მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გერმანულ მხარესთან მიღწეული შეთანხმებით ბათუმში წყლის პროექტის მეხუთე ფაზის განხორციელება იწყება

6239f6eed4a7c
BM.GE
22.03.22 20:45
781
გერმანიის მხარდაჭერით ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის, პროფესიული განათლებისა და მდგრადი ურბანული განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გერმანია წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ დონორს საქართველოში. 

"საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის/KFW-ს, ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში განხორციელებული პროექტებიდან აღსანიშნავია ბათუმის წყლის თანამედროვე სისტემის განვითარების ინფრასტრუქტურული პროექტი.

მიმდინარე წლის 21 მარტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა გერმანიის საელჩოსა და KFW-ს წარმომადგენლებს. შეხვედრაზე გერმანული მხარის ჩართულობითა და დაფინანსებით მიმდინარე და სამომავლო პროექტების შესახებ იმსჯელეს. კერძოდ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარაში ბათუმის წყლის სისტემის განვითარების პროექტის მეხუთე ფაზის განხორციელების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. შეხვედრაზე გერმანულ მხარესთან შეთანხმებით განისაზღვრა შემდგომი ნაბიჯები, რაც მეხუთე ფაზის პროექტის 78.8 მლნ ევროთი დაფინანსებას ითვალისწინებს (მათ შორის გერმანიის მთავრობის/KfW დაფინანსება 53 მლნ ევრო). საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, ბათუმის წყლის სისტემის განვითარების ინფრასტრუქტურული პროექტის 4 ფაზა უკვე დასრულებულია.

პროექტის მეხუთე ფაზის ფარგლებში ადლიის, აეროპორტის, კახაბრის, ჩაქვის, ინდუსტრიული ზონის, ხელვაჩაურის, მეჯინისწყლის ტერიტორიაზე წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე სისტემა მოეწყობა. პროექტი ითვალისწინებს წყლის თანამედროვე სისტემების მოწყობას ბათუმის მთელ ტერიტორიაზე, ქალაქის სანიაღვრე სისტემების გამტარუნარიანობის გაუმჯობესებას, გარემოს დაბინძურებისა და მასზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ გერმანიის საელჩოს სამხრეთ კავკასიის განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელი ლიდია კრიტსმანი, KFW-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი ბირგიტ ჰოლდერიდი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე", - წერია ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები