მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიის შემდეგ, სასაზღვრო კონტროლს ნიდერლანდებიც ამკაცრებს

ჰოლანდია

ნიდერლანდების მთავრობის ინფორმაციით, მომდევნო თვიდან ქვეყანა სახმელეთო საზღვარზე მგზავრების დამატებით კონტროლს გაატარებს - ნიდერლანდების გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა გერმანიაში, სექტემბრის თვიდან დაწესებული გამკაცრებული კონტროლი, რაც არარეგულარულ მიგრაციასთან საბრძოლველად დაწესდა.

როგორც ჰოლანდიის მიგრაციის მინისტრი, მარჟოლენ ფაბერი აცხადებს, ინიციატივამ უკვე მიიღო მთავრობისგან დასტური და მზად არის, დეკემბრიდან ამოქმედდეს.

"დროა, არალეგალური მიგრაცია ძალიან კონკრეტული გზით დავძლიოთ. სწორედ ამიტომ, დეკემბრის დასაწყისიდან საზღვარზე სასაზღვრო კონტროლის რეიმპლემენტირებას დავიწყებთ", - განაცხადა მინისტრმა.

Euronews-ის ცნობით, ნიდერლანდების ინიციატივა ძალაში 9 დეკემბრიდან შედის, რაც თანხვედრაშია ევროკავშირის პოლიტიკასთან, გადაადგილების თავისუფლების ნებისმიერი ფორმით შეზღუდვის შესახებ ბრიუსელს წინასწარ, 4 კვირით ადრე ეცნობოს.

აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდებში გასული წლის არჩევნებში ყველაზე მეტი საპარლამენტო მანდატი მიგრანტების მოწინააღმდეგე პარტიამ მიიღო, რომლის წარმომადგენელიც არის მარჟოლენ ფაბერი. პარტიის დამფუძნებელი, გეერტ ვაილდერსი სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებას ათწლეულზე მეტ ხანს ითხოვდა.

მიგრაციის მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რა ტიპის კონტროლი დაწესდება ნიდერლანდების საზღვარზე. ცნობილია, რომ ინიციატივის იმპლემენტაციისთვის ეროვნული ბიუჯეტიდან დამატებითი თანხები არ გამოყოფილა.

ნიდერლანდებში მეზობელი გერმანიიდან და ბელგიიდან წლიურად საზღვრის კვეთის ასობით შემთხვევა ფიქსირდება. ამჟამად პოლიცია საზღვარზე შემოწმებებს შემთხვევითობის პრინციპით ატარებს.

ნიდერლანდები, ისევე როგორც გერმანია, შენგენის ზონაში შემავალი სახელმწიფოებია, რაც მათ, ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან და რამდენიმე ევროპულ სახელმწიფოსთან ერთად, საზღვრებისგან თავისუფალ სამოგზაურო ზონაში აქცევთ. მიუხედავად ამისა, EU-ს პოლიტიკის თანახმად, წევრ ქვეყნებს ბლოკის მასშტაბით არსებულ შიდა საზღვრებზე ინდივიდუალური კონტროლის მექანიზმების დაწესების უფლება მაინც აქვთ იმ შემთხვევაში, თუ საქმე რეალურ საფრთხესთან, მაგალითად, ეროვნულ უსაფრთხოებასთან გვაქვს. ამასთან, გამკაცრებული კონტროლი ავტორი ქვეყნისათვის უკიდურესი ბერკეტი უნდა იყოს, რომელიც მხოლოდ შეზღუდული დროით იმოქმედებს.

გერმანია სახმელეთო საზღვრის კონტროლს ამკაცრებს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები