მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Georgian Airways-ი მოსკოვში ფრენებს თუ დაიწყებს, ამას მკვეთრი რეგიარება მოჰყვება - ავიაციის ექსპერტი

645cd71d56ea0
გიგა ბენია
11.05.23 22:07
2212
Georgian Airways-ის დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა დღეს BMG-თან განაცხადა, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას მიესალმება. გაიაშვილი არ გამორიცხავს, რომ მოსკოვის მიმართულებით ფრენები განაახლოს, თუმცა დასძენს, რომ ფრენებსა და სიხშირეზე ნებართვის მიღებას გარკვეული დრო სჭირდება.

ავიაციის სფეროს ექსპერტი, იასე ზაუტაშვილი BMG-თან აცხადებს, რომ თუ Georgian Airways-ი მოსკოვში ფრენებს დაიწყებს, კომპანია დასანქცირდება. ზაუტაშვილის თქმით, ქართულ კომპანიას თვითმფრინავების უმეტესობა ლიზინგით აქვს აღებული, რის გამოც, მას სანქცირებულ ქვეყანაში ფრენები აკრძალული აქვს.

"ჯორჯიან ეარვეისის" ფლოტის აბსოლუტური უმრავლესობა ლიზინგით აღებული თვითმფრინავია, მას თავისი თვითმფრინავები დაზღვეული აქვს A კლასის ტიპის საერთაშორისო სადაზღვევოებში. ის ვალდებულია, ყველა ის წესი დაიცვას, რაც ქართული კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. თუ "ჯორჯიან ეარვეისი" ლიზინგით აღებული თვითმფრინავით რუსეთში ფრენებს დაიწყებს, ამას მკვეთრი გამოძახილი ექნება როგორც სალიზინგო კომპანიისგან, ისე ბოინგისგან და სადაზღვევო კომპანიისგან. სალიზინგო კომპანია მასთან ხელშეკრულებას გაწყვეტს. იმ შემთხვევაში თუ კომპანია ფრენებს არა ლიზინგით აღებული თვითმფრინავით, არამედ საკუთრით დაიწყებს, მაშინ სადაზღვევო კომპანია არ მისცემს უფლებას, სანქცირებულ ქვეყანაში იფრინოს და დაზღვევას შეუჩერებს", - განაცხადა იასე ზაუტაშვილმა.

BMG-ის კითხვაზე, თავად რუსულ კომპანიებს თუ შეეძლებათ საქართველოში ფრენების დაწყება და რა შემთხვევაში უნდა აეკრძალოთ მათ ქართულ ცაზე ფრენა, ექსპერტი აღნიშნავს:

"საკვირველია, მაგრამ საჰაერო მიმოსვლის უფლება რუსული კომპანიებისთვის მიცემული გვაქვს და ჩვენი ცა ღიაა რუსეთის თვითმფრინავებისთვის. შესაბამისად, მათ დაუბრკოლებლად შეუძლიათ ფრენა. მეორე საკითხია, რით აპირებენ ისინი ფრენებს. რუსეთის ყველა ავიაკომპანია და იურიდიული პირი სანქციების ქვეშაა. თუ მოიძებნა კომპანია, რომელიც სანქციების ქვეშ არაა, უნდა გავარკვიოთ რა თვითმფრინავით აპირებენ ისინი ფრენებს. გასაგებია, რომ ისინი ამას რუსული წარმოების თვითმფრინავებით აპირებენ. თუ გაბედავენ და ფრენებს "ბოინგის" ან "ეარბასის" ტიპის თვითმფრინავებით დაიწყებენ, ისინი მზად უნდა იყვნენ, რომ მათ ამ თვითმფრინავებს საქართველოში "ბოინგი"და "ეარბასი" დაუპატიმრებს",- აღნიშნავს იასე ზაუტაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები