გერმანიაში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპის შემცირების ტენდენცია ფიქსირდება, კერძოდ, დეკემბერში წლიური ინფლაციის დონე 10.0%-დან 8.6%-მდე შემცირდა, რაც ვარდნის მკვეთრი მაჩვენებელია და მნიშვნელოვნად აჭარბებს ანალიტიკოსების პროგნოზს.
სტატისტიკის ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, 2022-ში საშუალო წლიურმა ინფლაციამ გერმანიაში 7.9% შეადგინა, რაც თანამედროვე გერმანიის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. შედარებისთვის, 2021 წლის საშუალო ინფლაციური მაჩვენებელი 3.1% იყო.
2022 წლის რეკორდული ინფლაცია ნოემბრის თვეში დაფიქსირდა, მაშინ სამომხმარებლო ფასების ზრდის დონემ 10.4%-ს მიაღწია, რაც ევროპის მასშტაბით ენერგორესურსებისა და სურსათის მკვეთრი გაძვირებით იყო განპირობებული.
საერთო ჯამში, ერთწლიან ჭრილში გერმანიაში ენერგორესურსები 24.4%-ითაა გაძვირებული, საკვები პროდუქტების ღირებულება კი საშუალოდ 20.7%-ით გაიზარდა.
დეკემბრის თვეში ინფლაციის მოსალოდნელზე მეტად შემცირება მსოფლიოს მასშტაბით ნავთობისა და გაზის გაიაფებითაა განპირობებული, გერმანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ბუნებრივი აირის ღირებულებაა, რომელიც ერთთვიან ჭრილში თითქმის 50%-ითაა შემცირებული.