პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ უკრაინა და მოლდოვა, რომელთა გაწევრიანების მოლაპარაკებებიც გახსნილია, ევროკავშირს უფრო და უფრო შორდება. მისივე მტკიცებით, საქართველო, ევროკავშირში გაწევრიანების გაყინული პროცესის მიუხედავად, მაქსიმალურად უახლოვდება EU-ს. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, აიღებს თუ არა პასუხისმგებლობას „ქართული ოცნება“, თუ საქართველოსთვის გაწევრიანების მოლაპარაკებები არ გაიხსნება, პრემიერი აცხადებს, რომ ამ მიმართულებით რისკები არაა და 2030 წელს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად.
„რეალურად, თუ კი რომელიმე ქვეყანა მაქსიმალურად უახლოვდება ევროკავშირს, ეს არის სწორედ საქართველო. სამწუხაროდ, უკრაინაში არის სხვა მდგომარეობა, მოლდოვაში არის სხვა მდგომარეობა. როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, დემოკრატია და ა.შ. ყველა თვალსაზრისით ეს ორი ქვეყანა უფრო და უფრო მეტად შორდება ევროკავშირს. ჩვენ გვაქვს რეალურად თვისებრივი დაახლოების პროცესი. შინაარსობრივად საქართველო სულ უფრო მეტად უახლოვდება იმ სტანდარტებს, რომლებიც არის საჭირო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის“,- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე ევროკავშირთან დაახლოებით მაგალითად ეკონომიკურ ზრდას ასახელებს, ასევე გამჭვირვალობას და მშვიდობის შენარჩუნებას.
„ეს გამოიხატება მაგალითად ეკონომიკურად იმაში, რომ ამ სამი წლის განმავლობაში დაახლოებით 9 მილიარდით გავასწარით მოლდოვას ჩვენი ეკონომიკით, ეკონომიკური ზრდა არის ერთ-ერთი პრინციპული ფაქტორი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ეს არის ის, რომ მოვახერხეთ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება. ეს არის მათ შორის გამჭვირვალობა, რომელიც არის ერთ-ერთი ევროპული ღირებულება და ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო მკაფიოდ დაინერგა. ჩვენ მაქსიმალურად ვნერგავთ ევროპულ სტანდარტებს ჩვენს ქვეყანაში და გვაქვს მუდმივი პროგრესი ყველა თვალსაზრისით. საბოლოო ჯამში ეს აუცილებლად დაფასდება. არის რაღაც პატარა თამაშები, რომელთა გამოც იცით, რომ 2022 წელს კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს, თუმცა 2023 წელს მაინც მივიღეთ. აქაც თუ ასეთი თამაშები იქნება, წელს არა, მომავალ წელს მივიღებთ მოლაპარაკებებს, რაც არ არის პრინციპული, იქიდან გამომდინარე, რომ კანდიდატის სტატუსისგან განსხვავებით, შანტაჟისთვისაც კი არ გამოდგება მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ჩვენს ქვეყანას აქ დიდი რისკები არ აქვს, საბოლოო ჯამში აუცილებლად გაიხსნება მოლაპარაკებები და 2030 წლისთვის თუ კი ვინმე იქნება მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატ ქვეყნებს შორის, ეს იქნება საქართველო“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია და საქართველოში ევროკავშირის ელჩის თქმით, გაურკვეველია, იქნება თუ არა საქართველო ევროკავშირის გაფართოების შემდეგი დიდი ტალღის ნაწილი. 27 ივნისს ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, შეეჩერებინათ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი, რამდენადაც, მათთვის გაურკვეველია მოქმედი ხელისუფლების განზრახვა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელიც უკუსვლაა საქართველოს მიერ შესასრულებელ 9 ნაბიჯთან დაკავშირებით, ასევე ანტიდასავლური რიტორიკა შეუთავსებელია გაწევრიანების მიზანთან.