ღია ბანკინგის სისტემა მომხმარებლებისთვის ფინანსურ სერვისებს გააიაფებს - ამის შესახებ ფინტექ კომპანია Keepz-ში აცხადებენ, რომელმაც ეროვნული ბანკისგან შესაბამისი ლიცენზია მიიღო.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, ღია ბანკინგი უზრუნველყოფს, რომ გადახდები დამატებითი შუამავლების გარეშე შესრულდეს, რაც საბოლოოდ პროცესს გააიაფებს.
როგორც კომპანიის კომერციულმა დირექტორმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, მოლოდინია, რომ ღია ბანკინგის სისტემის ძირითადი მომხმარებლები ის მცირე მეწარმეები და მოვაჭრეები იქნებიან, რომლებიც ამჟამად ციფრული გადახდის სერვისებით არ სარგებლობენ.
“ჩვენი ნიშა ის მომხმარებელია, რომელიც ამჟამად საბანკო ციფრულ გადახდებს არ იყენებს. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მცირე მოვაჭრეები არ სარგებლობენ ციფრული გადახდებით, ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯებია. ღია ბანკინგი კი იძლევა საშუალებას, რომ გადახდები შუამავლების გარეშე შესრულდეს, რაც მომხმარებლისთვის ამ სერვისს გააიაფებს და მას მეტად საინტერესოს გახდის. მიზანი გვაქვს, რომ ასეთი მცირე მერჩანტები ჩავრთოთ ციფრულ გადახდებში. ციფრული ბანკის ლიცენზია მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენს მომხმარებლებს გადახდების მარტივად, QR კოდების საშუალებით დაინიცირების მომსახურება შევთავაზოთ“, - განაცხადა ბექა გელენავამ.
ცნობისთვის, ფინტექ კომპანია Keepz პირველი არასაბანკო ორგანიზაციაა, რომელზეც ეროვნულმა ბანკმა ღია ბანკინგის ლიცენზია გასცა.
ღია ბანკინგის სისტემა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციას შორის, მომხმარებლის თანხმობით ფინანსურ ინსტიტუტებში არსებული ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცვლას გულისხმობს. საქართველოში ღია ბანკი 2021 წლიდანაა ხელმისაწვდომი და მასში თავდაპირველად მხოლოდ კომერციული ბანკები იყვნენ ჩართულები.