მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ღარიბაშვილის დროინდელი 80 000-მდე განკარგულება ისევ გაუმჭვირვალეა-რას ამბობენ კობახიძის მთავრობაში?

ირაკლი კობახიძე

ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში გამოცემული მთავრობის 80 000-მდე განკარგულება ისევ გაუმჭვირვალეა.

უკვე ერთი წელი ხდება, რაც ირაკლი კობახიძე პრემიერის პოსტზე მუშაობს, მაგრამ მისი დაპირების მიუხედავად, ჯერჯერობით, მთავრობის ადმინისტრაციას 2021-2023 წლებში გამოცემული განკარგულებების გამოქვეყნება არ დაუწყია.

მთავრობის განკარგულებები - ამ ბმულზე 2021-2023 წლებში გამოცემული განკარგულებები არ იძებნება

„მიმდინარეობს მუშაობა“ - უთხრეს BMG-ის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.

აღსანიშნავია, რომ ამას ამბობდა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსიც 2024 წლის გაზაფხულზეც. „გამოუქვეყნებელი განკარგულებების რაოდენობა 80 000-მდეა და მათზე „მუშაობა მიდის“ - აცხადებდა ლევან ჟორჟოლიანი.

შეგახსენებთ, მთავრობის განკარგულებები 2021-2023 წლებში საერთოდ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გახდა, ახალი განკარგულებების გასაჯაროება დაიწყო.

კერძოდ, 3-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს მთავრობამ პირველი განკარგულება 2024 წლის თებერვალში გამოაქვეყნა. მაშინ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში BMG-ის უთხრეს, რომ მიმდინარეობდა მუშაობა წინა წლების განკარგულებების გამოქვეყნებაზეც.

"ასეთი პრაქტიკა დამხვდა მთავრობაში, მეც დიდი დრო არ დამიხარჯავს მის შეცვლაზე" - ასე გაიმართლა თავი რამდენჯერმე თავად ირაკლი ღარიბაშვილმა, როდესაც მედიამ ჰკითხა, რატომ არღვევდა კანონს და რატომ იყო გაუმჭვირვალე მთავრობის განკარგულებები.

ცნობისთვის: მთავრობის განკარგულებები ძირითადად სხვადასხვა საკითხს, მათ შორის პრივატიზაციებს, მიწის სიმბოლურ ფასად გადაცემებს, საპრივატიზაციო ვალდებულებებში ცვლილებების შეტანას, სასესხო ხელშეკრულებებს და მათ მოდიფიკაციებს, ასევე სხვა მრავალ თემას შეეხება.

განკარგულებების გამოქვეყნება უხერხულობას ჩვენც გვიქმნის, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს სუფთად ვაკეთებთ - ირაკლი კობახიძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები