სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ხელი მოაწერეს სომხეთ-გერმანიის სტრატეგიული პარტნიორობის ერთობლივ დეკლარაციას. დოკუმენტი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. ამას გარდა, მხარეები თანხმდებიან და აღიარებენ ვალდებულებებს გამოხატვის თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვისა და ხელშეწყობისადმი.
ნიკოლ ფაშინიანი 9 დეკემბერს ჩავიდა გერმანიაში, სადაც შეხვდა პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, შემდეგ კი კანცლერს შეხვდა.
ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ფრიდრიხ მერცმა თქვა, რომ გერმანია სომხეთის ევროპასთან დაახლოებით დაინტერესებულია. ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას დაუჭერს თუ არა გერმანია მხარს სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს.
"გერმანიას დიდი ინტერესი აქვს, რომ სომხეთი ევროპას დაუახლოვდეს. ჩვენ შევთანხმდით გარკვეულ პროექტებზე. გერმანია სომხეთს დაეხმარება სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში, მათ შორის ენერგეტიკული პროექტების", - განაცხადა მერცმა და დაამატა, რომ სომხეთთან გაფორმებული დოკუმენტი ორმხრივ მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მსგავსი დოკუმენტი გერმანიასთან გაფორმებული არ აქვს. ასევე ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის, ისევე როგორც ევროკავშირთან ურთიერთობა გაუარესდა. "ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერიც დაიბარეს, რაც ფიშერის შეფასებით არის სანქცია დიპლომატისთვის, ამას მოჰყვა გერმანიის მხრიდან ელჩის დროებით გაწვევა. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში არაერთხელ განაცხადეს, რომ პეტერ ფიშერს გერმანიის მთავრობის სრული მხარდაჭერა აქვს და დაგმეს მასზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლების თავდასხმა.




























