საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინტექ სექტორის განვითარების ეროვნული სტრატეგია გამოაქვეყნა, სადაც ქვეყნის ფინტექ სექტორის განვითარების მიღწევებსა და გამოწვევებზე არის საუბარი. სტრატეგიაში მიმოხილულია ღია ბანკინგის დანერგვის მიმართულებით ქვეყანაში არსებული ვითარება, რომლის თანახმადაც არასაბანკო სექტორის ჩართულობა ღია ბანკინგის შესაძლებლობების ათვისების მხრივ ჯერ კიდევ შეზღუდულია.
ეროვნული ბანკის თანახმად, ღია ბანკინგის დანერგვის ბიზნეს მოდელი არასაბანკო სექტორისთვის ჯერ კიდევ მკაფიოდ არ არის განსაზღვრული და ამ მხრივ ბუნდოვანება ნარჩუნდება.
ღია ბანკინგი მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლის საბანკო მონაცემებზე წვდომა მიიღონ სხვა ბანკებმა და ფინტექ კომპანიებმა, რომლებსაც მომხმარებლისთვის სხვადასხვა სერვისის გაწევის შესაძლებლობა, თუმცა როგორც სებ-ის მიერ მომზადებულ ფინტექ სტრატეგიაში არის აღნიშნული, არასაბანკო სექტორისთვის ღია ბანკინგში ჩართვის კომერციული მოდელი მკაფიოდ განსაზღვრული არაა.
"ეროვნულმა ბანკმა ღია ბანკინგის ჩარჩო შეიმუშავა, თუმცა მასში არასაბანკო სუბიექტების მონაწილეობა კვლავ შეზღუდულია. არასაბანკო/ფინტექ კომპანიები უჭირთ დამაჯერებელი ბიზნეს მოდელის იდენტიფიცირება ღია ბანკინგში ჩართვისთვის. API სტანდარტიზაციას ბერლინის ჯგუფის სტანდარტის (NextGenPSD2) მეშვეობით ამჟამად საქართველოს საბანკო ასოციაცია უძღვება: ეს კრიტიკული ნაბიჯია ღია ბანკინგის დანერგვისათვის, რაც დაინტერესებული მხარეების აქტიურ მონაწილეობასა და ეფექტურ ზედამხედველობას მოითხოვს. ჩარჩოს არაფინანსურ სუბიექტებზე გავრცელება შესაძლებელია (მაგ., მობილური ქსელის ოპერატორები, კომუნალური მომსახურების მიმწოდებლები), მაგრამ კომერციული მოდელი არ არის მკაფიოდ განსაზღვრული. ასევე ბუნდოვანია, როგორ მოხდება მონაცემთა მართვის ჩარჩოსა (DGA-ის ხელმძღვანელობით) და ეროვნული ბანკის ღია ბანკინგის ჩარჩოს ინტერაქცია და რამდენად შეეხება აღნიშნული პროცესი სამთავრობო უწყებების გარდა სხვა სუბიექტებსაც,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ სტრატეგიის დოკუმენტში.
ღია ბანკინგზე მუშაობა ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საბანკო ასოციაციასთან ერთად 2019 წლის ზაფხულში დაიწყო. ღია ბანკინგის სამუშაო ჯგუფი შედგება საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს საბანკო ასოციაციისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებისგან. მოგვიანებით, საბანკო ასოციაციის ფარგლებში ასევე შეიქმნა ღია ბანკინგის კომიტეტი, რომლის მიზანია საქართველოში ღია ბანკინგის დანერგვისთვის საჭირო სტანდარტების შემუშავება და პროექტის შემდგომი განვითარების ხელშეწყობა.