საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, 2 ივლისიდან 15 აგვისტომდე გელათის სამონასტრო კომპლექსი დროებით დაიხურება. მიზეზი მთავარი ტაძრის დროებითი გადახურვის სამუშაოებია, რომელიც მათი ინფორმაციით, საპასუხისმგებლო ფაზაში გადადის.
„გაცნობებთ, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში, მთავარი ტაძრის ერთიანი/დროებითი გადახურვის სამუშაოები გადადის ფართომასშტაბიან და ძალზედ საპასუხისმგებლო სამუშაოების ფაზაში.
გელათის სამონასტრო კომპლექსის სანახავად მიმსვლელ ვიზიტორთა სიცოცხლის უსაფრთხოების დაცვისათვის და გერმანელი სპეციალისტების მოთხოვნით, რომელთაც უნდა განახორციელონ აღნიშნული სამუშაოები, გადაწყდა, რომ 2 ივლისიდან 15 აგვისტომდე, მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის, დროებით დაიკეტოს გელათის სამონასტრო კომპლექსი.
გთხოვთ, გავითვალისწინოთ განცხადების შინაარსი და გაგებით მოვეკიდოთ მას“, - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, გასული წლის 15 თებერვალს საქართველოს საპატრიარქომ გელათის ტაძართან და მასზე მომუშავე ჯგუფთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ტაძარში არსებული მძიმე ვითარება, რაც სახურავიდან წყლის ჟონვას და წყლის მიერ ფრესკების დაზიანებას უკავშირდებოდა, გამოწვეული იყო მთავრობის მიერ 2015-2019 წლებში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოებით. მაშინ საპატრიარქო ხაზს უსვამდა, რომ ტაძარი არასწორი მეთოდოლოგიითა და უხარისხო მასალით გადახურეს, რის შედეგადაც სამონასტრო კომპლექსში წყალი ჩავიდა და დაზიანდა.
მიმდინარე წლის მარტში, მთავრობამ გელათის რესტავრაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7.5 მლნ ლარი გამოიყო.