23 ოქტომბერს გერმანიამ საქართველოში 48 ადამიანი ჩარტერული რეისის დახმარებით დაადეპორტა. დადეპორტებულებს შორის იყო ზელიმხან ხანგოშვილის ძმა, ზურაბ ხანგოშვილი, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია Deutsche Welle ავრცელებს, რომელიც ჩარტერული რეისის შესრულების დროს ბერლინის აეროპორტში იმყოფებოდა.
გამოცემის ცნობით, ბერლინმა საქართველოში 50-მდე ადამიანის დეპორტაციისთვის ქართული ავიაკომპანია, Georgian Airways-ის რეისი იქირავა.
დეპორტაციის ფაქტი DW-ს გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის წარმომადგენელმაც დაადასტურა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვინ შეუკვეთა ან გადაიხადა ჩარტერული რეისის ღირებულება. მისივე თქმით, კონფიდენციალური იყო დადეპორტებული პირების ვინაობაც.
დადეპორტებულებს შორის ზურაბ ხანგოშვილის მოხვედრას გერმანულ მედიასთან მისი ნათესავი, ზელიმხან ხანგოშვილის ცოლი ადასტურებს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთ-ჩეჩნეთის ომის დროს საველე მეთაური, ხანგოშვილის ძმა, ზურაბ ხანგოშვილი, გერმანულმა პოლიციამ სახლიდან ოჯახის წევრებთან ერთად აიყვანა და აეროპორტში გადაიყვანა.
ჯარისკაცი ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის ცენტრში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ბერლინის სასამართლომ რუსეთის მოქალაქეს, FSB-ს აგენტ ვადიმ კრასიკოვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. გერმანული მხარე ამბობდა, რომ მკვლელობა რუსეთის დაკვეთით განხორციელდა.




























