მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გერმანიაში ჩვენივე ღვინის დისტრიბუტორები გავხდით“ – „ჩელთის“ მეღვინეობა

63578f2d859f8
თინათინ ნატმელაძე
25.10.22 20:00
551
"ჩელთის მეღვინეობამ“, რომელიც სხვადასხვა სახეობის ქართულ ღვინოს აწარმოებს, გერმანიაში იმპორტიორი კომპანია, "Georgian Wine Organization’’, დააარსა და საკუთარი ღვინის ევროპის მასშტაბით რეალიზების ლიცენზია მოიპოვა.

კომპანიის კომერციულმა დირექტორმა ანა მირიანაშვილმა BM.GE-სთან განაცხადა, რომ იმპორტიორი კომპანიის დაარსებამ "ჩელთის მეღვინეობის’’ მიმართ სანდოობა გაზარდა, რადგან მომხმარებლისთვის მწარმოებლისგან პროდუქციის შეძენა დიდი კომფორტია.

"გერმანიაში იმპორტიორი კომპანია დავაარსეთ და გერმანიაში და ევროპის მასშტაბით ჩვენივე ღვინის დისტრიბუტორები გავხდით. ეს ნიშნავს, რომ ლიცენზია გვაქვს ჩვენი პროდუქცია თავად შევიტანოთ ევროპაში, დავასაწყობოთ და დამატებითი რგოლების გარეშე მთელი ევროპის მასშტაბით თავად გავიტანოთ. გერმანიაში ღვინის საწყობი გვაქვს და უკვე სხვა და სხვა რესტორნებში გაყიდვა დავიწყეთ. შეკვეთებს ვიღებთ არა მხოლოდ გერმანიიდან, არამედ ჰოლანდიიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან და ა.შ. იმ ფაქტმა, რომ ჩვენს ღვინოს თავად ვარეალიზებთ, ჩვენ მიმართ სანდოობა გაიზარდა, რადგან მომხმარებლისთვის ყოველთვის უფრო კომფორტულია პროდუქტი მწარმოებლისგან შეიძინოს" - აცხადებს ანა მირიანაშვილი.

"ჩელთის მეღვინეობის’’ კომერციული დირექტორი ასევე აღნიშნავს, რომ ევროპაში კომპანიის დაარსება საკმაოდ ბევრ სირთულესთან და ძალისხმევასთანაა დაკავშირებული.

"ევროპაში კომპანიის დაარსება, განსაკუთრებით საქართველოს მოქალაქეებისთვის, ძალიან რთულია, ბევრი ბიუროკრატიული პროცესია, ბევრი შემოწმება უნდა გაიარო, მაგრამ, ძალიან ბევრი ვიშრომეთ და შედეგსაც მივაღწიეთ," - განაცხადა მირიანაშვილმა და დასძინა, რომ მათთვის პრიორიტეტი საკუთარი ვენახებიდან საინტერესო პროდუქციის შექმნა და იმ ქვეყნებში გატანაა, სადაც ქართულ ღვინოს ჯერ კიდევ არ იცნობენ.

ცნობისთვის: "ჩელთის მეღვინეობა’’ წლიურად 15 სახეობის ნახევარ მილიონ ბოთლ ღვინოს აწარმოებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები