ბოლო წლებში, საქართველოში გაჩნდა ნარატივი, რომ პროგრამისტობის სწავლა მარტივია, ხოლო ადამიანს, რომელიც ამ საქმეს კარგად დაეუფლება სარფიანად დასაქმების შესაძლებლობა აქვს.
გარკვეული პერიოდი, ამ მოსაზრებას კვალიფიციური თანამშრომლების დეფიციტი ამყარებდა, რომელიც გლობალურ IT-ინდუსტრიაში შეინიშნება, მაგრამ დაახლოებით ერთი წლის წინ, ტექნოლოგიურმა გიგანტებმა პანდემიისას აყვანილი თანამშრომლების მასობრივი დათხოვნა დაიწყეს, ანუ ბაზარზე, გარკვეულწილად, კვალიფიციური კადრების პროფიციტი გაჩნდა.
ამ ყველაფრის ფონზე, კვლავ აქტუალურ კითხვად რჩება - ღირს თუ არა პროგრამირების სწავლის დაწყება 2023 წელს? ამ კითხვას, TECH INFORM-ში საქართველოში რეგისტრირებული ამერიკული IT-კომპანიის, Lineate-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა, თორნიკე სულაბერიძემ უპასუხა, რომლის თქმით, პროგრამირება - მომავლის პროფესიაა, რომლის სწავლა ღირს.
“მოვუწოდებ ადამიანებს, რომლებიც უნივერსიტეტში აბარებენ, ამ მიმართულებით ჩააბარონ. თუმცა ეს საკითხი ორ ნაწილად უნდა გავყოთ. პირველი ისაა, რომ, როცა სწავლას იწყებ, შესაბამისი მოლოდინები უნდა გქონდეს, ანუ არ უნდა გქონდეს მოლოდინი იმისა, რომ, სამთვიან კურსს გაივლი და მილიონერი გახდები - ეს ასე არ არის.
პროგრამირების სწავლა მარტივი არ არის, ეს საკმაოდ რთული და გრძელი გზაა. იმისთვის, რომ პროგრამული უზრუნველყოფის კარგ სპეციალისტად ჩამოყალიბდე, ამ საქმეს დიდი დრო უნდა დაუთმო. ამ სფეროში ყველაფერი ისეა, როგორც სხვა სფეროებში - კარგი ექიმიც, რომ გახდე საფეხურების გავლა გჭირდება. მაღალი დონის პროგრამისტი რომ გახდე, შესაბამისი გამოცდილება გჭირდება, ანუ მაღალანაზღაურებადი სამსახურის საპოვნელად პორტფელი უნდა დააგროვო, რომლის გარეშე, ეს წარმოუდგენელია.
სწავლას რაც შეეხება, თუ გვსურს, რომ ეს სექტორი გაიზარდოს, მაშინ ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანების რაოდენობაც უნდა გაიზარდოს. იმედი მაქვს, ბაზარზე ჩვენნაირი კომპანიების შემოსვლით, ადგილობრივ მოსახლეობაში მოთხოვნა გაიზრდება და კომპიუტერულ მეცნიერებებას უფრო და უფრო მეტი ადამიანი ისწავლის”, - განაცხადა თორნიკე სულაბერიძემ TECH INFORM-ში.
BMG-ის ტექნოლოგიურ გადაცემაში Lineate-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა კომპანიის შიდა გადამზადების პროგრამაზეც ისაუბრა. Lineate Dev School - ასე ჰქვია ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის პროგრამას, რომელიც საგანმანათლებლო და პრაქტიკულ კომპონენტებს შეიცავს და ადამიანებს Lineate-ში დასაქმების საშუალებას აძლევს.
“ახალ ქვეყანაში რომ შევდივართ, კონპიუტერული მეცნიერების სტუდენტებზე ორიენტირებულ შიდა გადამზადების პროგრამას - Lineate Dev School-ს ვიწყებთ. ამ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ადამიანს გარკვეული ძირითადი ცოდნა უნდა ჰქონდეს, ანუ ნოლიდან არ ვიწყებთ. ამ გზით, ჯუნიორ დეველოპერებს ვეძებთ, რადგან მათ გარედან არ ვასაქმებთ. პირველი ნაწილი - განათლების კომპონენტია, რომლის შემდეგ ანაზღაურებადი სტაჟირება მოდის, რომლის შემდეგ ადამიანს Lineate-ში ვასაქმებთ. ამჟამად, კომპანიაში 6 სტუდენტი გვყავს, რომლებიც სტაჟირებას ამთავრებენ და მომავალი წლიდან, ჩვენი კომპანიის სრულყოფილი წევრები გახდებიან.
ჩვენი კურსის განათლების კომპონენტი - სამთვიანია, რასაც სამთვიანი სტაჟირება და მენტორობა ემატება. სტაჟირებას რომ ვამბობ, ტრადიციული გაგებით სტაჟირებას არ ვგულისხმობ, რადგან ამ დროს, ადამიანები რეალურ კლიენტებთან რეალურ პროექტებზე მუშაობენ და გუნდის წევრები არიან, უბრალოდ სტაჟიორები ჰქვიათ”, - აღნიშნა Lineate-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა, თორნიკე სულაბერიძემ TECH INFORM-ში.