მომავალი კვირიდან გერმანიაში საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვების შემსუბუქება იგეგმება. ქვეყნის მთავრობა მცირე ზომის მაღაზიების და სკოლების გახსნას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემა ქვეყნის ჯანდაცვის ორგანოზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეყანაში შემცირებულია კორონავირუსით ინფიცირების ახალი დადასტურებული შემთხვევების მრუდი. მათივე შეფასებით, "ვირუსი მართვადია".
ყველა მაღაზია, რომელიც ფუნქციონირებას განაახლებს მომავალი კვირიდან ვალდებული იქნება, დაიცვას სოციალური დისტანცირების ნორმები.
ამ ეტაპზე სკოლების მხოლოდ მცირე ნაწილი განაახლებს სწავლას, ხოლო მათი უმეტესობა ისევ დახურული დარჩება. უნივერსიტეტებს ზაფხულიდან უფლება ექნებათ, ჩაატარონ გამოცდები. აღსანიშნავია, რომ საგანგებო მდგომარეობის მნიშველოვანი ნაწილი ისევ ძალაში რჩება.
20 აპრილის მონაცემებით, გერმანიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 1,775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 110-ით გაიზარდა და 4,404 შეადგინა.




























