მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიისა და ლატვიის შემდეგ Logistics Solutions-ი ყაზახეთსა და უზბეკეთში შესვლას გეგმავს

62e408b3d77ce
ვიქტორია მღებრიშვილი
29.07.22 22:30
1335
საექსპედიტორო-ლოგისტიკური კომპანია Logistics Solutions-ი მიმდინარე წელს შვილობილ კომპანიებს 4 ახალ ქვეყანაში აფუძნებს.

როგორც გადამზიდავი კომპანიის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ირაკლი ცანკაშვილი BM.GE-სთან განმარტავს, კომპანია ამ ბაზრებზე წლებია ოპერირებს, თუმცა დიდი დატვირთვისა და ადგილობრივი კლიენტებისთვის უფრო მაღალი დონის სერვისის მიწოდების მიზნით, აღნიშნულ ქვეყნებში საკუთარი ფილიალების საჭიროების გამო გადაწყდა.

„დღეისთვის Logistics Solutions-ი საკუთარი შვილობილებით მსოფლიოს 7 ქვეყანაშია წარმოდგენილი, ესენია საქართველო (სათაო ოფისი), აზერბაიჯანი, უკრაინა, იტალია, გერმანია, ლატვია და ჩინეთი. აქედან გერმანიასა და ლატვიაში როგორც ადგილობრივი კომპანია სულ ახლახანს შევედით, თუმცა პარტნიორები მანამდეც გვყავდა. ლატვიიდან ვფარავთ ლიეტუვას და ესტონეთს.

მიმდინარე წელს კომპანიების გახსნას კიდევ 2 ქვეყანაში - ყაზახეთსა და უზბეკეთში ვგეგმავთ. ამ ბაზრებზე დღეისთვის ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, განსაკუთრებით უზბეკეთში. ამ მიმართულებით რეგულარულ თუ ერთჯერად გადაზიდვებს, ასევე საპროექტო ლოგისტიკას დღემდეც ვახორციელებდით, თუმცა მოცულობების გაზრდასთან ერთად დადგა დრო, რომ ჩვენი შიდა რესურსით გავაგრძელოთ მუშაობა და საკუთარი კომპანიების გახსნა გადავწყვიტეთ“, - ამბობს ირაკლი ცანკაშვილი.

ქვეყნის საზღვრებს გარეთ პოზიციების გამყარება კომპანიის ბრუნვას მინიმუმ 30%-ით გაზრდის. კომპანიის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ამ ნაბიჯით Logistics Solutions-ის ბრუნვა 15-20 მლნ დოლარს გადააჭარბებს. კითხვაზე - რა მოცულობის ინვესტიცია იდება კომპანიის განვითარების მიზნით, ირაკლი ცანკაშვილი ამბობს, რომ მთავარი ის რეპუტაციაა, რომელიც კომპანიამ წლების განმავლობაში საერთაშორისო კომპანიების ავტორიზებული ვენდორობით მოიპოვა.

„ჩვენი სერვისის განხორციელებისას ყველაზე რთული კლიენტებში ნდობის მოპოვებაა, რადგან კომპანიას საკმაოდ ძლიერი გამოცდილება და მსხვილ საერთაშორისო დამკვეთებთან თანამშრომლობის პრაქტიკა გვაქვს - ახალი ბაზრების ათვისებისას ეს ყველაზე დიდ ინვესტიციას წარმოადგენს. სწორედ ამის საფუძველზე ჩვენ კომპანიების ნდობა გვაქვს. როდესაც ჩვენ საერთაშორისო კორპორაციასთან ჩვენი მომსახურების შეთავაზებით მივდივართ, საკმაოდ რთულ პრეკვალიფიკაციის პროცედურას გავდივართ. მაგალითისთვის მსოფლიოში უდიდესი იტალიური EPC (Engineering Procurement Construction) კომპანია Maire Tecnimont-ის ვენდორთა სიაში მოსახვედრად, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მსხვილ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს აშენებს, კვალიფიკაციის პროცედურა ერთი წელი გრძელდებოდა და კომპანიის სრული სკრინინგი მოხდა ფინანსური მაჩვენებლებით დაწყებული, ისტორიით, გამოცდილებით, რეფერენსებით დასრულებული. როდესაც ახალ ბაზარზე მსგავსი მასშტაბის ახალ დამკვეთთან მიდიხარ და მასთან მუშაობა გსურს, ისინი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ვისი ვენდორი ხარ და როდესაც ჩვენი კლიენტების სიას ხედავენ, სულ სხვანაირად გვიყურებენ. ეს არის ყველაზე დიდი ინვესტიცია და ტიტანური შრომა, რაც ამ რეპუტაციის მოპოვებაში ჩაიდო. ფინანსურად ფულის ჩადება მარტივია, თუმცა თუ არ გაქვს გამოცდილება, რეპუტაცია და ადამიანური კაპიტალი, ახალი ბაზრების ათვისება რთულია“, - განმარტა ირაკლი ცანკაშვილმა.

უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია Logistics Solutions-მა საქართველოში ოპერირება 2011 წლიდან დაიწყო, აზერბაიჯანსა და უკრაინაში კი შვილობილი კომპანიები 2019 წელს დააფუძნა. კომპანია ისეთი ავტორიზებული კომპანიების ვენდორია როგორიც Siemens-ი, General Electric-ი, Vestas-ი და სხვაა.

სტანდარტული სამანქანო, საზღვაო, საკონტეინერო, სარკინიგზო თუ საჰაერო გადაზიდვების გარდა, კომპანია საპროექტო ლოგისტიკას ახორციელებს, რაც არაგაბარიტული და მძიმეწონიანი ტვირთების გადაზიდვას და მსხვილი პროექტების ლოგისტიკური ჯაჭვის მართვას მოიცავს. არაგაბარიტული და მძიმეწონიანი ტვირთების გადაზიდვისთვის Logistics Solutions-ს შვილობილი კომპანია LS Heavylift მართავს, რომელსაც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი, თანამედროვე და ტექნოლოგიურად მოწინავე ტექნიკური ბაზა გააჩნია. მისი ჩართულობით საქართველოში არსებული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები - მათ შორის გორის ქარის ელექტროსადგურის პროექტი და კობი-ქვეშეთის 9კმ-იანი გვირაბისთვის მსოფლიოში ყველაზი დიდი გვირაბგამყვანი დანადგარის (TBM) ტრანსპორტირება განხორციელდა.

Logistics Solutions-ი ჯამში 100-მდე სამუშაო ადგილს ქმნის. საქართველოში კი 50 ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები