აბაშის, მარტვილის, წალენჯიხის და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატის, პარტია „საქართველოსთვის“ წევრის ალექსანდრე მოწერელიას შეფასებით, ქვეყანაში, სადაც 4 მოსამართლე სანქცირებულია, ევროპელი ბიზნესმენები ინვესტირებისგან, ალბათ, თავს შეიკავებენ. ასე უპასუხა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვას - როგორი ბიზნესგარემოა საქართველოში. ალექსანდრე მოწერელიას აზრით, პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს მიმართ ბიზნესკლიმატზეც ნეგატიურად ისახება.
- ბოლო ორი წელი ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა; წელსაც მაღალია ზრდა, მაგრამ ვიცით ძირითადი ფაქტორებიც... პოლიტიკაში წასვლამდე ბიზნესმენი იყავით. როგორ აფასებთ საქართველოს ბიზნესგარემოს დღეს?
- ეკონომიკის ზრდა, პირველ რიგში, უნდა აისახოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე, რასაც ვერ ვხედავთ...
- ყველა რატომ ვერ ხედავს ეკონომიკური ზრდის სარგებელს - ამ კითხვაზე ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს საინტერესო პასუხი ჰქონდა. მისი აზრით, ორი წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არაა საკმარისი იმისთვის, რომ ყველამ თანაბრად იგრძნოს...
- თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ 100 000 ადამიანი ემიგრაციაში წავიდეს და საწარმოო ძალისგან დაიცალოს ჩვენი ქვეყანა. მეორე მხრივ, ბიზნესი ძალიან მგრძნობიარეა პოლიტიკური გარემოს მიმართ, რომელიც ძალიან პოლარიზებულია. ხელისუფლება ოპოზიციას უწოდებს „რადიკალურ ოპოზიციას“, როცა თავადაც რადიკალურია. პოლარიზაციის პიკში ვართ და შეიძლება, ესეც არ იყოს საბოლოო. „ნაციონალური მოძრაობა“ და დღევანდელი „ქართული ოცნება“ ერთმანეთისგან მხოლოდ სახელებით განსხვავდება; „ქართული ოცნება“ ზუსტად „ნაცმოძრაობის“ მმართველობის ბოლო ნაბიჯებს და სულაც არაა გამორიცხული, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, რეპრესიები გაიზარდოს. ამავე დროს, როდესაც ბიზნესგარემოს ვაფასებთ, გაითვალისწინეთ ერთი რამ - ოთხი მოსამართლე გვყავს სანქცირებული. ევროპელი ბიზნესმენი, რომელიც პირველ რიგში, თავისივე საელჩოდან იღებს ინფორმაციას როგორი გარემოა ქვეყანაში, ინვესტიციას განახორციელებს იქ, სადაც ოთხი მოსამართლე სანქცირებულია და იცის, რომ სამართალს ვერ იპოვის?! - ალბათ - არა. აქ <საქართველოში> უფრო ჩამოვა ისეთი ინვესტორი, ვინც რუსეთში კორუფციით იშოვის ფულს და შემდეგ ხელისუფლებასთან დაიწყებს დალაგებას, რომ ის ფული აქ დააბანდოს. ამდენად, დღეს ბიზნესგარემო ძალიან მგრძნობიარეა მთელი პილიტიკური სიტუაციის მიმართ და ვისურვებდი, მომდევნო არჩევნების დროს საქართველომ შეძლოს, დაამთავროს ორპოლუსიანობა და პარლამენტში მივიღოთ პოლიტკური პარტიების ფართო სპექტრი. ადმინისტრაციულ-ბრძანებლობითი საბჭოური სისტემა, როდესაც მთელი ძალოვანი სტრუქტურა და ინსტიტუტები ასრულებენ პარტიული ელიტის მითითებებეს, უნდა დასრულდეს და ინსტიტუციები დამოუკიდებლები უნდა გახდნენ.
- ბიზნესი უფრო ტვირთია თუ პოლიტიკა და სად უფრო მეტი საქმის კეთება შეეძლო ალექსანდრე მოწერელიას - პალამენტში თუ ბიზნესში?
- პოლიტიკას ქმნიან ადამიანები და შესაბამისად, სწორედ პოლიტიკაში მყოფი ადამიანების განსაზღვრავენ, როგორია პოლიტიკა. ხშირად მოგვისმენია, რომ „პოლიტიკა ბინძური საქმეა“ - მე ასე არ ვთვლი. პოლიტიკას აბინძურებენ ის ადამიანები, ვინც იქ დასაბინძურებლად მიდის... მათ იგივეს გაკეთება შეუძლიათ ბიზნესშიც, ამიტომ დღეს საქართველოს სჭირდება პოლიტიკური ელიტის ცვლილება. როგორც კი ჩვენ გავთავისუფლდებით საბჭოური გადმონაშთებისგან, შეიცვლება პოლიტიკური ელიტა და უფრო მეტი ახალგაზრდა წამოიწევა წინ, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც სურს თავისი ქვეყნის მომავალს რამე შემატოს,უფრო სასიამოვნო და პროდუქტიული იქნება პოლიტიკაში ყოფნა.