მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ღია საკითხები, რაც IMF-თან არსებობდა, ვთვლით, რომ ამოწურულია - ნათია თურნავა

ნათია თურნავა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას განცხადებით, ღია საკითხები, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) ურთიერთობაში არსებობდა უკვე ამოწურულია - ამის შესახებ ნათია თურნავამ პარლამენტში 2024 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციისას დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

თურნავას თქმით, აღნიშნულის შესახებ ისინი თვის ბოლოს საქართველოში ფონდის მისიის ვიზიტის დროს ისაუბრებენ. ანალოგიური პოზიცია აქვს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძესაც, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ასევე განაცხადა რომ მთავრობის შეფასებით ფონდთან პრობლემური საკითხები ამოწურულია.

„მისიის ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ვისაუბროთ შემდგომ თანამშრომლობაზე. მიგვაჩნია, რომ პროგრამის მიხედვით, თუ კი რაიმე საშუალოვადიანი მიზნობრივი მაჩვენებელი არსებობდა, იქნება ეს ფისკალური სექტორი თუ მონეტარული სექტორი, ყველაფერი გადაჭარბებით არის შესრულებული. სხვა ღია საკითხები, რაც არსებობდა, ვთვლით, რომ ამოწურულია და არაფერი უშლის ხელს ჩვენ შემდგომ თანამშრომლობაზე საუბარს. ამასთან დაკავშირებით გვექნება შეხვედრები და განხილვები,“- განაცხადა ნათია თურნავამ.

ანალოგიური პოზიცია აქვს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძესაც, რომელმაც რამდენიმე დღის BMG-სთან განაცხადა რომ მთავრობის შეფასებით ფონდთან პრობლემური საკითხები ამოწურულია.

"ჩვენ IMF-თან კონსულტაციების დროს ვერ დავადგინეთ ჯერჯერობით რომელია ის პრობლემა რის გამოც გაჩერებულია პროგრამა.

სებ-თან დაკავშირებით რაც იყო დროებითი ნორმა, ის დღეს უკვე აღარ მოქმედებს და სებ-თან დაკავშირებით მთავარი პრობლემა იყო, რომ აღმასრულებელი მოადგილე, ანუ აღმასრულებელი ნაწილი ეროვნული საბჭოს წევრებისა უფრო მეტი იყო, ვიდრე არააღმასრულებელი. ეს დღეს, დღეის მდგომარეობით ეს პრობლემაც მოგვარებულია,"- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

რატომ შეჩერდა სავალუტო ფონდის პროგრამა - მიზეზების ქრონოლოგია:

IMF-ის $280–მილიონიანი პროგრამის შეჩერების შესახებ 2023 წლის სექტემბერში გახდა ცნობილი. ფონდის პროგრამის მიმდინარეობა ეკონომიკურ რეფორმებზე და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე იყო მიბმული, რაც საქართველოს 36 თვის ვადაში უნდა განეხორციელებინა. პროგრამის პირველი ორი მიმოხილვა წარმატებით დამტკიცდა, თუმცა 2023 წლის თებერვალში პარლამენტში ინიციირებული ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტი პროგრამას გარკვეული რისკის ქვეშ აყენებდა. კანონპროექტი 9 წევრისგან შემდგარ ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებდა, რასთან დაკავშირებითაც თავად ეროვნული ბანკი იმ პერიოდისთვის და ასევე IMF კრიტიკული პოზიციას აფიქსირებდნენ. კანონპროექტს 23 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო. იმ დროს პარლამენტმა ვეტოს დაძლევისგან თავი შეიკავა.

ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანა პრობლემური იყო იმის გამო, რომ IMF-თან არსებული მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ნაკისრი ვალდებულება არ განახორციელოს პროგრამასთან დაკავშირებულ საკვანძო საკითხებთან მიმართებით საკანონმდებლო ცვლილებები IMF-თან კონსულტაციების გარეშე, ხოლო ეროვნული ბანკის მენეჯმენტის შესახებ კანონმდებლობაში ჩანაწერი სწორედ ასე – IMF-ის მოსმენის გარეშე შეიცვალა.

2023 წლის მაისში ჯერ კიდევ არსებობდა მოლოდინი, რომ პარლამენტი ვეტო დადებულ კანონს აღარ მიუბრუნდებოდა, შედეგად, პროგრამის მეორე მიმოხილვა დასამტკიცებლად IMF-ის დირექტორთა საბჭოზე წარდგებოდა. თუმცა, 2023 წლის 13 ივნისს, პარლამენტმა ვეტო დაძლია, 22 ივნისს კი ნათია თურნავა ახალი კანონის შესაბამისად სებ-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტად და შესაბამისად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად აირჩიეს. IMF-ის შეშფოთება გააღრმავა 2023 წლის სექტემბერში, მაშინ ჯერ კიდევ სებ–ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების შესახებ საგამონაკლისო წესის მიღებამაც.

კიდევ ერთი საკითხი სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებული რეფორმა იყო. ფონდი მიიჩნევდა, რომ კანონპროექტში ასახული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო საწარმოთა რეფორმირების ის მოდელი, რომელსაც ფონდის ჩართულობით 2022 წლის ბოლოს მომზადებული სტრატეგია ითვალისწინებდა – ფონდისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო 3 საკითხი. ფონდი ცენტრალურ მნიშვნელობას ანიჭებდა სახელმწიფო საწარმოების თანამფლობელის სტატუსის ფინანსთა სამინისტროსთვის გადაცემას და ამ უწყების მიერ სახელმწიფო ფისკალური რისკების მუდმივ მონიტორინგს. მეორე და მესამე საკითხი სახელმწიფო საწარმოების კერძო სექტორთან კონკურენციას ეხებოდა. ფონდს მიაჩნდა, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფო საწარმოების ფუნქციები უნდა შეზღუდულიყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები