი რუსეთის ბაზარზე გავიდა, მაგრამ Keystone Agro-ს სამომავლო გეგმები, ძირითადად, ევროპის ბაზარს უკავშირდება. 

„ჩვენთვის ევროპაში პირველი ექსპორტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რათა მომავალში, როცა ბევრად მეტ მოსავალს ავიღებთ, გვყავდეს პარტნიორები, დისტრიბუტორები. 
ამასთან, Keystone Agro-ს სტრატეგიაა, გაზარდოს მოცვის სეზონის ხანგრძლივობა. ვგულისხმობ იმას, რომ დავიწყოთ მაისის პირველ-მეორე კვირაში მოცვის მოსავლის მიღება და დავასრულოთ აგვისტოში. იქიდან გამომდინარე, რომ ზომით დიდი ბაღი ვართ და ევროპული მასშტაბითაც 50-60 ჰა არაა პატარა, აუცილებელია, მოსავლის მიღების პროცესი 12 კვირაზე ან მეტზე გადანაწილდეს.  

შესაბამისად, დავიწყეთ სათბურების და ქოთნების განვითარება, რაც საშუალებას მოგვცემს, ადრე დავიწყოთ მოსავლის აღება; ექსპერიმენტის რეჟიმში გვაქვს საჩრდილობელი ბადეები, რაც საშუალებას მოგვცემს, 2-3 კვირით დავაგვიანოთ მოსავლის აღება ანუ ჩვენი პარტნიორებისთვის პროდუქტის მიწოდების ფანჯარა გავზარდოთ, რასაც დისტრიბუტორებიც გვთხოვენ. ჩვენი აზრით, სამთვიანი მიწოდების ფანჯარა იდეალური იქნება. ვგეგმავთ, მოცვის სათბურები 12 ჰა-ზე ავაშენოთ, რაც 25 ჰა-მდე ღია ბაღის ტოლფასია“, - ამბობს თორნიკე ფანჯავიძე.

„წერტილთან“ ინტერვიუში Keystone Agro-ს დირექტორმა გამართული სამაცივრე მეურნეობების  მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ კომპანიამ სამაცივრე სისტემის და ყველა პროცესის სწორად დაგეგმარების მიზნით ჩილელი კონსულტანტი დაიქირავა. 

„აუცილებელია, სწორად მოხდეს ტემპერატურული რეჟიმების დაცვა, რათა მოცვმა გაუძლოს ტრანსპორტირებას და რამდენიმე კვირა იყოს ვარგისი. ჩილეს, როგორც მოცვის გლობალური ბაზრის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშეს, კენკრის შორ მანძილზე გადაზიდვის დიდი გამოცდილება აქვს. 
გვინდა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შევქმნათ სამაცივრე მეურნეობის ცენტრი, სადაც არა მხოლოდ ჩვენი მოსავლის დაფასოებას, ზომების მიხედვით სორტირებას, შეფუთვას და საექსპორტოდ გამზადებას შევძლებთ, არამედ სხვა ბაღების მფლობელებსაც მივაწვდით აღნიშნულს სერვისს. მართალია, ქვეყანაში სამაცივრე მეურნეობები მრავლად გვაქვს, მაგრამ სორტირების ხაზები - არა, რისი საშუალებითაც ხდება არაბეთის ქვეყნებში მოცვის ექსპორტი“, - თქვა თორნიკე ფანჯავიძემ.


Keystone Agro, პირველ ეტაპზე, სამაცივრე მეურნეობის მოწყობაში 2 მილიონამდე ლარის ინვესტირებას გეგმავს.  „სორტირების და შეფუთვის ტექნოლოგიური ხაზების აწყობა დიდი ბაღებისთვისაც კი ძვირი ჯდება - მანქანა-დანადგარების ფასი 150 000 ევროდან იწყება 1 მილიონამდე ადის. ჯერ ბაზარზე მოთხოვნაც არაა, მაგრამ თუ გაჩნდა, დარწმუნებული ვარ, რამდენიმე ბაღი მაინც გაერთიანდება და ახალი ფართობების გაშენების ნაცვლად, ტექნოლოგიებს დავნერგავთ“, - აღნიშნა კომპანიის დირექტორმა.

საქართველოში ლურჯი მოცვის წარმოება აქტიურად 2019 წლიდან დაიწყო. „გალტ ენდ თაგარტის“ მონაცემებით, 2022 წლის ბოლოსთვის გაშენებული ბაღების ჯამურმა ფართობმა 2,000 ჰა-ს გადააჭარბა, რაც გარკვეულწილად სამთავრობო და დონორების პროგრამების მხარდაჭერის შედეგიცაა. ყველაზე დიდი რაოდენობის მოცვის ბაღები სამეგრელოშია გაშენებული. 

საქართველო მოცვის ექსპორტს, ძირითადად, ივნისსა და ივლისში ახორციელებს. 7 თვეში ქვეყანამ ლურჯი მოცვის ექსპორტით წელს 18 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ორჯერ მეტი, ვიდრე - შარშან. 

მოცვის ექსპორტის უმეტესი ნაწილი - ჯამური ღირებულების 91.7% გავიდა რუსეთში 2023 წლის 7 თვეში. დანარჩენი სომხეთში, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში - პოლონეთში, ნიდერლანდებში, გერმანიაში. საქართველოდან მოცვი გაიყიდა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. წელს, საექსპორტო ფასი 5.5 დოლარიდან 6 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები