მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავალი $140 მლნ-მდე გაიზარდა, მხოლოდ მაისში გაყიდვები შემცირდა - რატომ?

ქართული ღვინო

ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმსხვილესი საექსპორტო საქონლის - ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტი პირველი ხუთი თვის განმავლობაში გაიზარდა, თუმცა მხოლოდ მაისში საქართველოს ღვინის რეალიზებით შემოსავალი შეუმცირდა.

ღვინო ადგილობრივად ნაწარმი პროდუქტია, რომელიც 5 თვის მონაცემებით, უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ჩამონათვალში 6.2%-იანი წილით რეექსპორტირებული ავტომობილების შემდეგ, მეორე ადგილს იკავებს. ადგილობრივ ექსპორტში კი 13.6%-იანი წილით რეიტინგის სათავეშია.

საქსტატის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2024 წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოდან მსოფლიოში 140 მლნ დოლარის ღირებულების 49 474 ტონა ღვინო გაიყიდა, რაც გასული წლის ექსპორტი ღირებულებას 35.9%-ით, ხოლო მოცულობას 38.9%-ით აღემატება.

საგარეო ვაჭრობის პორტალზე გამოქვეყნებული მონაცემები ღვინის ექსპორტის თვიურ მაჩვენებლებზე დაკვირვების საშუალებასაც გვაძლევს. რიცხვები ცხადყოფს, რომ 2024 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში საქართველოდან ღვინის ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზე იყო და ყოველთვიურად, ანუ იანვარში, თებერვალში, მარტსა და აპრილში იზრდებოდა. მაისში კი წლიურად ღვინის ექსპორტი შემცირდა.

5-თვიან პერიოდში ყურძნის ნატურალური ღვინოების რეალიზების გაზრდილი მაჩვენებელი პირველი 4 თვის რეკორდული რიცხვებით არის განპირობებული. იანვარ-აპრილში ქართული ღვინის გაყიდვების ზრდა, ძირითადად მთავარ საექსპორტო ქვეყანაში - რუსეთში გადაზიდვების ზრდით არის განპირობებული. იანვარ-აპრილში ღვინის ექსპორტის რეკორდული ზრდა რუსეთში პირველი მაისიდან ალკოჰოლურ სასმელებზე და მათ შორის ღვინოზე აქციზის 3-ჯერ გაზრდამ განაპირობა. ღვინის ადგილობრივი მწარმოებლები, რომლებსაც ჩრდილოეთით მოსაზღვრე ქვეყანაში ღვინო გააქვთ განმარტავდნენ, რომ აქციზის გაზრდა მათ ტრანსპორტირებას გაუძვირებდა, ამიტომ მეწარმეები წლიური საექსპორტო საქონლის დიდ ნაწილს სწორედ აქციზის გაძვირებამდე გაიტანდნენ. შეიძლება ითქვას, რომ მოლოდინი გამართლდა.

მაისში საქართველომ 14 მილიონ 127 ათასი დოლარის ღირებულების 4 334 ტონა ღვინო გაყიდა. ექსპორტით მიღებული შემოსავალი წლიურად 43.2%-ით დაეცა, მოცულობა კი 50.5%.

უნდა აღინიშნოს, რომ 5 თვეში ექსპორტირებული ღვინის 74.3% რუსეთზე მოდიოდა. იანვარ-მაისში ჯამურად რუსეთში გადაზიდული ღვინის ღირებულება 51.2%-ით გაიზარდა. მხოლოდ მაისში კი საქონლის მთლიან ექსპორტში რუსეთის ღვინის გადაზიდვების მაჩვენებელი 35.3% იყო. შესაბამისად, მაისში რუსეთში 4 მლნ 990 ათასი დოლარის ღირებულების 1 616 ტონა ღვინო გავყიდეთ, რაც ღირებულებაში 70%-ით, ხოლო მოცულობაში 73%-ით ნაკლებია.

2024 წელს ყოველთვიურად რუსეთში ღვინის ექსპორტი მაჩვენებელი ასეთია:

იანვარი - $13.3 მლნ, 5 066 ტონა;

თებერვალი - $22 მლნ, 8 139 ტონა;

მარტი - $29 მლნ, 10 884 ტონა;

აპრილი - $34.5 მლნ, 12 954 ტონა;

მაისი - $4.9 მლნ, 1 616 ტონა.

რაც შეეხება ღვინის საექსპორტო ბაზრების ჩამონათვალს, რუსეთში მაისში შემცირებული რეალიზების მაჩვენებელი ქვეყნების რეიტინგზე ვერ აისახებოდა, შესაბამისად 5 თვის განმავლობაში TOP-10 საექსპორტო ბაზარი ასე გამოიყურებოდა:

  1. რუსეთი - $104.5 მლნ, 38 661 ტონა;
  2. პოლონეთი - $6.4 მლნ, 2 608 ტონა;
  3. უკრაინა - $4.9 მლნ, 1 778 ტონა;
  4. ყაზახეთი - $3.9 მლნ, 1 232 ტონა;
  5. ბელარუსი - $3 მლნ, 1 073 ტონა
  6. აშშ - $2.9 მლნ, 486 ტონა;
  7. ჩინეთი - $2.9 მლნ, 824 ტონა;
  8. გერმანია - $2.5 მლნ, 573 ტონა;
  9. ლატვია - $1.7 მლნ, 457 ტონა;
  10. ლიეტუვა - $878 ათასი, 141 ტონა.

ღვინის უმსხვილეს საექსპორტო ბაზრებზე იანვარ-მაისში, გაყიდვები ჩინეთში, ყაზახეთსა და ბელარუსში შემცირდა, რუსეთში, პოლონეთში, აშშ-ში, გერმანიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში კი გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები