ღია ბანკინგის მიმართულებით საქართველოში კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ ერთპარტიულ პარლამენტში 27 მარტს განაცხადა და საკითხზე მუშაობის პირობა დადო. გალდავას თქმით, ღია ბანკინგის სისტემა დეცენტრალიზებულად გაკეთდა, რაც იმის მიზეზი ჰგონია, რომ ის სრულყოფილად არ მუშაობს.
ღია ბანკინგი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციას შორის, მომხმარებლის ინიციატივით, ფინანსურ ინსტიტუტებში არსებული ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცვლას გულისხმობს. საქართველოში ღია ბანკინგის დანერგვასთან დაკავშირებით მუშაობა 2019 წელს დაიწყო. თავდაპირველად სისტემაში კომერციული ბანკები ჩაერთნენ, არასაბანკო ინსტიტუტებზე კი შესაბამის ნებართვას ეროვნული ბანკი გასცემს. ამ დროისთვის, ეროვნული ბანკის მხრიდან სულ 4 ლიცენზიაა გაცემული.
პირველი არასაბანკო კომპანია, რომელზეც ეროვნულმა ბანკმა ღია ბანკინგის ლიცენზია გასცა Keepz-ია (შპს "ქიფზ.მი"). კომპანიამ ლიცენზია გასული წლის 12 ივლისს მიიღო. აღსანიშნავია, რომ კომპანიის დამფუძნებელი "ქართული ოცნების" დეპუტატი ვაკო თურნავაა. სწორედ მან დაუსვა სებ-ის წარმომადგენელს კომიტეტზე კითხვა ღია ბანკინგზე და განაცხადა, რომ "VISA-ს და Mastercard-ს ასობით მილიონი ლარი საკომისიო აქვთ ქვეყნიდან გატანილი". საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, კომპანიის 64%-ს შპს ქიფზ ინთერნეშენალი, 36%-ს კი სს კრედო ბანკი ფლობს. დირექტორი გიორგი მარიამიძეა.
მეორე ლიცენზია გასული წლის 21 ნოემბერს შპს „მანი მუვერსზე" გაიცა. სამეწარმეო ამონაწერის თანახმად, კომპანიის დირექტორი კახაბერ საკანელაშვილია, 100%-იანი წილის მფლობელი კი შპს მმ ინვესტი.
სებ-ის ღია ბანკინგის რეესტრის თანახმად, წელს ორი ლიცენზია გაიცა, მათ შორის 28 თებერვალს შპს "თიფეიზე". კომპანიის დირექტორი გიორგი ქუთათელაძეა. 100%-იანი წილის მფლობელი კი TBC International Holdings Limited /დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო/.
ბოლო ლიცენზია კი 21 მარტს ვალუტის გადამცვლელ პუნქტზე შპს „ვერტოზე" გაიცა. მისი დირექტორი სერგო ლეჟავაა, რომელიც ასევე 40%-ს ფლობს, 20-20% კი განაწილებულია დავით მჭედლიძეზე, ლევან კუკავასა და თამაზ ზედგინიძეზე.