მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Georgian Startup Summit-ის სტარტაპ-კონკურსში Artisio-მ გაიმარჯვა

6473367e6387c
გიორგი არონია
28.05.23 15:00
914

27-28 მაისს, Startup Connect-ის ორგანიზებით, ბათუმში “საქართველოს სტარტაპ სამიტი” ჩატარდა, რომელშიც გლობალური გამოცდილების მქონე ვენჩერული კაპიტალისტები და ანგელოზი ინვესტორები მონაწილეობდნენ.

ღონისძიების მსვლელობისას, სილიკონის ველზე დაფუძნებული ვენჩერული ფონდის, Pegasus Tech Ventures-ის ჩართულობით “სტარტაპების მსოფლიო თასის” ეროვნული შეჯიბრი ჩატარდა, რომელშიც სააუქციონო სახლების საოპერაციო მენეჯმენტისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიამ, Artisio-მ გაიმარჯვა. ამრიგად, სწორედ Artisio გახდა ის ქართული სტარტაპი, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერში, კალიფორნიაში გაემგზავრება, სადაც გლობალურ შეჯიბრში მიიღებს მონაწილეობას. Startup World Cup-ის გლობალური გამარჯვებული Pegasus Tech Ventures-ისგან ინვესტიციის სახით $1 მილიონს მიიღებს.

როგორც Artisio-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ბერდია ყამარაული "Bm.ge-სთან" საუბრისას ამბობს, მისი კომპანია სააუქციონო სახლებისთვის შექმნილ პროგრამულ უზრუნველყოფას აწარმოებს, რომელიც მათ ყოველდღიური მენეჯმენტის გამარტივებისა და საკუთარი პროდუქციის აუქციონზე გაყიდვის საშუალებას აძლევს. მისივე თქმით, კომპანიას ორი ოფისი აქვს: დეველოპმენტსა და პროდუქტზე მომუშავე გუნდი თბილისში არის ბაზირებული, გაყიდვების გუნდი კი - ლონდონში.

“ნებისმიერ კომპანიას ონლაინაუქციონის ერთ საათში გაშვების საშუალებას ვაძლევთ, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის სააუქციონო სახლი”, - აღნიშნავს ბერდია ყამარაული და დასძენს, რომ ამ ეტაპზე, Artisio-ს პროგრამულ უზრუნველყოფას მსოფლიოს რვა ქვეყანაში იყენებენ.

საერთო ჯამში, “სტარტაპების მსოფლიო ჩემპიონატის” ეროვნული შეჯიბრისთვის შემდეგი 11 ქართული სტარტაპი შეირჩა: Kernel, Kikliko, Arena Games, CalenAI, Awork, Elven Technologies, Kovsy, Artisio, Datamind, Cargon და Wempler.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები