SPIEGEL-ის ინფორმაციით, გერმანიის ფედერალური მთავრობა ევროკავშირს მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის სანქციების შესაძლო დაწესების მომხრეა. მედიის ცნობით, გერმანიის ევროპის სახელმწიფო მინისტრი, ანა ლიურმანი, ამ საკითხს ევროპელ კოლეგებთან ერთად, ორშაბათს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილავს.
“საქმე ისაა, რომ კრემლთან დაახლოებული მთავრობის წინააღმდეგ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში პროევროპული დემონსტრაციები რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. ბოლო პერიოდში, დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ ძალადობრივ გზებს მიმართა”, - ვკითხულობთ სტატიაში.
სტატიაში აღნიშნულია ისიც, რომ საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე ეჭვები არსებობს. გამოცემა ასევე ამბობს, რომ შეერთებულმა შტატებმა უკვე დააწესა სავიზო სანქციები 20-მდე მაღალჩინოსანზე და არ არის გამორიცხული, რომ ორშაბათს ევროკავშირი იმავე კურსს აირჩევს.
სტატიაში ასევე განხილულია უნგრეთის წინააღმდეგობა საქართველოს დასანქცირებაზე და ევროკავშირის გეგმა.
“ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა, სანქციების საკითხი უკვე წამოჭრა. თუმცა პროექტი EU-ს წევრი ქვეყნების სრულ ერთსულოვნებას მოითხოვს და არის შანსი, უნგრეთის მთავრობამ ის დაბლოკოს.
როგორც დიპლომატიურ წრეებში აღნიშნავენ, ამ შემთხვევაში სანქციების მომხრეთა კოალიცია ჩამოყალიბდება”,- აღნიშნულია სტატიაში.
მედიის ცნობით, კოალიცია მხარს ინდივიდუალურ სანქციებს დაუჭერს, რომლებიც მთავრობის კონკრეტული მაღალჩინოსნებისკენ იქნება მიმართული: “მიზანია, რომ მოსახლეობას არავითარი პრობლემა არ შეექმნას”.
გერმანული გამოცემის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ ვიქტორ ორბანი სანქციებს დაბლოკავს, ევროკავშირი მის გარეშე იმოქმედებს - ამის შესახებ გერმანულ მხარეს საუბარი “ვეიმარის სამკუთხედის” ქვეყნების, პოლონეთისა და საფრანგეთის ლიდერებთან ჰქონდა. შეხვედრის შემდეგ სამმა ქვეყანამ ერთობლივად დაგმო საქართველოს ხელისუფლების ქმედებები.
SPIEGEL-ის ინფორმაციით, “ვეიმარის სამკუთხედი” სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის დაკავებული წევრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.