გერმანიაში სასტუმროს ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, შემთხვევა გერმანიის დასავლეთით მდებარე, ღვინის წარმოებით ცნობილ მოზელის რეგიონში, ერთ-ერთ სოფელში მოხდა.
ჩამონგრევის დროს, შენობაში 14 ადამიანი იმყოფებოდა. რამდენიმე მათგანმა გამოსვლა თავად შეძლო. მოგვიანებით მაშველებმა ოთხი ადამიანის ამოყვანა მოახერხეს, მათ შორისაა 2 წლის ბავშვი და მისი მშობლებიც. როგორც ცნობილია, ამ დრომდე ნანგრევებში სამი ადამიანია მოყოლილი. თუმცა პოლიცია მათთან კონტაქტზეა.
ადგილზე დაახლოებით 250 მეხანძრე, პოლიციელი, ექიმი და მაშველი იმყოფება. სამაშველო ოპერაციაში ჩართული ჰყავთ კინოლოგები და დრონები.
გარდა ამისა, მეზობელი საცხოვრებელი სახლებიდან დაახლოებით 30 მცხოვრების ევაკუაცია მოხდა, ვინაიდან ნგრევის საფრთხე შეიქმნა.
სასტუმროს ჩამონგრევის მიზეზი ჯერ უცნობია, თუმცა შენობა ძველი და ისტორიულია. როგორც ცნობილია, შენობის დაბალი სართულები მე-17 საუკუნეშია აგებული, შემდეგი სართულები კი 1980-იან წლებში დაამატეს.