მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გეოგრაფიული ფაქტორი პრობლემა რომ იყოს, EU-ში გაწევრიანების პერსპექტივას ვერ მივიღებდით“ - შოთა ღვინერია

62ad8a248c9eb
ალა ისპირიანი
18.06.22 12:53
1373

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი, შოთა ღვინერია თვლის, რომ ევროკავშირის მხრიდან ჩვენი ქვეყნისთვის პერსპექტივის მინიჭებას ზუსტად საქართველოს გეოგრაფიული ფაქტორი განაპირობებს. ხოლო ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ „სტატუსის მიღებაში გეოგრაფიულმა მდებარეობამ შეგვიშალა ხელი“ - სიცრუეა. ამის შესახებ მან გადაცემა "საქმის კურსში" ისაუბრა, რა დროსაც ევროკომიის მიერ ევროსაბჭოსთვის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გაცემული რეკომენდაციები შეაფასა. 

"პერსპექტივის მიღება მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ იმ ფონზე, როცა ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან ტრიოში, რომ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსის მიღებაზე დადებითი რეკომენდაცია და დანარჩენ ორს მისცეს, რა თმა უნდა, ეს ქართული დემოკრატიისა და საზოგადოებისთვის ტრაგედიაა. საქართველოს, რომ გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური პოზიციიდან გამომდინარე ევროკავშირში გაწევრიანების პრობლემა ჰქონდეს, მაშინ ჩვენ პერსპექტივას ვერ მივიღებთ. მაგალითად, ისრაელი ყველაზე ძლიერი სახელმწიფო და დასავლეთის ქვეყნების ახლო მჭიდრო პარტნიორია. თუმცა იმის გამო, რომ ისრაელი არ არის ჩრდილო ატლანტიკური გეოგრაფიის ნაწილი ის მაგალითად, ნატოს წევრი ვერ გახდება. მას არ აქვს ნატოს წევრობის პერსპექტივა ზუსტად ამ გეოგრაფიული ფაქტორიდან გამომდინარე. ...და იმ მიზეზს, რასაც ვისმენთ არის უტიფარი ტყუილი", - განაცხადა EPRC-ის უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელმა.

რაც შეეხება იმ ნაბიჯების, რომელიც საქართველომ ევროკავშირის სტატუსის მიღების შემთხვევაში უნდა გაკეთოს, შოთა ღვინერია ამბობს, რომ ეს ჯერ კიდევ შარლ მიშლის დოკუმენტში იყო გაწერილი. მისი თქმით, არაფერი ახალი ევროკავშირის მიერ დღეს გახმოვანებულ რეკომენდაციებში არ თქმულა, გარდა დე-ოლიგარქიზაციის საკითხისა.

"ჩვენ ევროკავშირმა გვითხრა - დიახ, თქვენ ხართ ევროკავშირის პოტენციური წევრი. გაქვთ ყველა წინაპირობა, რათა გახდეთ წევრები და კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგათ, რომ კრიტერიუმები დააკმაყოფილოთ. დაწყებითი სკოლის ბავშვი არ იტყვის ასეთ მოკლეფეხიან ტყუილს. სხვა სათქმელი არაფერი აქვთ და რაც მოუვათ თავში ღიად საუბრობენ, რომ იქნებ მოსახლეობის ნაწილი მაინც დააბნიონ. მკაფიოდ ითქვა, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული. გვაქვს კონკრეტულად გაწერილი ნაბიჯების ნუსხა. ახლა კი არა ამ ნაბიჯების ნუსხა ჯერ კიდევ შარლ მიშლის დოკუმენტში იყო გაწერილი, რომელზეც "ქართულმა ოცნებამ" უარი განაცხადა. დღესაც, ევროკავშირის მხრიდან ამ განცხადების შემდეგაც თქვეს, რომ ეს დოკუმენტი არ არსებობს და ამ დოკუმენტის შესრულებასთან დაკავშირებით გეგმები არ გააჩნიათ.

გარდა დე-ოლიგარქიზაციის საკითხისა არაფერი ახალი არ თქმულა. ამ პარაგრაფში ბიძინა ივანიშვილზეა საუბარი და წერია, რომ ერთი ადამიანის მხრიდან ქვეყანაში გადაჭარბებული გავლენები ყველა სახელმწიფო სტრუქტურაზე და პოლიტიკურ ეკონომიკურ თუ სხვა უმნიშვნელოვანეს პროცესზე მიუღებელია და დემოკრატიასთან შეუთავსებელი. შესაბამისად, ეს ევროკავშირის სტანდარტებთან შეუთავსებელია და ამ მიმართულებით მდგომარეობის გამოსწორება აუცილებელია", - განაცხადა შოთა ღვინერიამ "საქმის კურსში".

ცნობისთვის, ევროკომისიამ 17 ივნისს უკრაინისა და მოლდოვისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. საქართველომ ევროკომისიისგან მხოლოდ ევროპული პერსპექტივა მიიღო, რაც პირობების დაკმაყოფილების შემდეგ კანდიდატის სტატუსს ითვალისწინებს. კომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს EU-ს მიერ განსაზღვრული მოთხოვნები, რათა ქვეყანამ მომავალში მაინც შეძლოს კანდიდატის სტატუსის მიღება. 

ევროკომისიის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "სტატუსის მიღებაში გეოგრაფიულმა მდებარეობამაც შეგვიშალა ხელი".

 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები