საქართველოს ეროვნული ბანკი ბოლო პერიოდში ინფლაციური რისკების ზრდაზე მიუთითებს, რაც შიდა და გარე გამოწვევების ფონზე მომატებულ გაურკვევლობას უკავშირდება.
სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ლარის კურსის გაუფასურების ფონზე, იმპორტირებული ინფლაციიდან მომდინარე წნეხი საყურადღებოა.
"ბოლო პერიოდში, შიდა და გარე გამოწვევების ფონზე გაურკვევლობამ მოიმატა, რაც ინფლაციურ რისკებს ზრდის. ამ ფონზე, გაცვლითი კურსის მაღალი მერყეობა იმპორტირებული ინფლაციიდან მომდინარე ინფლაციურ წნეხს საყურადღებოს ხდის. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ნავთობზე საერთაშორისო ფასები შემცირდა, თუმცა სურსათის ფასების საერთაშორისო ინდექსი ბოლო ორი თვეა იზრდება. ასევე საყურადღებოა, რომ ბოლო თვეებში ინფლაციური მოლოდინები მომატებულია. შიდა ეკონომიკური აქტივობაც მოსალოდნელზე ძლიერია, რასაც გაზრდილი საკრედიტო აქტივობა ასტიმულირებს",- აღნიშნავენ სებ-ში.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე დატოვა და აცხადებს, რომ თუ თუ დამატებითი რისკები არ რეალიზდება, ფრთხილი ბიჯებით, პოლიტიკის განაკვეთის მის ნეიტრალურ დონემდე შემცირებას დაუბრუნდება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა, მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება ან მონეტარული პოლიტიკის დამატებით გამკაცრება გახდეს საჭირო.