მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღვარცოფდამცველებმა მთავარი როლი შეასრულეს, რომ ქალაქს ძირითადი ნაკადი აცილებოდა - პაპუაშვილი თელავის სტიქიაზე

შალვა პაპუაშვული

თელავში, სტიქიის ეპიცენტრში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩავიდა. მისი განცხადებით, ამ დროისთვის ძირითადი სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, პარალელურად კი მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღრიცხვა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო შესაბამის ზომებს მიიღებს დაზარალებულთა დასახმარებლად.

„ბოლოში არის გასული ძირითადი სამუშაოები. მოჰყვება, რა თქმა უნდა, გაწმენდა ყველა იმ შენობისა, რომელიც დაზიანდა, ზიანიც იქნება აღნუსხული და სახელმწიფო შესაბამის ზომებს მიიღებს.

მე მოვიკითხე და 4 წლის წინ არის გაწმენდილი ღვარცოფდამცველები, ეს ნაგებობები. სწორედ ამ ნაგებობებმა შეასრულა მთავარი როლი, რომ თელავისთვის აეცილებინა მთავარი ნაკადი ღვარცოფისა, მათ შორის, ხეების, მორების შეჩერება მნიშვნელოვანია. ასე რომ, ეს ნაგებობები გაწმენდილი იყო რამდენიმე წლის წინ. ყველაფერი იყო მწყობრში და მწყობრში რომ იყო, სწორედ ამიტომაც შეძლო შეკავება მან ძირითადი მასის, თუმცა თვითონ ეს სტიქია იმხელა იყო, რამდენიმე საათში თელავის თვის ნორმის 85% ნალექი ჩამოვიდა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მედიის კითხვაზე, იყო თუ არა ქალაქში გარკვეული შენობები უნებართვოდ აშენებული, პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით ეს საკითხიც შეისწავლება. მისი თქმით, უნდა დადგინდეს, რა კავშირი აქვს ასეთ მშენებლობებს სტიქიის შედეგებთან.

„ვერ გეტყვით, რომელ შენობაზე რა ნებართვა იყო გაცემული, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ყველა ამ საკითხს შეისწავლიან, თუმცა ამას უშუალო კავშირი თვითონ სტიქიასთან არ აქვს, თავად ეს შენობები დაზიანდა თუკი რაიმე იყო უკანონო. პირველ რიგში, დასადგენია თუკი რაიმე იყო უკანონო მშენებლობა, მეორე, ამ უკანონო მშენებლობის მიმართ რაიმე ტოლერანტობა თუ იყო და დაშვებული იყო, მესამეა, რა კავშირი აქვს ამას თვითონ სტიქიასთან და სტიქიის შედეგებთან. ყველა ეს საკითხი იქნება შესწავლილი და პასუხი გაცემული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რამდენიმე კომერციულ ობიექტზე მშენებლობის ნებართვები არასწორად იყო გაცემული , რამაც პრობლემა გაამწვავა.

2026 წლის 12 ივლისს, გამთენიისას თელავში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე თელავის ხევმა კალაპოტი გაარღვია და ღვარცოფულმა ნაკადმა ქალაქის რამდენიმე ქუჩა დატბორა. სტიქიამ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მეტეოროლოგიური სადგურების მიხედვით, ნალექების რაოდენობამ თელავის სადგურზე 57.3 მმ შეადგინა, რაც თელავისთვის თვის ნორმის 85%-ს შეადგენს, ხოლო იყალთოს სადგურზე - 40.1 მმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები