"მრჩება შთაბეჭდილება, რომ სამეგრელო მიტოვებულია" - ამის შესახებ აბაშის, მარტვილის, წალენჯიხის და ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა. მან ამ სიტყვებით შეაფასა გასულ თვეს, პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მიწვეული ინფრასტრუქტურის მინისტრის გამოსვლა.
პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ამ სიტყვების შინაარსი BMGtv-ის გადაცემა "წერტილში" განმარტა და იმ დაუსრულებელ პროექტებზე ისაუბრა, რაც მისი თქმით, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს დაიწყო.
ერთ-ერთი ამ პროექტთაგანი, კურორტ ლებარდეს განვითარების გენგეგმაა. ლებარდესთან მისასვლელი გზა ჯამში 34 კილომეტრია, აქედან 6 კილომეტრზე გზის საფარი 2019 წელს დაიგო. დარჩენილი 28 კილომეტრის გზის ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყება 2022 წელს იგეგმებოდა, თუმცა, მოწერელიას განმარტებით, ამ გზის პროექტირება ამ დრომდე დაწყებული არ არის.
"ლებარდე ერთადერთი კურორტია, სადაც ლანდშაფტი უკანონო მშენებლობებით დამახინჯებული არ არის და ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია იქ ევროპული სტანდარტის კურორტი მოვაწყოთ. ჯერ კიდევ მაია ცქიტიშვილის ინფრასტრუქტურის მინისტრობის დროს გვქონდა შეთანხმება, რომ ხიდები უნდა აგვეშენებინა. მთელს ამ გზაზე ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ხიდებია, რაც კურორტზე უსაფრთხოდ ასვლის შესაძლებლობას იძლევა. არც ეს ხიდები გაკეთებულა და ვერც პასუხი მივიღეთ, როდის გაკეთდება, ამ გზის პროექტირებაც კი არ არის ჯერ დაწყებული. ლებარდე დღეს მთლიანად არის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში, ამიტომ მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული იქნება თუ არა ეს კურორტი რეაბილიტირებული", - აღნიშნავს ალექსანდრე მოწერელია.
კიდევ ერთი პროექტი, რომელზეც აბაშის, მარტვილის, წალენჯიხის და ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა, არის მარტვილის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი შემოვლითი გზის პროექტი. ეს პროექტი, მარტვილის ცენტრის მძიმეწონიანი ავტომობილებისგან განტვირთვის მიზნით შეიქმნა.
მოწერელიას განმარტებით, აღნიშნული გზის პროექტიც ჯერ კიდევ მაშინ გაკეთდა, როდესაც თავად სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის პოზიციას იკავებდა. თუმცა, როგორც აღნიშნავს, პროექტი პროექტად დარჩა და მისი განხორციელებისთვის სახელმწიფოს მხრიდან არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა.
"ინფრასტრუქტურის მინისტრისთვის მნიშვნელოვანი პრობლემის არსებობა ან გადაწყვეტა კი არ არის, არამედ ის, თუ ვინ ისაუბრებს ამ საკითხზე, მოწერელია თუ ზარქუა. თუმცა, ირაკლი ზარქუამ რამდენჯერმე დააყენა ეს საკითხი ეს საკითხი დღის წესრიგში, თუმცა მასაც არ უპასუხეს. ოცნებას დღეს საკუთარი დეპუტატებიც კი იგნორირებული ჰყავს", - ამბობს "პარტია საქართველოსთვის" წევრი.
ალექსანდრე მოწერელიამ "წერტილში" წალენჯიხაში არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელებასაც მუნიციპალიტეტი ამ დრომდე ელის. პროექტებს შორის დეპუტატმა სქურის გზა და წყალარინების სისტემა გამოყო.
"2019 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეთანხმებით სქურის გზა 10 უმნიშვნელოვანეს გზას შორის შევიტანე, თუმცა დღემდე პროექტიც კი არ არის გაკეთებული.
წალენჯიხაში დღემდე მოუგვარებელ პრობლემად რჩება ასევე წყალარინების სისტემა. მთელი საკანალიზაციო სისტემა ჭანისწყალში ჩაედინება. პრობლემა არის ისიც, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით პროექტირებაც კი არ არის გაკეთებული", - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
როგორც აბაშის, მარტვილის, წალენჯიხის და ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა აღნიშნა, ამ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ერთი მხრივ, სამეგრელოს საინვესტიციო კლიმატზე იქონიებს დადებით გავლენას, ხოლო მეორე მხრივ, რეგიონიდან მოსახლეობის გადინების პროცესს შეაჩერებს.
"თუ ინვესტორს ვეპატიჟებით, მას გზა, წყალი და ელექტროენერგია სჭირდება. ინვესტორი რომ გამოჩნდება, ხომ არ ნიშნავს, რომ ხუთ დღეში ან ერთ კვირაში ყველა ეს პრობლემა მოგვარდება? გზაც გაკეთდება, წყალარინების სისტემაც და ა.შ… ელემენტარულად, ვსაუბრობთ იმ საბაზისო ინფრასტრუქტურაზე, რომელიც რეგიონში შექმნის ისეთ პირობებს, რომ ადამიანი არ გარბოდეს ან დიდ ქალაქებში, ან არ ტოვებდეს ქვეყანას. რაღაც გეგმა ხომ უნდა არსებობდეს? რაღაც ხომ უნდა გვითხრას ინფრასტრუქტურის მინისტრმა", - ამბობს მოწერელია.